სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პეტრე მამრაძე და მისი ურალელი კომენტატორი

საიტი „svobodanews.ru“ მკითხველებს სთავაზობს რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტის, ანდრეი შარი-ს ინტერვიუს თბილისის მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორ, ყოფილ პარლამენტარ პეტრე მამარაძესთან, სათაურით: „ახალი ხელისუფლება ჩიხში არ აღმოჩნდება“. ინტერვიუში პეტრე მამარაძე გამოთქვამს შემდეგ მოსაზრებებს:

„საქართველოს ცნობილი ადამიანები ყოველდღიურად მოგვითხრობენ, თუ როგორი მუქარებით და შანტაჟით მოქმედებდნენ პრეზიდენტის თანამშრომლები, როგორ ართმევდნენ მათ ბიზნესს...

ქვეყანაში რომ არსებულიყო სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია, მაშინ სააკაშვილის ბიჭები, რომელთაც ჩვენმა დასავლეთელმა მეგობრებმა დიდი ხანია შეარქვეს „მავნე საბავშვო ბაღი“, ვერ ჩაიდენდნენ თავიანთ საქმეებს...

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებს ესმოდათ, რომ მათი დამარცხების შემთხვევაში სააკაშვილის მხრიდან მოხდებოდა მკაცრი ანგარიშსწორება და არავინ ფიქრობდა იმაზე, თუ ვინ რისი მინისტრი გახდებოდა, რომელ პორტფელს მოირგებდა პარლამენტში ან სამინისტროში...

მე პირადად მრავალი წელია ვიცნობ ივანიშვილს და შემიძლია ვთქვა - ის პოლიტიკურსა და სახელმწიფო მოღვაწეობას ყოველთვის უყურებდა სკეპტიკურად...“

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ უყურებს იმ საკითხს, რომ : „ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იგი წელიწადნახევრის შემდეგ მოიხსნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას და დაბრუნდება „სამოქალაქო სექტორში“, მამრაძე პასუხობს: „ეს შესანიშნავია! ივანიშვილი - ცნობილი მეცენატია, რომელმაც სამი მილიარდი დაახარჯა საქართველოს; მას მიაჩნია, რომ ყველაზე მთავარია, რაც შეიძლება მალე განავითაროს და გააძლიეროს აქტიური სამოქალაქო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება“.

აქვე შეგვეძლო ამ ინტერვიუს დაიჯესტისთვის წერტილი დაგვესვა, რომ არა წერილთან დაკავშირებული „ფორუმის“ მონაწილის მეტად საყურადღები კომენტარი, რომლის ავტორიც გახლავთ დიმიტრი ხობოტოვი ეკატერინბურგიდან. ქვემოთ გთავაზობთ კომენტარის სრულ თარგმანს:

„საინტერესო ინტერვიუა, რომელიც რაღაც ნალექის მაგვარს ტოვებს. თუკი სააკაშვილის მოხელეები ასე ურცხვად იტაცებდნენ სხვის ბიზნესს, რატომ აქამდე არაფერი თქმულა ამის შესახებ? რუსეთში, მაგალითად ყოველ ფეხის ნაბიჯზე ისმის მსგავსი ამბები - ხან ჩიჩვარკინი გარბის, ხან - გუსინსკი... ხოდორკოვსკისა და მაგნიტსკის საქმეები ხომ საარაკოდ იქცა. თან ხოდორკოვსკი უვადოდ არის ჩაყუდებული, მაგნიტსკი უკვე აღარ არის ცოცხალი. საქართველოზე კი ახლა სურთ თვალები აგვიხილონ.

გასარკვევია კიდევ რიგი მომენტები. თუ სააკაშვილი ასეთი სატრაპია, როგორ მოაგებინა ივანიშვილს არჩევნები? რაღაც არ ებმება ერთმანეთს - ბაკიევმა არ მოაგებინა, პუტინმა არ მოაგებინა. უცნაურია...

თეზისების ნახევარი გაურკვევლობას იწვევს. მაგალითად, ინტერვიუერი ამტკიცებს, რომ ივანიშვილი სკეპტიკურად უყურებს პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწეობას. მაშ რაღად მიძვრება ის პოლიტიკაში? თანაც, უბრალოდ კი არ მიძვრება, ტკბება ბენეფიციანტობით.

არ გვტოვებს ივანიშვილის ლოკალურობის და მცირევადიანობის განცდაც. შეიძლება არც იყოს ასე, მაგრამ ინტერვიუ ამის განცდის საფუძველს იძლევა. აქაც გაუგებრობაა: თუ სააკაშვილი ცუდი პოლიტიკოსია - ის ამით ცხოვრობს. ჰოდა იცხოვროს მაშინ. რა გასართობი უპოვია მასთან შერკინებით ივანიშვილს სახელმწიფო ხელისუფლებისადმი სკეპტიციზმის შემთხვევაში?

ეს იმას ჰგავს, მე რომ დავეჭიდო საავადმყოფოს ქირურგს მთავარი ექიმის პოსტისათვის, ხვალ კი მივატოვო პოსტი და წავიდე, იმიტომ, რომ ეს საქმე არ მაინტერესებს და სამედიცინო განათლებაც არ გამაჩნია. ყველა ხალხი შეიძლება შეცდეს - მით უფრო პოპულისტური იდეების მოიმედე!“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100