ხაიშის სადავო მიწები - "თუკი ქონება რეგისტრირებული არ არის, ის სახელმწიფოსია"
უკვე რამდენიმე დღეა, ხაიშში, 30-მდე ადამიანი სატყეო დეპარტამენტის შენობასთანაა შეკრებილი და იქ მორიგეობაც კი დააწესეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხუდონჰესის ინვესტორ კომპანიას არ მისცემენ აზომვითი სამუშაოების ჩატარების უფლებას. ხაიშელები აცხადებენ, რომ ისინი "ხუდონჰესისი" მშენებლობის უფლებას არავის მისცემენ და კატეგორიულად მოითხოვენ ხელისუფლებისგან დათმობებზე წასვლას. გაისმა მუქარაც, იმ შემთხევაში, თუ ამზომველები იქ ჩასვლას გაბედავენ.
სახელმწიფოსა და ინვესტორ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, მიწები, რომლის აზომვასაც ხაიშელები აპროტესტებენ, ინვესტორის კუთვნილებაა, რომელიც მზად არის თავად გაიღოს აზომვითი სამუშაოებისა და დარეგისტრირების ხარჯები და ამის შემდეგ დაიწყოს მოლაპარაკებები ადგილობრივებთან. ასეთივე პოზიციას აფიქსირებს სახელმწიფოც.
რა უფლებები აქვს მოქალაქეს, თუკი მას არ აქვს მიწა კანონიერ საკუთრებაში და რა უფლებები აქვს ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს?
ამის შესახებ განმარტებებს იურისტი ლევან ალაფიშვილი აკეთებს.
"საკუთრება თავისი არსით, უძრავი ქონების საკუთრება, იქნება ეს ბინა თუ მიწა, სამოქალაქო ბრუნვაში ვერ ექცევა. შესაბამისად, მესაკუთრე საკუთრების უფლებას ვერ ახორციელებს, თუკი არ იქნა დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ანუ უფრო მარტივად რომ ავხსნათ, რას ნიშნავს სამოქალაქო ბრუნვაში ყოფნა ამ ქონებისა. ეს შეიძლება იყოს – დავუშვათ უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება, იპოთეკით დატვირთვა, გაქირავება, იჯარით გაცემა, გაყიდვაც კი. ეს ყველაფერი ამ ხალხს არ შეუძლია. მხედველობაში მყავს ის მოსახლეობა, რომელთაც დარეგისტრირებული, დაკანონებული არ აქვთ კუთვნილი ტერიტორიები, შესაბამისად შენობა-ნაგებობები და არ არიან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულები. ანუ, ამ ეტაპთან დაკავშირებული წინააღმდეგობა, ასე ვთქვათ, გაუგებრობას იწვევს ჩემში. რეალურად, ამით ეს მოქალაქეები ამბობენ უარს, იყვნენ მესაკუთრეები. თუკი ეს ქონება არ არის რეგისტრირებული როგორც კონკრეტული მოქალაქის ქონება, მაშინ ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლებელია ძალიან მარტივად დადგეს საკითხი, რომ ეს არის სახელმწიფო საკუთრება შესაბამისი თანამდევი შედეგებით.
-ანუ შესაძლებელია, კომპენსაციის გარეშეც ჩამოართვან ამ ადამიანებს მიწები?
- ისე არ აღმოჩნდეს, რომ როდესაც მათ სურვილი გაუჩნდებათ გამართონ მოლაპარაკება ინვესტორთან, ინვესტორმა უთხრას, რაზე მელაპარაკებით, როდესაც მესაკუთრე არ ხართო. აქვე მოკლე ისტორიას გაგახსენებთ, საქართველოს უახლოესი ისტორიიდან. ნავთობსადენის მშენებლობისას, გზის გაყვანის სამუშაოების დროს, ბათუმში იყო ანალოგიური შემთხვევა, როდესაც რეგისტრირებული არ ჰქონდათ ქონება და მაშინ მოსახლეობა ძალიან დაზარალდა. თუნდაც ბორჯომის რაიონის ტერიტორიაზე იკითხონ, იქაც მასობრივი ხასიათის გამოსვლები და მცდელობები იყო. იქაც ხალხმა იზარალა იმ მიზეზით, რომ დარეგისტრირებული არ ჰქონდათ საკუთრებაში მიწა და ამით ისარგებლა კონკრეტულმა კომპანიამ. ისტორიაც გვაქვს და საკანონმდებლო რეგულაციებიც და ჩემი რჩევა იქნება ამ ეტაპზე, აშენდება ხუდონჰესი თუ არ აშენდება, მიწა მფლობელებმა უნდა დაიკანონონ. რა საფრთხეები იქნება, ეს შემდგომი ეტაპია. რა თქმა უნდა, ეს უნდა გახდეს განსჯის საგანი, მაგრამ ამ ეტაპთან დაკავშირებული წინააღმდეგობები მოსახლეობისათვის იქნება საზიანო.
-როგორც ჩანს, მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ აზომვით სამუშაოებს აწარმოებდა, თვითონ ინვესტორი კომპანია. სახელმწიფომ რატომ არ დაურეგისტრირა?
- რეალურად ეს ხარჯები უნდა გაიღოს თვითონ ქონების მფლობელმა, მესაკუთრემ. ეს თანხა არ არის პატარა თანხა. ეს არის როგორც აზომვითი სამუშაოებისათვის საჭირო თანხა, ასევე სარეგისტრაციო თანხაც, რომელიც უნდა გადაიხადოს მოქალაქემ. ამ პროცედურების მოგვარებით სახელმწოფომ დაავალდებულა ინვესტორი. არ მახსოვს, მინისტრის რომელი მოადგილე იყო, რომელმაც განაცხადა, რომ ჩვენ ვთხოვეთ ინვესტორ კომპანიას მიწების რეგისტრაციაში მონაწილეობა მიეღოო. გარკვეულ პირობად დაუთქვა სახელმწიფომ ინვესტორს, ანუ სახელმწიფომ იზრუნა ამ მოქალაქეებზე და თუკი ამ მოქალაქეებს არ სურთ დათანხმდნენ კეთილ ნებას, თვითონ შეუძლიათ საკუთარი პრობლემა მოაგვარონ, მაგრამ ამ შემთხვევაში ხარჯები თავად უნდა გაიღონ.
-ბატონო ლევან, თქვენ ზოგადად რას ფიქრობთ ხუდონჰესის პროექტზე?
- ძალიან პრაგმატულად უნდა შევხედოთ ყველაფერს და ეს არ შეეხება მხოლოდ ხუდონჰესს. ამას ჩვენი ხელისუფლებაც და საზოგადოებაც აცნობიერებს, რომ ქვეყნის მომავალი არის სწორედ წარმოებასა და ბიზნესის განვითარებაში. იგივე სოციალური პრობლემების მოგვარება, მთა დაიცალაო რომ ამბობენ. დღეს მინისტრმა განაცხადა, – 164 სოფელი დაიცალაო. ძირითადად აბსოლუტური დაცლა ჰქონდა მხედველობაში. თუ არ იქნა გენერირებული საჭირო ენერგია, რაც უზრუნველყოფს წარმოებას, განვითარება ამის გარეშე ვერ მოხდება. წარმოებებზე აღარაფერს ვამბობ, ამ შემთხვევაში ოჯახების პირობებზე ვამბობ. დღეს ამაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ ხვალ ჩემს შვილს, ან იგივე მაღალმთიან დასახლებაში, არ ექნება კომპიუტერის გამოყენების შესაძლებლობა, იმიტომ რომ დენი არ ექნება. წარმოება თუ გაიზარდა და შესაბამისად მოხმარებაც გაიზრდება, საიდან უნდა მოვძებნოთ ალტერნატიული წყარო? უნდა გამოვრთოთ სხვა მომხმარებელი, ხომ სწორია? სხვა მომხმარებელი კი მოსახლეობაა. მოსახლეობის კატეგორიზაცია თუ მოხდება, ამ შემთხვევაში, არ ვიცი მიმწოდებელი კომპანია რა პრიორიტეტებს დაისახავს, არ ვიცი, ბუნებრივია გამორთავს ნაკლებად გადახდისუნარიან მოსახლეობას, ანუ ვის? ისევ და ისევ არაურბანულ რეგიონებს, სადაც დღესაც არ არის ჯეროვანი განვითარება.
კომენტარი