სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანდერს ფოგ რასმუსენმა რუს ჟურნალისტებს ცივი წყალი გადაასხა

ანდერს ფოგ რასმუსენი სოჭში კიდევ ერთ მკვეთრად გამოხატულ გზავნილს ახმიანებს. ნატო–რუსეთის საბჭოს გასვლით სხდომაზე, როცა ნატოს გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, რუსული „როსიისკაია გაზეტას“ ჟურნალისტის დაინტერესებას იმის თაობაზე, ნანობს თუ არა ნატო, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე ნაჩქარევი და ემოციური განცხადება გააკეთა, რასმუსენმა ცივი წყალი გადაასხა. რუსი ჟურნალისტის შეკითხვა ასე იყო ფორმულირებული:

„ეთანხმება თუ არა ნატოს გენერალური მდივანი ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2008 წლის მოვლენებზე ორგანიზაციის ემოცია ნაჩქარევი და ემოციური იყო?“

რუსმა ჟურნალისტმა, როგორც ჩანს, სასურველი პასუხი – ომის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს დადანაშაულებაზე ან მსგავსი ბრალდება – ვერ მიიღო. ფოგ რასმუსენმა მას ისეთი პასუხი გასცა, რომ ამ თემაზე შეკითხვის დასმის სურვილი მეტად არც არავის გასჩენია:

რასმუსენის თქმით, ნატო არ არის ემოციური ორგანიზაცია და ამდენად, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არ ნანობს ხოლმე. „2008 წლის აგვისტოში ემოციური გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ის გადაწყვეტილება ჩვენს პრინციპებზე იყო დაფუძნებული. დღემდე ამ პრინციპებზე ვდგავართ და ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში", – თქვა რასმუსენმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა დაამატა, რომ ნატო კვლავინდებურად მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები. ამ მკვეთრი განცხადებების შემდეგ ფოგ რასმუსენს არც დიპლომატიური სვლა დავიწყებია და კითხვაზე პასუხი ასე დაასრულა:

„მართალია, ჩვენ არ ვიზიარებთ რუსეთის მიდგომას საქართველოს კონფლიქტებისადმი, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, მთლიანად მოვახდინოთ ჩვენი ურთიერთობის პარალიზება – თანამშრომლობა საუკეთესო გამოსავალია“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100