"სოლიდარობის ფონდი" GEM fest-ზე გაყიდული ყოველი ბილეთიდან ერთ ლარს მიიღებს
ანაკლიაში დაფუძნებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი თავისი საქველმოქმედო მიზნებითაც გამოირჩევა. გარდა იმისა, რომ 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, ამ ჟანრის მოყვარულებს ზღვისპირეთში დასვენებისა და მსოფლიო დონის დიჯეების სეტებზე გართობის საშუალება მიეცემათ, მათ მიერ შეძენილი თითოეული ბილეთიდან ერთი ლარი "სოლიდარობის ფონდში" გადაირიცხება, იმ ახალგაზრდების დასახმარებლად, რომლებსაც ონკოლოგიური დაავადებები აქვთ.
ეს გადაწყვეტილება GEM fest-ის ორგანიზატორებმა მიიღეს და ოფიციალურად 30 ივნისს გაფორმდა, როდესაც შესაბამის მემორანდუმს ფესტივალის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ და ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიამ ჯაშმა მოაწერეს ხელი.
"სოლიდარობის ფონდში" დღემდე 3 მილიონ ლარზე მეტია მობილიზებული, მათი პროგრამით უკვე მკურნალობს 119 პაციენტი, აქედან 59 - საზღვარგარეთ. ფონდს უფრო მეტის გაკეთების სურვილი აქვს, კერძო დონაციების წყალობით თვეში გარკვეულ თანხას აგროვებენ, თუმცა თუკი ყოველთვიური თანხის 400 000 ლარამდე გაზრდას შეძლებენ, 22 წლამდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე მეტ პაციენტს ექნება კარგი მკურნალობის მიღების შესაძლებლობა.
როგოც გიორგი სიგუა აცხადებს, GEM fest პირველ რიგში, კარგი საქმეების გასაკეთებლად დაფუძნდა და ეს მათი პირველი ნაბიჯი იქნება. მომავალში კი "სოლიდარობის ფონდთთან" ყველა ღონისძიებისას ითანამშრომლებენ და ყველა გაყიდული ბილეთიდან ერთი ლარი მათ ანგარიშზე გადაირიცხება.
კომენტარი