სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსული კანონის ავტორებს და ამ პროცესში მონაწილე პირებს სავიზო შეზღუდვების ახალ პოლიტიკას უანონსებს. ამის შესახებ ის პლატფორმა X-ზე წერს.

ბლინკენი წერს, რომ შეზღუდვები შეეხება ყველას, ვინც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზეა პასუხისმგებელი.

ვაცხადებ ახალი სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე, მათ შორის „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული „უცხოეთის გავლენის“ კანონმდებლობასთან დაკავშირებით", - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ყოფილ "ტვიტერზე".

საქართველოსთვის ვიზების შეზღუდვის ახალ პოლიტიკასთან დაკავშირეით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებასაც ავრცელებს.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ შეიმუშავა და მიიღო კანონი “უცხოური გავლენის შესახებ”, რომელიც ახშობს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზებას, სტიგმას ადებს ორგანიზაციებს, რომლებიც ქართულ საზოგადოებას ემსახურებიან, და ხელს უშლის დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, რომლებიც ქართველი ხალხის მაღალი ხარისხით ინფორმაციით უზრუნველყოფაზე მუშაობენ. რადგანაც ქართველმა ხალხმა უკმაყოფილება გამოთქვა კანონთან დაკავშირებით, ჩვენ დავინახეთ დაშინების კამპანიის აშკარა ნიშნები და ძალადობის გამოყენება მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად. როგორც “ეროვნული უსაფრთხოების კანონი”, ასევე რეპრესიული ტაქტიკა, რომელიც ლეგიტიმური განსხვავებული აზრის ჩასახშობად გამოიყენება, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლებზეც უფლება აქვს ქართველს ხალხს, და ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს – კონსტიტუციაში ასახულს – ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას.

ამ ქმედებების საპასუხოდ სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის ვიზების შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გამოიყენება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრების მიმართ. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ჩახშობაზე არიან პასუხისმგებელნი.

საქართველოს დემოკრატიისადმი აშშ-ის მხარდაჭერა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის ურყევი და ფუნდამენტურია. ნებისმიერს, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუციებს – მათ შორის საქართველოს 2024 წლის არჩევნებამდე, არჩევნების დროს ან მის შემდეგ პერიოდში – ამ პოლიტიკის მიხედვით, შესაძლოა, შეეზღუდოს აშშ-ის ვიზის მიღების უფლება და შეეზღუდოს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობა. ეს შეზღუდვები, შესაძლოა, ასეთი ადამიანების უახლოეს ოჯახის წევრებზეც გავრცელდეს.

ასევე დღეს ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და გადადგამენ ნაბიჯებს ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადახედვის პროცესში, საკუთარ ქმედებების შესახებ გადაწყვეტილებებს საქართველოს ქმედებების გათვალისწინებით მივიღებთ.

სავიზო შეზღუდვის ეს პოლიტიკა ემორჩილება იმიგრაციისა და ეროვნული აქტის 212 (a)(3)(C) პუნქტს და საშუალებას აძლევს სახელმწიფო დეპარტამენტს განახორციელოს სავიზო შეზღუდვები ფიზიკური პირების მიმართ, იქნებიან ისინი ამჟამინდელი თუ ყოფილი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორები, რომლებც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, მათ შორის, ძალადობის, ძალის ან იძულების გამოყენებით, რათა ხელი შეეშალოს სამოქალაქო ან პოლიტიკური უფლებების განხორციელებას, ისევე, როგორც მსგავსი პირების ოჯახების წევრების მიმართ.” – წერია ბლინკენის განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100