ქართველი და რუსი ექსპერტები: ცხინვალში ამაღამ სისხლისღვრას ვერავინ გამორიცხავს
კრემლმა ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ „საპრეზიდენტო“ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვეული პოზიცია დაიკავა: როცა ცხადი გახდა, რომ არა მის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, არამედ მისმა ოპონენტმა, თანაც, ქალმა გაიმარჯვა, მოსკოვის მითითებით, არამარტო „არჩევნების“ შედეგები გაუქმდა და ხელახალი დაინიშნა, არამედ ალა ჯიოევას მომავალ კენჭისყრაში მონაწილეობა აეკრძალა კიდეც.
ამ გაუგონარმა თავხედობამ თვით ყველაზე პრორუსულად განწყობილი ოსებიც კი განარისხა, მათში ეროვნული თავმოყვარეობა გააღვიძა და ქუჩაში გამოიყვანა: ქართველი და რუსი ექსპერტები, უცხოური მედიასაშუალებები, ერთხმად აღნიშნავენ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა აფეთქების ზღვარზეა.
კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მამუკა არეშიძის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ხალხის აღშფოთებას საზღვარი არ აქვს.
"25 მარტამდე არჩევნებამდე ისევ კოკოითი დარჩება ხელისუფლებაში. არ მგონია, რომ ასე მშვიდობიანად დამთავრდეს სიტუაცია. მიუხედავად იმისა, რომ სამხედროებს მიცემული აქვთ ბრძანება მზადყოფნის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ასე ვთქვათ მობილიზებულია ე.წ. ძალოვანი სტრუქტურები, ხალხის აღშფოთებას საზღვარი არ აქვს. არ ვიცი დღევანდელი ღამე როგორ ჩაივლის", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ ე. წ. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა არჩევნები. არჩევნები გააუქმა არა იმ მოტივით, რომ ჩაიშალა, არამედ იმიტომ, რომ ჯიოევას მომხრეებმა არაკანონიერად იმოქმედეს.
"დამატებითი არჩევნები იქნება მარტში. ჩვენ ამას ვვარაუდობდით, ოღონდ ვფიქრობდით უარეს ვარიანტს, რომ კოკოითი საერთოდ ჩაშლიდა არჩევნებს, რათა საშუალება ჰქონოდა, შემდგომში დაენიშნა ახალი არჩევნები და თავისი კანდიდატი გაეყვანა, რადგან ახლა ვინც მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, იმათ აღარ ექნებოდათ ამის უფლება", - აღნიშნა ექსპერტმა.
ამ დროს კი რუს ექსპერტებს მოვლენების სულ სხვა სცენარით განვითარება აშინებთ:
"არის რისკი იმისა, რომ სამხრეთ ოსეთში დაწყებული გამოსვლები ანტირუსულ ხასიათს მიიღებს, ეს კი ძალიან საშიშია", - აცხადებს ცხინვალის რეგიონში არსებული სიტუაციის კომენტირებისას დამოუკიდებელი პოლიტოლოგი ალექსეი ვორობიოვი. ინფორმაციას ამის შესახებ "კომერსანტი" ავრცელებს.
"სწორედ მოსკოვის მცდელობამ, თავს მოახვიოს ოს ხალხს თავისი კანდიდატი, სასწორი გადაწონა ალა ჯიოევას სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, ჯიოევა და მისი მომხრეები ამჟამად ელოდებიან ექსტრემალურ ღონისძიებებს იმისათვის, რომ მმართველმა პარტიამ აიძულოს სასამართლო, ხმის მიცემის შედეგებს გადახედოს. დარღვევები რომ ყოფილიყო, ეს ჯერ კიდევ არჩევნების პროცესში გახდებოდა ცნობილი", - აცხადებს ექსპერტი.
მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში არც ფერადი რევოლუციის მსგავსია გამორიცხული.
"არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ ამომრჩევლების დიდი ნაწილი საპროტესტო აქციებზე გამოვა, იმიტომ, რომ ეს პატარა რესპუბლიკაა და იქ ყველა ყველას იცნობს და სამხრეთ ოსეთის ელექტორატი არც ისე პასიურია, როგორც რუსეთში. ამავე დროს, არის რისკი, რომ ეს გამოსვლები ანტირუსულ ხასიათს მიიღებენ. არა იმიტომ, რომ სამხრეთ ოსეთში არ უყვართ რუსეთი, პირიქით, რუსეთისადმი ყველა დადებითადაა განწყობილი, მაგრამ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არა მხოლოდ მმართველი პარტია "ედინსტვოდან" აღიქმება ზეწოლად, არამედ რუსეთის მხრიდანაც. აი, ეს კი ძალიან საშიშია", - აცხადებს ვორობიოვი და აღნიშნავს, რომ მართალია ჯიოევას ოპოზიციურ კანდიდატს უწოდებენ, მაგრამ ისიც სრულიად ლოიალურია მოსკოვისადმი.
"იმიტომ, რომ სხვა მოკავშირე სამხრეთ ოსეთს სახელმწიფოებრივ დონეზე არ ჰყავს და იგი ახლაც ამ მხარდაჭერით არსებობს. თუკი სამხრეთ ოსეთს ეს მოაკლდება, კვლავ საქართველოს მიერ მისი შთანთქმა დაიწყება ამა თუ იმ ფორმით", - დასძენს ექსპერტი.
რაც შეეხება თვითონ ცხინვალში მყოფ ადამიანთა მოსაზრებებს, ედუარდ კოკოითის განცხადებამ იმასთან დაკავშირებით, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ სრულიად კანონიერი იყო, მხოლოდ დაძაბულობის ესკალაციას შეუწყო ხელი.
"საკუთარი ხალხისადმი კვალვინდებურად დაუნდობელი სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება რესპუბლიკის ისტორიაში ახალი სისხლიანი დრამის დაწყებას აპირებს", - აცხადებს ოპოზიციის "საპრეზიდენტო“ კანდიდატის ალა ჯიოევას შტაბის წარმომადგენელი ელინა მარზოევა რუსულ მედიასთან საუბარში.
მისი თქმით, ცხინვალის ქუჩები სავსეა შეიარაღებული სპეცდანიშნულების რაზმების წარმომადგენლებით, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთიდან არიან ჩამოყვანილი.
"მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს არათუ არ აღიარებს, მზადაა საკუთარი ნება ძალისმიერი და იძულების მეთოდით მოახვიოს ხალხს. მოსკოველი კორუფციონერების ბანდა, რომელიც ვლადიკავკაზში ზის, ცდილობს იქიდან მოახდინოს გავლენა სიტუაციაზე და მათ ეს, როგორც ჩანს, გამოსდით კიდეც ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლების დახმარებით.
ადამიანები პანიკაში არიან. ცხინვალის ქუჩები სავსეა სპეცდანიშნულების რაზმების შეიარაღებული წარმომადგენლებით. კიდევ რამდენიმე ავტობუსი, რომელიც სავსეა შეიარაღებული ხალხით, დასახლება ბურონშია დამალული, ალბათ მათ იმ შემთხვევაში გამოიყენებენ, თუკი ადამიანები ქუჩაში სტიქიურად დაიწყებენ გამოსვლას.
რის საფუძველზე იმყოფება აქ მეზობელი სახელმწიფოს შეიარაღებული ხალხი? ეს იგივეა, სამხრეთ ოსეთის ქუჩებში მყოფი ხალხის პროტესტის ჩახშობაში რუსული არმიის წარმომადგენლებმა მიიღონ მონაწილეობა. თუ რუსი ძალოვანების ბრალეულობით (და აქ უკვე მნიშვნელობა არ აქვს, რა ფორმა აცვიათ მათ), სამხრეთ ოსეთში სისხლი დაიღვრება, პასუხისმგებლობა დაეკისრება არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას, არამედ რუსეთის ხელისუფლებასაც", - განაცხადა მარზოევამ და აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა საკუთარი არჩევნის დაცვას აპირებს.
სტატიაში გამოყენებულია სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი"-სა და რუსული პრესის მასალები.
კომენტარი