სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავუყევი ძველ მესიჯებს და....

ტელეფონით ფეისბუქზე პირველად შემოვედი, დიდად არც მიყვარს ფეისბუქი, შენს გამო შემოვდიოდი ხოლმე საღამოობით, ფოტოებსაც შენს გამო ვდებდი ხოლმე და ისიც მხოლოდ მაშინ, როცა ნაჩხუბრები ვიყავით და არ მნახულობდი, ფოტოებით გახსენებდი თავს და იმას, რომ ლამაზი ვარ.

თაკოსთვის მესიჯი უნდა მიმეწერა და როცა მესიჯების ძებნის ველში თაკოს სახელი ჩავწერე ამომიყარა ყველა ადამიანი ვისაც ჩემთვის სიტყვა თაკო მოუწერია. მივხვდი, რომ ე.წ. ემფეისბუქს, ანუ მობაილ ფეისბუქს ფუნქცია ქონია, მესიჯების სერჩ ველში ჩაწერ სიტყვას და ამოგიყრის ყველა ადამიანს ვისაც ეს სიტყვა მოუწერია შენთვის.

ამ ფაქტის აღმოჩენისთანავე გავაკეთე ის რასაც ალბათ სხვა ბევრიც გააკეთებდა, ჩავწერე სიტყვა მიყვარხარ და ოპააა... ჩემთვის ფეისბუქზე ამ სიტყვის მომწერი პირველი ოთხი ფრენდი ჩემი დაქალები იყვნენ, მეხუთე კი შენ...

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია დაგივიწყე, ან მგონია რომ დაგივიწყე, მიუხედავად იმისა, რომ ახლა შენ შენი ცხოვრება გაქვს (სავარაუდოდ დავარცხნილ-დალაგებული), მე კი-ჩემი (მოუწესრიგებელი), მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისთვის აღარავინ და აღარაფერი ვართ ვერ მოვითმინე და ჩვენი მესიჯების ისტორია გავხსენი.

ქვემოდან ზემოთ ავუყევი ჩვენს ესემესებს, ბოლოებით დავიწყე კითხვა და წავედი დასაწყისისკენ...

სულ ბოლო მესიჯებს არ გაგახსენებ, მეც კი გული მატკინა მათმა წაკითხვამ, სწორედ მათი ბრალია დღეს რომ ერთად არ ვართ...

ცოტა ზემოთ ავედი და იმ პერიოდის კითხვა დავიწყე „მეგობრებად დავრჩითო“ რომ ეძახიან...

მაშინ მეგონა არ გამოვიდა ჩვენი მეგობრებად დარჩენა, არადა თურმე გამოსულა... თვეების განმავლობაში, ყოველთვის როცა გიჭირდა მე მწერდი, ყველაზე რთულ მომენტში მეც სწორედ შენთვის მომიწერია და მახსოვს შენთან საუბარმა მდგომარეობიდან გამომიყვანა მაშინ, რაც მირჩიე ისივ გავაკეთე და გაამართლა სხვათაშორის... შენ? შენ სავარაუდოდ არცერთი ჩემი რჩევა-შეგონება არ გაგითვალისწინებია, მაგრამ ჩემთან საუბარი, რომ გაწყნარებდა ეგ მაშინაც ვიცოდი და ახლაც „მეგობრებად დავრჩით“ პერიოდის მესიჯების კითხვისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს ასე იყო...

კი, მეგობრობა ნამდვილად გამოგვდიოდა, მაგრამ მაინც რა მაგარი სისულელე იყო ეს მეგობრებად დარჩენა... სწორედ მაგ მეგობრობამ მოუსპო ჩვენს სიყვარულს (თუ რაც იყო) მომავალი, ზედმეტად ბევრი ისეთი რამ ვუთხარით ერთმანეთს მეგობრობის პერიოდში, რისი თქმაც საჭირო არ იყო... სულელი ხარ, რატომ მიყვებოდი შენს გოგოებზე, მეც სულელი ვარ რატომ დაგიმალე ჩემში ქალი, რომელიც ვნებას აღგიძრავდა და რატომ ვიქეცი ადამიანად, რომელიც შენთვის იყო რაღაც შუალედური მამაოსა და ფსიქოლოგს შორის?

როგორღაც ავამთავრე ეს „მეგობრებად დავრჩით“ პერიოდის მესიჯები (სიმართლე გითხრა უმეტესობა არც კი წამიკითხავს) და გადავედი პერიოდზე „იქნებ ყველაფრის დაბრუნება ვცადოთ“ ანუ პერიოდზე რომელიც ჩვენს დაშორებასა და მეგობრებად დავრჩეთ პერიოდს შორის იყო.

გული ამტკივდა, გამახსენდა როგორ ვცდილობდით, ძველი დროის დაბრუნებას, მაგრამ ამაოდ... მე შეშინებული ვიყავი, აღარ გენდობოდი, მეგონა ისევ მატკენდი გულს და ვფრთხილობდი... სწორედ ჩემი სიფრთხილის ბრალი იყო, რომ გეგონა შეიცვალაო... შენ ხომ ჩემში სიგიჟე გიყვარდა, თავზეხელაღებული, გადარეული, სპონტანური მე გიყვარდი და არა ფრთხილი და შეშინებული...

გახსოვს შენი ძმაკაცის დაბადების დღეზე რომ ვიჩხუბეთ? ვიღაც გოგო გეტორღიალებათქო სცენა, რომ მოგიწყვე ტუალეტთან ვიწრო დერეფანში და მერე შენივე მანქანით რომ გამოგექეცი, რომ ავილეწე მერე სანაპიროზე, არ იყო ჩემი ბრალი ის ავარია, დღესაც არ ვიცი ის ხე იქ საიდან გაჩნდა, ან ის ოპელი საიდან გამოვარდა და რატომ გადამიჭრა გზა...

ის დღე იცი რატომ მიყვარს? ხეზე შემოხვეულ, შენს საყვარელ, ლამაზ მანქანას გვერდი, რომ აუარე, ზედაც რომ არ შეხედე და მე რომ მომვარდი, გიჟივით იყავი რაიმე ხომ არ გჭირსო... გახსოვს, რომ გითხარი მარტო ამ საქციელის გამო იმსახურებ ჩემს სიყვარულსთქო და ბავშვივით რომ შეგრცხვა, „მანქანა დაზღვეული იყო და მაგიტომ არ მადარდებდაო“ - მიპასუხე. სინამდვილეში კი უბრალოდ არ გიყვარს, როდესაც გაქებენ, არ გიყვარს როცა შენზე რაიმე კარგს ამბობენ, ეგრევე კომპლექსდები და მაშინაც შეგრცხვა შენს არამატერიალიზმს, რომ გავუსვი ხაზი...

ხო ის გიჟი გოგო გიყვარდა, მანქანა რომ დაგიმტვრია, სააკაძის მოედანზე მილიონი სტუდენტისა და რიგითი გამვლელების წინ ზედ რომ შემოგახტა, ფეხები წელზე შემოგხვია და დიდხანს ჰქონდა შენს კისერში გაყინული ცხვირი ჩაყოფილი, ხალხი გიყურებდა, შენ ცოტა გერიდებოდა და თან ძალიან მოგწონდა, რომ იმ წუთას ჩემთვის მხოლოდ შენ არსებობდი, მაგრად გეხუტებოდი და შენს გამო სამყარო ჩემი მეგონა....

სად არის ის გოგო? არ ვიცი, აღარ არსებობს, ცხოვრებამ ფრთხილ დედაკაცად აქცია, რომელიც ყველაფერს ზომავს და წონის, სიტყვებსაც, დროსაც, ფულსაც და საკუთარ თავსაც....

არც კი ვიცი პატიება უნდა გთხოვო თუ შენ გაქვს ჩემთვის ბოდიში მოსახდელი.

აღარ გავაგრძელებ, შენც კარგად იცი, მეც ვიცი და ახლა, რომ ვკითხულობ იმ მესიჯებიდანაც ჩანს, რომ ჩვენი შერიგების მცდელობა კრახით დასრულდა...

ისევ ავუყევი მესიჯებს ზევით, სწრაფად და უგულოდ ავარიდე თვალი იმ „წამესიჯებებს“ დაშორებიდან შერიგების მცდელობებამდე, რომ გვქონდა, ორჯერ მოგიკითხე მე და ერელ შენ... იმ ორსაც არ მოგიკითხავდი, უბრალოდ ორივეჯერ რაღაც ცუდი მოხდა შენს ცხოვრებაში და გადავამოწმე ხომ არ ვჭირდებითქო...

აი იმ მესიჯებსაც მივადექი, გახსოვს შენს ზარებს რომ არ ვპასუხობდი და მესიჯების გარდა სხვა არაფერი დაგრჩენოდა... იცი როგორ მძულდი მაშინ? მაშინ კი არა ახლა ამ მესიჯებს, რომ ვკითხულობ და ის დრო მახსენდება ახლაც მძულხარ, მძულხარ და ახლა ამ წამს ბედნიერი ვარ რომ ჩვენი ურთიერთობა დასრულებულია... მძულდი, მძულდი საშინლად, ენითაუწერლად, ისიც კი არ ვიცი იმ პერიოდის სიძულვილი უფრო ძლიერი იყო თუ ის სიყვარული რომელსაც შენს მიმართ ვგრძნობდი და შესაძლოა დღემდეც ვგრძნობდე... აი ხედავ ისევ გაზომვა და აწონვა დავიწყე, გრძნობებს ვწონი და ვითვლი... გეუბნები აღარ არსებობს ის გოგოთქო შენ რომ გიყვარდა, ახლა რომ მნახო შეგზიზღდები ან კიდევ უარესი საერთოდ ზედაც არ შემომხედავ... უუპს მგონი ახლა ჩემი თავი გავყიდე და მოდი პირდაპირ გეტყვი, არ დაგტანჟჯავ გამოცნობაზე ფიქრით, ხო გეტყვი, ხო ვაღიარებ, რომ ახლა რომ გძულდე მირჩევნია, რომ გეზიზღებოდე მირჩევნია, საერთოდ რომ არ გახსოვარ მაგას ზიზღი და სიძულვილი მირჩევნია, რომ გძულდე გემახსოვრებოდი, ჩემზე იფიქრებდი, იფიქრებდი რა ცუდი გოგოაო, მაგრამ სულ რომ არ ფიქრობ მაგას ისევ ეგ მირჩევნია....

გახსოვს ახალი წლის ღამეს რესტორანში უმოკლესი კაბით, რომ მოვედი, ყველა მე რომ მიყურებდა, ძალიან მაგრად, რომ მეჩხუბე, ძალით რომ წამომიყვანე რესტორნიდან და გზაში რომ მიყვიროდი მოგკლავო... აი მირჩევნია ახლა იჯდე ჩემს გვერდით და მიყვიროდე მოგკლავო ვიდრე საერთოდ არ გახსოვდე... იცი მაშინ ის კაბა რატომ ჩავიცვი? შენი ძმაკაცი ილიას შეყვარებულს მაგარი მკერდი აქვს, მეორე ძმაკაცის შეყვარებული მონიკა ბელუჩის გავს, მე კიდე არც მკერდი მაქვს და სახითაც მონიკა ბელუჩი კი არა ჰა ჰა მერილ სტიპის ახალგაზრდობამდე გავქაჩო, ერთი ეს ფეხები მაქვს გრძელი და თმა კიდევ პოკაჰონტასივით, ხოდა ვიფიქრე გრძელი კაბით თუ მივალ დამჩრდილავენთქო ის გოგოები და ჩემს ბიჭს გაუტყდება მის ძმაკაცებს უკეთესი შეყვარებულები, რომ ჰყავთქო... სულელი ხარო მეტყოდი მაშინ, რომ ეს მიზეზი მეთქვა შენთვის, მაგრამ შენს გამო ჩავიცვი ის კაბა და არა იმიტომ, რომ გვერდზე მაგიდებიდან კისერმოღრეცილებს ეცქირათ ჩვენთვის...

ისევ ავუყევი მესიჯებს ზემოთ, კიდევ უფრო უკან დავბრუნდი წარსულში... აი ისიც ჩვენი ყველაზე მაგარი პერიოდი, გიჟებივით რომ გვიყვარდა ერთმანეთი... ყოველი წამი მიყვარს იმ დროის...

გახსოვს პირველად რომ სცადე ჩემი კოცნა? თავი რომ გავწიე გვერდით, მერე შიშით შემოგხედე მეგონა გაბრაზებული იქნებოდი და ჩემდაგასაოცრად კმაყოფილება გეწერა სახეზე... მაშინ ვიფიქრე ეს კაცები მაზოხისტები არიან, რომ აწვალებ მოსწონთთქო, მაგრამ ახლა ვიცი, რომ მაზოხიტი კი არა ჩვეულებრივი აზიატი, ასაკში რო ღიპს დაიდებს აი ეგეთი ქართველი მუჟიკი ხარ. კი ევროპელობ, მაგრამ როლექსი და ბეემვე არ ყოფნის ევროპელობას... აჰა ვერ მოვითმინე და ისევ გაგაკრიტიკე, არადა ვიცი, ცოფდები როცა მე შენს უარყოფით მხარეებზე ვსაუბრობ.

ჩვენი პირველი სექსი გახსოვს? ახლა პირველად გამოგიტყდები, არ მომეწონა. მახსოვს ვიფიქრე ესაა სექსი? ამაზე გიჟდება მსოფლიო? ერთი კარგი ჩახუტება მილიონჯერ მირჩევნია სექსსთქო... შენი ბრალია, ჩემზე უფრო მეტად იყავი დაძაბული, არადა ქალიშვილობას მე ვკარგავდი და არა შენ. დაძაბული იყავი, რადგან გინდოდა შთაბეჭდილება მოგეხდინა, დაუვიწყარი შეგრძნებები გეჩუქებინა ჩემთვის და რაღაცნაირი ყალბი იყო შენი ყოველი მოძრაობა, თითქოს წინაწარ გათვლილი, ისე იქცეოდი როგორც მსახიობი სცენაზე.

პრინციპში სექსი საერთოდ, რომ გვქონდა ეგეც საოცრება იყო, ქორწილამდე არ მოგეკარებიო, რომ გაიძახდი, გეგონება შენ იყავი ვაჟიშვილი და არა მე ქალიშვილი. უკვე ორჯერ ვახსენე ეს ქალიშვილობა, მგონი გაყვედრი... რატომაც არ უნდა დაგაყვედრო, ჩემს გარდა ვინ გყოლია ნეტა ქალიშვილი, ქართველი ქალები ხომ ორ ნაწილად იყოფიან, ნაშები და ისინი ვინც ქალიშვილობას მხოლოდ საქორწინო ბეჭედში ცვლის.

ჩვენი სექსის ინიციატორი მე რომ ვიყავი მაგას ყოველთვის სიბრიყვეში მითვლიდი, გაინტერესებს და იმიტომ გინდაო რომ მითხარი ერთხელ გახსოვს? იდიოტი იყავი (ალბათ ახლაც ხარ) ვიცოდი, რომ ცუდად ხდებოდი ისე გინდოდა ჩემთან სიახლოვე და მაგიტომ ვაქტიურობდი მაგ საკითხში.

ისევ ავუყევი ძველ მესიჯებს, კიდევ უფრო უკან წავედი წარსულში... 2012 წელი, საპარლამენტო არჩევნები, ნაციონალების ე.წ. წათრევა. მამაშენი ჯერ სამსახურიდან გაათავისუფლეს და მერე ფული გადაახდევინეს, რომ ციხეში არ ჩაესვათ. შენც წამოხვედი სამსახურიდან, მახსოვს რა ცუდად იყავი, გეშინოდა შენც და მთელს შენს ოჯახსაც. თქვენი ოჯახის ბიზნესის დახურვაზეც იყო საუბარი... მაშინ ცოტათი მეც შემეშინდა, ჩემი დაქალი როა ნათია, მაგას ყავდა შეყვარებული რომელიც სულ ფულს სთხოვდა, მეთქი მეც ნათიას დღეში რომ ჩავვარდე მაგრად ტეხავსთქო. იმისიც მეშინოდა საზასაოდ ბაღებში რო დადიან წყვილები, კაფეში შესვლის ფული, რომ არ აქვთ მაგათ არ დავემგვანოთთქო... სულელი ვიყავი, მაგრამ გეფიცები, საკუთარ სიცოცხლეს და ყველაფერს რაც კი გამაჩნია იმას გეფიცები, ერთი წამითაც კი არ გამივლია გულში შენთან დაშორება... პირიქით, გახსოვს ეგ სწორედ ის პერიოდი იყო, როცა ყველაზე მეტად დავახლოვდით... შენ ბევრს ნერვიულობდი, დარდობდი.... გახსოვს დაშორებაც კი მთხოვე, არ ვარ შენი ღირსიო, უკეთესს იმსახურებო და ათასი სისულელე, რომ მითხარი... მე დაგცინე ეგეთ სისულელეებს როგორ ფიქრობთქო და იმ დღეს ჩვენი ურთიერთობის მანძილზე ყველაზე მაგარი სექსი გვქონდა... იმ ღამეს ყველაფერი სხვანაირად იყო, თითქოს ჩემი ყველა უჯრედი გინდოდა გადაგეყლაპა, ისე მეფერებოდი თითქოს მე ვიყავი წყალიც, პურიც, ჰაერიც...

ისევ ავუყევი ძველ მესიჯებს, კიდევ უფრო უკან წავედი წარსულში... და აი ისიც, სიტყვა რომლის გამოც ჩვენი მესიჯების არქივი გავხსენი... რა იდიოტი ხარ, პირველად მიყვარხარ ფეისბუქზე გითქვამს, სულ ჯამში მაქსიმუმ ათჯერ თუ გექნება ეგ სიტყვა ჩემთვის ნათქვამი და აქედან ერთ-ერთი და თანაც პირველი მიყვარხარ ფეისბუქზე მოგიწერია... ვაიმე, ახლა პირველად გამიჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა სულაც არ გყვარებივარ... ვსო, ვსო, მეყო ისევ აწონვა და თვლა-ანგარიში დავიწყე...

მე როდის შემიყვარდი? შენ გგონია წითელი ვარდებით, რომ მომადექი 14 თებერვალს მაშინ? ან ზაფხულში ზღვაზე რომ ჩამომაკითხე და სიხარულით კინაღამ გული რომ გამისკდა მაშინ? პირველად რომ ვიჩხუბეთ და მთელი ღამე ჩემ სახლთან რო გაათენე მანქანაში და მე რომ გარეთ არ გამოვედი მაშინ? ჩემი საყვარელი ფილმების სია რომ ჩამომაწერინე და სულ ყველას რომ უყურე მაშინ? თვალზე კოღომ რომ მიკბინა და შენ რომ მითხარი ეგეთიც ლამაზი ხარო მაშინ? ჩემი ოცნების ლეპტოპი რომ მიყიდე მაშინ? არა! მაგ ყველაფერს, რომ აკეთებდი და ჩემთვის თავის შეყვარებას ცდილობდი მე უკვე მიყვარდი...

ჩვენი პირველი პაემანი გახსოვს? კაფეში, რომ შემოვედი და დაგინახე არ მომეწონე, ბოტასები გეცვა და გავბრაზდი, სერიოზულად რომ მოვწონდე ბოტასებით არ მოვიდოდა პირველ პაემანზეთქო. ისე გამაბრაზა შენმა ბოტასებმა ვიჯექი, გიყურებდი და ვფიქრობდი ნამდვილად ის ბიჭია ერთი კვირის წინ, რომ გავიცანი თუ სხვაა მოსული პაემანზეთქო, ის ბიჭი სიმპატიური იყო ეს რას გავსთქო. პაემნიდან გამოქცევა მომერიდა, წრდილობის ხათრით ერთ საათს გავჩერდებითქო... მერე შენ ალაპარაკდი და ნელ-ნელა მიმავიწყდა ბოტასები, მიმავიწყდა, რომ „მგონი არასერიოზულად მიყურებსთქო“ ვფიქრობდი... ყველაფერი არა, მაგრამ ნაწილ-ნაწილ მახსოვს რას ლაპარაკობდი, მახსოვს როგორ მიყურებდი, მახსოვს რომ მე თავს ძალიან თავისუფლად ვგრძნობდი, იმიტომ რომ იმ დროს არ მომწონდი და შენზე რა შთაბეჭდილებას მოვახდენდი ფეხებზე მეკიდა... თითქოს წარმატებული პაემანი იყო, მაგრამ დაშლა რომ გადავწყვიტეთ და ფეხზე ადექი ისევ დავინახე შენი ბოტასები, ისევ გავბრაზდი, ისევ აღარ მომეწონე და გადავწყვიტე ვსო აღარასოდეს შევხვდებითქო. ქუჩაში, რომ გამოვედით და მანქანისკენ წავედით ვიღაცამ დაგიძახა, შენ შებრუნდი და.... იმ წამს შემეშინდა, ერთი კვირის გაცნობილი ბიჭი იყავი, ჩვენი მეორე შეხვედრა იყო, მე კი შენი დაკარგვის შემეშინდა მხოლოდ იმიტომ რომ თვალებში აღარ მიყურებდი... ვუყურებდი შენს პროფილს და მეგონა ერთი ნაბიჯითაც რომ დამშორებოდი მოვკვდებოდი, ის ვიღაც შენი ნაცნობი ბიჭი უცებ ჩემი ყველაზე დიდი მტერი გახდა, რადგან სულ რაღაც ერთი წუთით გადაიტანა შენი ყურადღება ჩემიდან თავის თავზე და მე უკვე სამყაროს აღსასრულამდე ერთი ნაბიჯი მქონდა თოთქოს დარჩენილი... არ ვიცი რა იყო ის, არ ვიცი რა ფენომენია ადამიანის ასე მალე შეყვარება, მაგრამ სანამ შენ იმ შენს ნაცნობს ესალმებოდი და კითხულობდი, მე ვიდექი შენს გვერდით, ვუყურებდი შენს პროფილს და ვიცოდი, უკვე ვიცოდი, რომ შენს გარეშე ერთი წამითაც კი ვეღარ გავძლებდი.

მორჩა!

მორჩა!

მორჩა!

აღარ ვაპირებ ძველი მესიჯების კითხვას, არც ამ წერილს არ გამოგიგზავნი. განა იმიტომ, რომ შენთან ყოფნა აღარ მინდა, განა იმიტომ რომ აღარ მიყვარხარ ან იმიტომ, რომ შენი დალაგებული ცხოვრების არევა არ მინდა... არამედ იმიტომ, რომ არ მინდა იცოდე, არ მინდა იცოდე როგორ ვზივარ და ვფიქრობ შენზე მაშინ, როდესაც შენ უჩემოდ ბედნიერი ხარ ან უბედური, არ აქვს მაგას მნიშვნელობა როგორ ხარ, მთავარია, რომ უჩემოდ ხარ და ძლებ... არ გაპატიებ არცერთ წუთს და არცერთ წამს რომელიც უშენოდ გავატარე და რომელიც შენ უჩემოდ გაძელი.

აი ახლა მე გამოვდივარ ფეისბუქიდან, ვწვები ლოგინში, ვეხუტები ბალიშს და ვიძინებ, ძილის წინ ვფიქრობ ხვალინდელ დღეზე, გესმის ხვალინდელზე და არა გუშინდელზე... არ ვიცი როგორი იქნება ხვალინდელი დღე, ვიცი მხოლოდ ის, რომ იქნება უშენო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100