გია უჩავას სასამართლო პროცესი ოქტომბრისთვის გადაიდო
გადამდგარი გენერლის გია უჩავას სასამართლო პროცესი ოქტომბრისთვის გადაიდო.
როგორც "პირWელს" უჩავას ოჯახის მიერ მოწვეულმა ადვოკატმა კახა მუმლაძემ განუცხადა, პროცესის გადადების მიზეზი ჯერ პროკურორ პროკოფი ჭანკვეტაძის, შემდეგ კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლელა შკურელიძის შვებულებაში გასვლა გახდა.
რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, ადვოკატის თქმით, დაცვის მხარემ აღნიშნულის შესახებ მოთხოვნა ორჯერ გააგზავნა, მაგრამ პასუხი უწყებიდან ამ დრომდე არ არის და საქმე არსებითი განხილვის რეჟიმში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ უჩავა სამართალდამცველებმა 22 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ აიყვანეს. მას სამართალდამცველებისათვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდა ბრალად, სასამართლომ კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მოგვიანებით შს სამინისტრომ გადამდგარი გენერლის აღიარებითი ჩვენება გაავრცელა, რომელშიც ის "შეფიცულების" გეგმებს დეტალურად ყვება და საუბრობს დამატებით ძალაზე, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით იქნებოდა შეიარაღებული.
უჩავას ჩვენების თანახმად, "შეფიცულებს" პლასტმასის ხელკეტების გარდა, "მოლოტოვის კოქტეილები" და "რაგატკები" უნდა გამოეყენებინათ, რომლებიც რკინის ბურთებს ისვრის, ამასთან, სამართალდამცველებზე თავდასხმები და მანქანებისთვის ცეცხლის წაკიდება ევალებოდათ.
დაკავებულის განცხადებით, "მოლოტოვის კოქტეილებისა" და "რაგატკების" გამოყენების იდეა ბადრი ბიწაძეს ეკუთვნოდა და მასვე უნდა აეღო პასუხისმგებლობა 23 მაისიდან ამ ძალების მართვაზე.
უჩავას ჩვენების თანახმად, სწორედ ბადრი ბიწაძისგან შემოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობდა დამატებითი, ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი ძალა.
გადამდგარი გენერლის ჩვენების გავრცელების შემდეგ ამავე ჩვენების საფუძველზე სასაზღვრო პოლიციის ყოფილ შეფს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
აღსანიშნავია, რომ ბიწაძის ბრალში არც ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენება, არც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და არც სხვა დეტალი ფიგურირებს, რომელზეც უჩავა საუბრობს. ბიწაძეს ბრალად მხოლოდ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის ორგანიზება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის ჯგუფურად ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით შეშლა ედება, რისთვისაც მას დაუსწრებლად თავისუფლების 5 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიესაჯა.
ბიწაძეზე ძებნაა გამოცხადებული.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, უჩავას დაკითხვამდე მისი ადვოკატები მანანა კობახიძე და ნათია კორკოტაძე მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობდნენ.
როგორც "პირWელს" მანანა კობახიძემ განუცხადა, ბრალის ოფიციალურად წაყენების შემდეგ გამომძიებელი დავით გოროზია მას პირადად დაუკავშირდა და ადვოკატებს "მოდულის" შენობაში მისვლა სთხოვა, მისულებს კი განუმარტა, რომ ბრალდებულს აღიარებითი ჩვენების მიცემა სურდა და ისინი სასამართლო პროცესს უნდა დასწრებოდნენ.
"ბრალის წაყენების დროს უჩავა ძალიან მშვიდად გამოიყურებოდა და ბრალეულობის აღიარებას არ გეგმავდა, ამიტომ მის მიერ პოზიციის ამ ხანმოკლე დროში შეცვლა ჩემთვის საეჭვო იყო და ადვოკატებმა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფთან გასაუბრება მოვითხოვეთ. შეხვედრისას ის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო. პირველი, რაც ვიკითხეთ, ის იყო, ხომ არ საჭიროებდა იგი მედიკოსის დახმარებას, რაზეც ბრალდებულმა უარი განმიცხადა და განმიმარტა, რომ მისი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, აღიარებითი ჩვენება უნდა მიეცა. მე დავინტერესდი, ხომ არ მიუღია მას რაიმე პრეპარატი, მაგრამ ბრალდებულმა მითხრა, რომ მხოლოდ წყალი დალია. ეჭვი მაქვს, რომ წყალში, რომელიც უჩავამ მიიღო, რაღაც ნარკოტიკული საშუალება იყო გარეული. გამომდინარე იქედან, რომ სიტუაცია ვერ შევცვალეთ, ადვოკატებმა თვითაცილება მოვითხოვეთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ იმ დანაშაულის თანამონაწილეები გავხდებოდით, რომელსაც “მოდულის” შენობაში ჰქონდა ადგილი", - განმარტა კობახიძემ.
კომენტარი