"ღმერთი თუ გაგვწირავს - ბიძინა გვიშველის" - ახალი ლექსი ივანიშვილზე
რომელიმე გამომცემლობამ რომ მოიფიქროს, კაი ფულს იშოვის. დიდი ჯაფაც არ დაადგება: დაჯდება და სოციალურ ქსელებში ბიძინა ივანიშვილზე გავრცელებულ კლექსებსა და აჟიტირებულ კომენტარებს ამოკრებს. ლექსები და მიძღვნები არც მიხეილ სააკაშვილს აკლდა, მაგრამ მისი ხელისუფლებაში ყოფნის 9 წელი უკვე გადასწონა პოლიტიკაში ერთი წლის წინ გამოჩენილმა ბიძინა ივანიშვილმა:
„ბიძინამ დედა რომ შემაგინოს, მისაღებად ჩავთვლი“;
„თქვენ ღვთის რჩეული ხართ, პატრიარქთან ერთად საქართველოს დაადგით გვირგვინი სამების სახით“;
„მე არ ვქმნი კერპებს, მაგრამ...“;
„ბიძინა ჩვენთვის მართლაც ღმერთის საჩუქარია“;
„საქართველომ თურმე დიდხანს, ძლიერ დიდხანს იძინა...“ - ბოლო რითმას ალბათ, მიხვდებით, წაკითხული რომც არ გქონდეთ: „გადაგვარჩენს ბიძინა!“.
- არჩევანი მრავალფეროვანია. ერთადერთი, რაზე ზრუნვაც დასჭირდებათ, სათაურის შერჩევაა, თუმცა, ესეც არ იქნება გადაულახავი ბარიერი, თუ გავიხსენებთ, რომ მარგალიტები ფრიად არს...
თუ ვინმეს ჭკუაში დაუჯდება ეს აზრი, ჩვენი პორტალი ყოვლად უანგაროდ დაეხმარება - პირობას ვდებთ, რომ აქაც შემოვუნახავთ ისტორიას ბიძინაზე დაწეილ გულამოსკვნილ სტრიქონებს. კაცმა რომ თქვას, ასეთი სტრიქონების სიმრავლე არც უნდა იყოს გასაკვირი. ხომ თავად მილიარდერმა თქვა: „ხალხს ჩემს გვარზე აქვს სწორება“.
სწორება აქვს და, მერე როგორი!
დღეს სულ ცინცხალ ლექსს გთავაზობთ, რომელიც „ფეისბუქზე“ დილიდან ვრცელდება. მერე რა, რომ ამჯერად სახალისოდ დაწერილი ლექსია, სამაგიეროდ, პათოსი იგივეა, რაც მანამდე ბიძინასადმი მიძღვნილ ლექსებში :
ბატონ ბიძინას
ყველაზე ლამაზო, ყველაზე კეთილო,
დღეღამ ჩვენზე ლოცვით მუხლგადაყვლეფილო.
შენთვის დათესილის ჩვენთვის მომკას ლამობ,
სხვისგან გულნატკენებს გვპირდები მალამოს.
შენ ხომ ბიზნეს ალღო ღმერთმა დაგაბერტყა, მთის ნაკადულივით სუფთა გაქვს წარსული
ისეთი კეთილი ხარ, ორივეს დაუთმობ,
ვინმემ რომ მოგთხოვოს - ან ფული, ან სული.
ქვეყნის შვილებისთვის არაფერს იშურებთ,
სამშობლო გიწოდებთ ეტალონს სიქველის
იმედი გამოჩნდა ნათელი მომავლის
ღმერთი თუ გაგვწირავს - ბიძინა გვიშველის.
კომენტარი