ლუდის მწარმოებლები მთავრობას აქციზის გაზრდის გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებენ
ლუდის ადგილობრივი მსხვილი მწარმოებელი კომპანიები „ნატახტარი“, „ზედაზენი“ და „კასტელი“ მოუწოდებენ მთავრობას და ფინანსთა სამინისტროს შეცვალოს გადაწყვეტილება ლუდის აქციზის 50 პროცენტით გაზრდასთან დაკავშირებით, რომელიც ძალაში 2015 წლის 1 მარტს შევიდა. ლუდის ბაზრის ლიდერი ბიზნესორგანიზაციები ერთხმად აცხადებენ, რომ წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით წელს, მარტი-აპრილის პერიოდში, გაყიდვების მაჩვენებელი 40-ზე მეტი პროცენტით შემცირდა, რაც კომპანიების საქმიანობასა და მთლიანად ლუდის ინდუსტრიაზე ნეგატიურად აისახა. კომპანიების აზრით, ისეთი მზარდი და წარმატებული სექტორისთვის, როგორიც ლუდის წარმოებაა, სადაც ბაზრის 97 პროცენტს ადგილობრივი ბიზნესი იკავებდა ასეთი რეგულაციის შემოტანა როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიანი პერსპექტივით საზიანოა და ეს ზიანი სხვა დარგებზეც სავალალოდ აისახება.
კომპანიები „ნატახტარი“, „ზედაზენი“ და „კასტელი“ მოითხოვენ მთავრობის, პარლამენტის და უშუალოდ ფინანსთა სამინისტროსგან, რომ დროულად დაიწყოს ხელისუფლების მოლაპარაკებები ინდუსტრიის წარმომადგენლებთან რეგულაციის გაუქმებისა და ლუდის ბაზრის განვითარების მექანიზმების შემუშავებისთვის. კომპანიები მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკების და კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთონ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მედია და ექსპერტებიც, რათა ყველა აქტივობა გამჭვირვალედ წარიმართოს და მოხდეს საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფების გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უზრუნველყოფა.
შეგახსენებთ, რომ ლუდის მსხვილმა მწარმოებელმა კომპანიებმა გასული წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში განახორციელეს ინტენსიური საკომუნიკაციო კამპანია „არ გამიძვირო ლუდი!“, რომლის მიზანი იყო აქციზის გადასახადის ზრდის გადავადება ან გაუქმება. კამპანიის განმავლობაში ჩატარდა კვლევა, გაიმართა შეხვედრები დაინტერსებულ მხარეებთან, შეიქმნა ელექტრონული და საინფორმაციო მასალები, რომლებიც გავრცელდა ტრადიციული მედიისა და ინტერნეტის საშუალებით. თუმცა, მთავრობამ არ შეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება და არ წავიდა კომპრომისზე ადგილობრივ ბიზნესთან.
კომენტარი