დაიწყება თუ არა ბროწეულას ქუჩის მაცხოვრებელთა ევაკუაცია – ნახეთ გეოლოგების დასკვნა
ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის გზაზე არსებულ მეწყერულ პროცესებზე დასკვნა ცნობილია. სპეციალისტების რეკომენდაციით, “აუცილებელია გავრცელების სავარაუდო არეალიდან დროებით მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა”. – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში ასევე წერია, რომ მცირეა შანსი დაძრული მასა გელოვანის გამზირამდე ჩავიდეს.
“გაზრდილია მოცულობა დაძრული ნაწილის. აქამდე თუ საუბარი იყო 500 000 კუბურ მეტრამდე, ახლა მოცულობა 800 000-მდე გაიზარდა. აღმოჩნდა, რომ სხვა უბნებიც მოძრაობაში და დინამიკაშია. დაზუსტებულად საუბარია მოწყვეტის ზედაპირზე, ანუ მეწყრის სიღრმეზე, რომელიც 16-18 მეტრის სიღრმეზე მერყეობს.
ეს სიახლეა, იმიტომ, რომ აქამდე გვეგონა 10-12 მეტრი. ბროწეულის ქუჩის მოსახლეობაზე, მივედით იმ დასკვნამდე, რომ რადგან დაზუსტებით ვერ ვამბობთ, ნამდვილად შეეხება თუ არა საფრთხე ამ მოსახლეობას, ამიტომ ვფიქრობთ მათ დროებით გაყვანას ტერიტორიიდან,”- ამბობს დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი.
“ნაპრალის მარჯვენა და მარცხენა ბლოკი დინამიკაშია. პირველადი შედეგებით, ფარდობითი გადაადგილება მეწყრის მარჯვენა ბლოკის არის კვირაში 2-23 სანტიმეტრი, რაც გაცილებით სწრაფია, ვიდრე მეორე ბლოკი, თუმცა ისიც დინამიკაში,”- განმარტავს გეოლოგი გიორგი ახალაია.
კომენტარი