სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქართული პარტიის“ სტრიპტიზი

ხვალ ამერიკის საელჩოსთან „ქართული პარტია“ პოლიტიკურ სტრიპტიზს მოაწყობს და საბოლოოდ გაშიშვლდება. თუ აქამდე ოქრუაშვილ-გრეჩიხა-კიწმარიშვილის გაერთიანება ღიად არ ახმოვანებდა პარტიის საგარეო კონტურებს, 16 მაისი ის „ბედნიერი“ გამონაკლისია, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს „ქართული პარტიის“ კურსს - „დედა რუსეთისკენ“.

სოზარ სუბარი, ეროსი კიწმარიშვილი, ლევან გაჩეჩილაძე და „ვირტუალური“ ირაკლი ოქრუაშვილი - ახალი პრორუსული პოლიტგაერთიანების ეს გახუნებული სახეები, ხვალ ამერიკის საელჩოსთან „თეთრი სახლის“ საქართველოს ხელისუფლებისადმი მხარდაჭერას გააპროტესტებენ.

„ქართული პარტიის“ რუსულ გრძნობებს უკვე გამოეხმაურნენ ისეთი „დამსახურებული“ პრორუსები, როგორებიც არიან: ირინა სარიშვილი, „დიდი“ და „მიუწვდომელი“ იგორ გიორგაძე, თენგიზ კიტოვანი და სხვები...

მართალია, ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, კრემლისა და რუსული სპეცსამსახურების პირისფარეში იგორ გიორგაძე, საპატიო მიზეზის გამო, „ქართული პარტიის“ ხვალინდელ პროტესტს ვერ შეუერთდება, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ კრემლისა და რუსეთის სიყვარულით სავსე მის გულს, ხვალ „ქართული პარტიის“ რუსული ლოზუნგებიც გაათბობს...

იგორ გიორგაძის მსგავსად, „ქართულ პარტიას“ თანაუგრძნობს „დიდი“ და „სახელოვანი“ „მხედართმთავარი“ თენგიზ კიტოვანი, რომლის წვლილიც, ჯერ კიდევ დაუფასებელ-შეუფასებელია ოთხმოცდაათიანი წლების სამოქალაქო სისხლისღვრისა და ძმათა ხოცვა-ჟლეტის საქმეში.

სავარაუდოდ, სწორედ ამ პერსონების, კრემლისა და „დედა რუსეთისაკენ“ ლტოლვა აფრთიანებთ „ქართული პარტიის“ ლიდერებს, რომლებიც ხვალ, ამერიკის საელჩოს წინ სრულიად საქართველოს (არა მარტო) წინაშე პოლიტიკურად გაშიშვლდებიან. მათი სტრიპტიზის ოფიციალური მიზეზი ოქრუაშვილმა პარიზიდან გვამცნო - „ამერიკა საქართველოში დემოკრატიას ასამარებს“, თუმცა, ოფიციალურთან ერთად სხვა მიზეზებიც არსებობს, რომლებიც „ქართულ პარტიას“ აუცილებლად მოუძებნის საპატიო ადგილს დიადი კომუნისტური პარტიის გვერდით...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100