სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოფიციალური თბილისი: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრალდება აბსურდულია

საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოტა უტიაშვილი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებისა და მოსკოვის ბრალდებებს , პროვოკაციის მზადებასთან დაკავშირებით, აბსურდულს უწოდებს. ამის შესახებ უტიაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" სატელეფონო საუბარში განაცხადა.
"ცხინვალის რეჟიმსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს და მათ მიერ გაკეთებული განცხადებების მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება გვაქვს. შეუძლებელია, ასეთი განცხადებები სერიოზულად აღვიქვათ. ეს სრულიად უსაფუძვლო, აბსურდული ბრალდებაა", - განაცახდა შოთა უტიაშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება 26 აგვისტოს, რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების დღეს ახალგორის მიმართულებით "მშვიდობის მარშს" და ამ გზით პროვოკაციას გეგმავს.
კერძოდ, მოსკოვის მტკიცებით, მარში სოფელ ოძისიდან დაიწყება, ახალგორისკენ მიმავალ გზაზე ე.წ. სასაზღვრო პოსტის მიმართულებით გადაადგილდება; მარშში 3 ათასი დევნილი, ასევე, ახმეტის რაიონში მცხოვრები ჩეჩნები მიიღებენ მონაწილეობას.
"ამ აქციის სცენარი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, დევნილების დაბრუნების მოთხოვნის ლოზუნგით მასობრივ უკანონო შეღწევას ითვალისწინებს", - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და აღნიშნავს, რომ მარშში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეებს იბირებს, აშინებს და მათზე ზეწოლას ახდენს.
ამავე უწყების შეფასებით, თბილისის მიერ მომზადებული "პროვოვკაცია" უკიდურესად სახიფათოა. მოსკოვი აფრთხილებს ქართულ მხარეს, არ განახორციელოს რეგიონში "ახალი ავანტურა".
ანალოგიურ ბრალდებას ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ივლისის ბოლოდან პერიოდულად ავრცელებს. რუსული საინფორმაციო საშუალებების ნაწილი მიუთითებს, რომ საქართველოში მყოფმა ევროკავშირის დამკვირვებლებმა ვერ აღმოაჩინეს ნიშნები, რომელთა მიხედვითაც დაასკვნიდნენ, რომ თბილისი მარშისთვის ემზადება..

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100