სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პარაგვაის რესპუბლიკაში ქართული საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტის დეტალები

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით პარაგვაის რესპუბლიკაში იმყოფება.

ქართველმა დეპუტაციამ მაღალი დონის პირველი შეხვედრა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ, ელადიო ლოისაგასთან გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე, როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან ახალი კონტაქტების დამყარება და აშკარაა, რომ ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი პარაგვაის ქვეყანასთან მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავების როგორც საერთაშორისო პოლიტიკის, ისე ბიზნესის და კულტურის თვალსაზრისით. პარლამენტის თავმჯდომარემ პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას განუცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპას და ბევრი მიმართულებით უფრო საინტერესო ქვეყანა გახდა. რაც შეეხება საერთაშორისო ფორუმებში საქართველო-პარაგვაის ურთიერთობებს, აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პარაგვაისთვის რუსეთის ფედერაცია სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია მსოფლიოში, იგი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის სუვერენიტეტს და ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნას გამოთქვამს.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარების მიზნით, შეხვედრაზე ასევე დაისვა პარაგვაის რომელიმე ევროპული ქვეყნის საელჩოს მიერ საქართველოს გადაფარვის საკითხი, რაზეც საგარეო საქმეთა მინისტრმა მსჯელობის დაწყებაზე მზაობა გამოხატა. ელადიო ლოისაგამ მადლობა გადაუხადა ქართველ დეპუტაციას პარაგვაიში სტუმრობის გამო და აღნიშნა, რომ მიუხედავად 4 წლის წინ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები სწრაფად იზრდება და პარაგვაისთვის საინტერესო იქნება ქართველი ბიზნესმენების სტუმრობაც.

სამუშაო ვიზიტის პირველ დღესვე საპარლამენტო დელეგაცია პარაგვაის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100