სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩანთოსნების წინაპრები ბოლივიაში

ბოლივიაში მეცნიერებმა უძველესი ჩანთოსანი ცხოველების ძმათა სასაფლაო აღმოაჩინეს, რომელიც დაახლოებით 64 მილიონ წელს ითვლის. ჩონჩხების კვლევამ უჩვენა, რომ ცხოველები ერთად ცხოვრობდნენ და აქტიურად ურთიერთობდნენ ერთმანეთთან. თანამედროვე ჩანთოსნებისათვის კი, როგორც ცნობილია, მარტოხელა ცხოვრების წესია დამახასიათებელი.

მკვლევარებს ნაშრომი ამ თემაზე, უკვე გამოქვეყნდა სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებში და სამეცნიერო წრეებში დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. ავტორები ირწმუნებიან, რომ ცხოველები საკმაოდ დიდი პერიოდის მანძილზე ერთად, ჯგუფურად ბინადრობდნენ და ერთდროულადვე დაიღუპნენ. დაღუპვის ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, არ დაუდგენიათ. შესაძლოა, ჯგუფი რაიმე ინფექციის მსხვერპლი გახდა, რომელმაც მოზრდილი ცხოველებიც და პატარებიც ერთდროულად ამოწყვიტა.

არ არის გამორიცხული, რომ ჩანთოსნებს მარტოობის სიყვარული ევოლუციის პროცესში, მოგვიანო ხანაში განუვითარდათ. ამას გარდა, შესაძლოა, ნაპოვნი ცხოველები, რომელნიც, სავარაუდოდ, დღევანდელი ჩანთოსნების წინაპრებს წარმოადგენდნენ, იმ დროს ბინადარი სხვა მათი ტიპის ცხოველებისაგან განსხვავდებოდნენ კიდეც. დღეისათვის, პლანეტაზე ცხოველთა სამყაროს ძალიან ცოტა ისეთი წარმომადგენელია, რომელიც ნაშიერს ჩანთით ატარებს. ეს აღმოჩენა კი მეცნიერებს ახალი კვლევების ჩატარების და დასკვნების გაკეთების საშუალებას მისცემს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100