სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეიძლება თუ არა ე.წ. "უწმინდურობის" დროს ქალის ეკლესიაში შესვლა?

“ქალის „უწმინდურობა”, მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი, თეოლოგიის დოქტორი საეკლესიო სამართალში, და “შეუძლია თუ არა ქალს ყოველთვის შევიდეს ტაძარში”, სერბეთის პატრიარქი პავლე. ამჟამად გთავაზობთ თანამედროვე რუსი მართლმადიდებელი მღვდლის კონსტანტინე პარხომენკოს ნაშრომს ამავე თემაზე.

მღვდელი კონსტანტინე სიხარულით დაგვთანხმდა ამ სტატიის ქართული ვერსიის ჩვენს ბლოგზე განთავსებაზე, რაზეც ბლოგის ადმინისტრაცია მას მადლობას ვუხდით.

დედანზე გადასვლისათვის დააწკაპუნეთ აქ

სპეციალურად საიტისათვის სტატია ქართულად თარგმნა დიაკვანმა ირაკლი წაქაძემ.


——————————-

რა ხშირად, დღის განმავლობაში, ეკლესიაში მსახურ მღვდელს უხდება ამ თემასთან შეხება!… მორწმუნე ქალბატონებს ეშიანიათ შევიდნენ ტაძარში, ემთხვიონ ჯვარს, და პანიკაში ტელეფონით რეკავენ: ”რა ვქნათ, ისე ვემზადებოდი, ისე ვემზადებოდი დღესასწაულზე რომ ვზიარებულიყავი და აი …”

დღიურიდან: ტელეფონზე რეკავს გოგონა: ”მამაო, დღესასწაულებზე უწმინდურობის ნიადაგზე ვერ შევძელი ტაძარში ვყოფილიყავი. არც სახარება ამიღია ხელში და არც წმინდა წიგნები. მაგრამ არ იფიქროთ, რომ დღესასწაული გამოვტოვე. მსახურების მთელი ტექსტი და სახარებაც ინტერნეტით წავიკითხე!”

მართლაც დიდებული გამოგონებაა ინტერნეტი! ე. წ. რიტუალური უწმინდურობის დღეებშიც კი შეიძლება კომპიუტერს შეეხო. და ის იძლევა ლოცვითი განცდის საშუალებას დღესასწაულებზე.

თითქოსდა, როგორაა შესაძლებელი, რომ ორგანიზმის ბუნებრივმა პროცესებმა განგვაშოროს ღვთისაგან? თვით განათლებულ გოგონებს და ქალბატონებსაც ესმით ეს, მაგრამ ხომ არის საეკლესიო კანონები, რომლებიც კრძალავენ ტაძარში შესვლას განსაკუთრებულ დღეებში…

როგორ ამოვხსნათ ეს საკითხი?

ამისათვის, უნდა მივმართოთ ქრისტეანობამდელ პერიოდს, ძველ აღთქმას.

ძველ აღთქმაში უამრავი მითითებაა ადამიანის სიწმინდესა და უწმინდურობასთან დაკავშირებით. უწმინდურობა – უპირველეს ყოვლისა არის მკვდარი სხეული, ზოგიერთი ავადმყოფობა და კაცისა და ქალის სასქესო ორგანოებიდან დენადობა [1].

საიდან გაჩნდა იუდეველებთან ასეთი წარმოდგენები? უფრო მარტივია, გაივლოს პარალელები წარმართულ კულტურებთან, რომლებშიც აგრეთვე არსებობდა მსგავსი მიდგომა უწმინდურობის მიმართ, თუმცა უწმინდურობის ბიბლიური გააზრება უფრო ღრმაა, ვიდრე ეს პირველი შეხედვიდან ჩანს.

რათქმაუნდა, წარმართული კულტურის გავლენასაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ძველაღქმისეულ ადამიანისათვის ხელახლა იქნა გააზრებული გარეგანი უსუფთაობის იდეა, რომელიც სიმბოლურად ღრმა თეოლოგიურ ჭეშმარიტებებს წარმოადგენდა. რომლებს? ძველ აღთქმაში უწმინდურობა დაკავშირებულია თვით სიკვდილთან, რომელმაც მოიცვა ადამიანი ადამისა და ევას დაცემის შემდეგ. არაა რთული იმის დანახვა, რომ სიკვდილიც, ავადმყოფობებიც, სისხლდენაც და ძილში დაცემაც, ისევე როგორც ჩანასახის განადგურება – ყველაფერი ეს გვახსენებს ადამიანის მომაკვდავ ბუნებაზე, ადამიანური ბუნების რაღაც სიღრმისეულ დაზიანებას.

და ამ მომენტებში, ანუ თავისი მომაკვდავობისა და ცოდვიანობის გამოვლენის პერიოდში, ადამიანი მოკრძალებით განზე უნდა დადგეს ღვთისაგან, რომელიც არის თვით სიცოცხლე!

ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ძველ აღთქმას ასეთი სახის უწმინდურობის მიმართ.

ახალ აღთქმაში მაცხოვარი რადიკალურად გადახედავს ამ თემას. წარსულმა – ჩაიარა, ახლა ყველა ვინც მასთანაა, რომც მოკვდეს – გაცოცხლდება, მითუმეტეს აზრი აღარა აქვს სხვა დანარჩენ უწმინდურობას. ქრისტე – თვით განკაცებული სიცოცხლეა (იოან. 14, 6)

მაცხოვარი ეხება მკვდრებს – გავიხსენოთ, თუ როგორ შეეხო ის სარეცელს რითაც დასაკრძალად მიასვენდნენ ნაინელი ქვრივის ვაჟს; როგორ დაუშვა მან, რომ სისხლმდინარე დედაკაცი შეხებოდა მას… ახალ აღთქმაში ვერ ვნახავთ ადგილს, სადაც უფალი იცავდა სიწმინდისა ანდა უწმინდურობის შესახებ წესებს. მაშინაც კი, როდესაც ის ხვდება დედაკაცს, რომელმაც აშკარად დაარღვია უწმინდურობის რიტუალის ეტიკეტი და შეეხო მას, უფალი მას ეუბნება ისეთ რამეს, რაც ზოგადად მიღებულ აზრს ეწინააღმდეგება: ”გამხნევდი, შვილო!” (მათე 9, 22)

მოციქულებიც ასე გვასწავლიდნენ. ”ვიცი და მწამს უფალ იესოს მიერ, – ამბობს მოც. პავლე, – რომ თავისთავად არაფერია უწმინდური, არამედ უწმინდურია მხოლოდ მისთვის, ვინც უწმინდურად მიიჩნევს მას” (რომ. 14, 14). იგივე მოციქული ამატებს: ” რამეთუ ყოველი დაბადებული ღმრთისაჲ კეთილ არს, და არარაჲ არს განსაგდებელ, მადლობით მიღებული, რამეთუ განწმიდნების სიტყჳთა ღმრთისაჲთა და ლოცვითა.” (1 ტიმ. 4, 4-5).

პირდაპირი გაგებით მოციქული საუბრობს უწმინდურად მიჩნეულ საკვებზე. ებრაელები ზოგ საკვებს უწმინდურად მიიჩნევდნენ, მოციქული კი ამბობს, რომ რაც ღვთისაგანაა შექმნილი – ყველაფერი წმინდაა და სუფთა. მაგრამ პავლე მოციქული არაფერს არ ამბობს ფიზიოლოგიური პროცესების უწმინდურობაზე. კონკრეტულ წესს იმის შესახებ, რომ ჩაითვალოს დედაკაცი განსაკუთრებულ დღეებში უწმინდურად, ვერც მასთან და ვერც სხვა მოციქულებთან ჩვენ ვერ ვპოულობთ. თუ პავლე მოციქულის ქადაგების ლოგიკას მივყვებით, მაშინ დავასკვნით, რომ დედაკაცთა ამ განსაკუთრებულ დღეებს – როგორც ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივი პროცესები – არ შეუძლიათ ადამიანის ღვთისაგან და მადლისაგან განშორება.

შეგვიძლია დავუშვათ, რომ ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში მორწმუნეები თვითონ აკეთებდნენ არჩევანს. ზოგი მიყვებოდა ტრადიციას, იქცეოდა ისე, როგორც დედები და ბებიები, ალბათ ”მაინც ყოველი შემთხვევისათვის”, ანდა გამომდინარე რა ღვთისმეტყველური განმარტებიდან ანდა რაიმე სხვა მიზეზებიდან, იცავდა აზრს, რომ ”კრიტიკულ” დღეებში უკეთესია არ შეეხო სიწმინდეებს და არც მიიღო წმინდა ზიარება. სხვები კი ეზიარებოდნენ ყოველთვის, თვით კრიტიკულ დღეებშიც. და ამის გამო მათ ეკლესიიდან არავინ არ აყენებდა.

ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია. უფრო მეტიც, ცნობილია, რომ პირველ საუკუნეებში ქრისტიანები ყოველ კვირას, სიკვდილის საფრთხის ქვეშაც კი, იკრიბებოდნენ სახლებში, ატარებდნენ ღვთისმსახურებას და ეზიარებოდნენ. და რომ ყოფილიყო ამ წესიდან რამე გამონაკლისი, მაგალითად დედაკაცებისათვის კრიტიკულ დღეებში, მაშინ ამის შესახებ უძველესი ქრისტიანული წყაროები მოგვაწვდიდნენ ინფორმაციას. მაგრამ ისინი ამის შესახებ არაფერს არ ამბობენ.

თუმცა ასეთ შეკითხვას ისტორიაში ადგილი ჰქონდა. მასზე პასუხი კი III საუკუნის შუახანებში ნაშრომში ” მოციქულთა განწესებანი” წმინდა კლიმენტ რომაელმა* გასცა:

”თუ ვინმე ასრულებს იუდეველთა წეს-ჩვეულებას ძილში დაცემასთან,…, დაკავშირებით, მაშინ გვითხრან ლოცვისაგან, ბიბლიასთან შეხებისგან ანდა ზიარებისგან თუ იკავებენ თავს იმ დღეებში და იმ საათებში, როდესაც ასეთი რამე მოსდით? თუ იტყვიან, რომ თავს იკავებენ, მაშინ მათ თავის თავში არ გააჩნიათ წმიდა სული, რომელიც ყოველთვისაა მორწმუნესთან… მართლაც, დედაკაცო, თუ შენ ფიქრობ, რომ შვიდი დღის განმავლობაში, სისხლდენის დროს, სულიწმიდა შენში არაა, მაშინ აქედან გამომდინარეობს, რომ თუ უცაბედად გარდაიცვლები, გახვალ ამ ქვეყნიდან შენში სულიწმიდისა და ღვთის იმედისა არ მქონე. მაგრამ სულიწმიდა, რასაკვირველია, შენთანაა… რამეთუ, არც კანონიერ ცოლ-ქმრული ურთიერთობას, არც მშობიარობას, არც სისხლდენას, არც ძილში დაცემას არ ძალუძს ადამიანის ბუნების შერყვნა ანდა სულიწმიდის განშორება მისგან, [სულიწმიდისგან] ადამიანს აშორებს მხოლოდ უღირსება და უკანონო ქმედება.

ამგვარად, თუ შენ, დედაკაცო, ამბობ, რომ განწმენდის დღეებში შენში არაა სულიწმიდა, მაშინ გამოდის რომ შენ ავსებული ხარ უწმინდური სულით. რამეთუ, როდესაც არც ლოცულობ და არც კითხულობ ბიბლიას, უნებლიედ მას მოუწოდებ შენთან…

ამიტომ, მოერიდე, დედაკაცო, ამაო საუბრებს და მუდამ გახსოვდეს შენი შემქმნელი და ილოცე მის მიმართ… ყოველივეს – ბუნებრივი გაწმენდის, კანონიერი ცოლ-ქმრული ურთიერთობის, მშობიარობის, მუცელ-მოწყვეტის, და ხორციელი ავადმყოფობის წესების – დაცვის გარეშე. ყოველივე ამის დაცვა ცარიელია და უგუნური ადამიანების აზრს მოკლებული გამოგონებებია.

…ცოლ-ქმრობა წმინდაა და შეუგინებელი, და შვილთასხმაც სუფთაა … და ბუნებრივი განწმენდა არაა ამაზრზენი უფლის წინაშე, რომელმაც ბრძნულად მოაწყო, რომ ის დედაკაცებს ჰქონოდა… მაგრამ სახარების მიხედვითაც, როდესაც სისხლმდინარე ქალი უფლის სამოსელის მაცხოვნებელ კიდეს შეეხო, რათა გამოჯანმრთელებულიყო, უფალმა ეს საქციელი კი არ დაგმო, არამედ უთხრა: სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ”

ამავე თემაზე VI საუკუნეში წმ. გრიგოლ დიოლოღოსიც წერდა. ანალოგიურ თემაზე მან პასუხი მიწერა ანგლების არქიეპისკოპოსს ავგუსტინს, რომელშიც ახსენა, რომ ქალს შეუძლია შევიდეს ეკლესიაში და მიიღოს წმინდა ზიარება ნებისმიერ დროს – უშუალოდ ბავშვის დაბადების შემდგომ, და კრიტიკულ დღეებშიც:

”არაა საჭირო ქალს აუკრძალო ეკლესიაში შესვლა სისხლდენის დროს, რამეთუ არ შეიძლება მას ბრალად წარუყენო ის, რაც მას მიცემული აქვს ბუნებისაგან, და რის გამოც ქალი იტანჯება თავისი ნების წინააღმდეგ. ჩვენ ხომ ვიცით, რომ სისხლმდინარე დედაკაცი ზურგიდან მიუახლოვდა უფალს და შეეხო მისი სამოსელის კიდეს, რის გამოც მაშინვე განიკურნა. მაშ, თუ მას, როგორც სისხლმდინარეს, შეეძლო შეხებოდა უფლის შესამოსელს და განიკურნა, რატომ არ შეუძლია ქალს დედათა წესის დროს უფლის ეკლესიაში შესვლა?..

ამ დროს არ შეიძლება დედაკაცს აუკრძალო აგრეთვე წმინდა ზიარების მიღებაც. თუ მას არ სურს ამის გაკეთება უდიდესი მოკრძალების გამო, ის შექების ღირსი იქნება, მაგრამ თუ მიიღო, ამით ცოდვას არ ჩაიდენს… და არც კრიტიკული დღეებია ცოდვიანი, რამეთუ თავისი ბუნებიდან გამომდინარეობენ…

ნება მიეცით ქალებს, რომ თვითონ გადაწყვიტონ, და თუ სისხლდენის პერიოდში ისინი არ გაბედავენ უფლის წმიდა ნაწილებთან მიახლოებას, მაშინ ისინი ქების ღირსნი იქნებიან მათი კეთილმორწმუნეობისათვის. მაგრამ თუ … გადაწყვიტეს მიიღონ წმიდა ზიარება, როგორც უკვე ვახსენეთ, ამაში წინააღმდეგობას ნუ გაუწევთ”.

როგორც ვხედავთ, დასავლეთში, სადაც ზემოთ ხსენებული ორივე მამა რომაელი ეპისკოპოსები იყვნენ, ამ თემამ მიიღო საბოლოო და ყველაზე ავტორიტეტული დასკვნა. დღესდღეისობით არც ერთ ქრისტიანს დასავლეთში არც კი გაუჩნდება თავში ის შეკითხვები, რომლებიც უხერხულობას იწვევს ჩვენში – აღმოსავლეთ ქრისტიანული კულტურის მემკვიდრეებს. იქ ქალს შეუძლია მიიღოს ზიარება ნებისმიერ დროს, ქალის ყოველგვარი სისუსტისდა მიუხედავად.

აღმოსავლეთში კი ამ სასკითხთან დაკავშირებით ერთიანი აზრი არ ყოფილა.

III საუკუნის ადრექრისტიანული სირიული დოკუმენტი (დიდასქალია) აღნიშნავს, რომ ქრისტიანი ქალისთვის არაა აუცილებელი დაიცვას გარკვეული დღეები და რომ მას შეუძლია მიიღოს ზიარება ყოველთვის:

წმ. დიონისე ალექსანდრიელი III საუკუნის შუახანებში წერს სხვა რამეს:

”არ ვთვლი, რომ ისინი [ანუ დედაკაცები კრიტიკულ დღეებში], თუ ისინი ერთგულნი და კეთილმორწმუნენი არიან, ამ მდგომარეობაში ყოფნის დროს, გაკადნიერდნენ და შეეხონ ან წმინდა ტრაპეზს, ანდა უფლის წმიდა ნაწილებს. რამეთუ დედაკაცი, რომელსაც თორმეტწლიანი სისხლდენა ჰქონდა, განკურნების მიზნით შეეხო არა უფალს, არამედ მხოლოდ მისი სამოსლის კიდეს. ხოლო ლოცვა, უფლის ხსენება და დახმარებისათვის თხოვნა, როგორ მდგომარეობაშიც კი არ უნდა იყოს ადამიანი, არ იკრძალება. მიახლება კი იმასათან, რაც არის წმიდა წმიდათა, აკრძალული უნდა იყოს სულით და ხორცით ბოლომდე არაწმინდათათვის”.

მოგვიანებით, ასი წლის შემდეგ ორგანიზმის ბუნებრივ პროცესებზე წმ. ათანასე ალექსანდრიელიც წერს. ის ამბობს, რომ ღვთის ყველა ქმნილება “კეთილი და წმინდაა”. “მითხარი, ქრისტესმიერ საყვარელო, რაიმე ბუნებრივ გამონადენს განა კავშირი აქვს ცოდვასთან ანდა უწმინდურობასთან? განა შეიძლება ბრალი დაედოს ვინმეს იმის გამო, რომ მას ნესტოებიდან სისველის ანდა პირიდან ნერწყვის გამონადენი აქვს? უფრო მეტის თქმაც შეიძლება, მაგალითად საშოდან გამონადენი, რომელიც ცოცხალი არსების სიცოცხლისთვისაა აუცილებელი? თუ, წმინდა წერილის მიხედვით, გვჯერა, რომ ადამიანი ღვთის ქმნილებაა, მაშინ როგორაა შესაძლებელი, რომ წმიდა ძალისაგან წარმოშობილიყო საძაგელი ქმნილება? და თუ გვახსოვს, რომ ჩვენ ღვთის ნათესავნი ვართ (მოც. 17, 28), მაშინ არავითარი უწმინდურობა არ იქნება ჩვენში. რამეთუ მხოლოდ მაშინ წავიბილწებით, როდესაც ცოდვას ჩავდივართ, რაც ყველა უწმინდურობაზე უარესია”.

წმ. ათანასეს მიხედვით, აზრები სიწმინდისა და უწმინდურობის შესახებ ბოროტისაგან გვეძლევა, რათა ჩვენი სულიერი ცხოვრებიდან ყურადღება გადავიტანოთ სხვა რამეზე.

ხოლო 30 წლის შემდეგ, წმ. ათანასეს მემკვიდრე წმ. ტიმოთე ალექსანდრიელი ამავე თემაზე სხვანაირად მსჯელობდა. შეკითხვაზე, თუ რამდენად დასაშვებია ქალის ნათლობა კრიტიკულ დღეებში, ის პასუხობდა: “(ნათლობა) უნდა გადაიწიოს, სანამ (დედაკაცი) არ განიწმინდება”.

სწორედ ეს აზრი სხვადასხვა ვარიაციებით ბატონობდა აღმოსავლეთში ბოლო დრომდე. მხოლოდ მამების და კანონისტების ნაწილი იყო უფრო მკაცრი – ქალი ამ დღეებში საერთოდ არ უნდა შევიდეს ეკლესიაში, სხვები კი ამბობდნენ, რომ ლოცვა და ეკლესიაში შესვლა შეიძლება, მხოლოდ ზიარება არ შეიძლება.

და მაინც რატომ არ შეიძლება? გასაგებ პასუხს ამაზე ჩვენ არ ვღებულობთ. მაგალითისთვის მოვიყვან XVIII საუკუნის დიდი ათონელი მოღვაწის და ერუდიტის ღირსი ნიკოდიმ მთაწმინდელის სიტყვებს. შეკითხვაზე, თუ რატომ არა მარტო ძველ აღთქმაში, არამედ წმინდა ქრისტიანი მამების მიხედვითაც დედაკაცის კრიტიკული დღეები ითვლება უწმინდურად, ღირსი მამა პასუხობს, რომ ამაში სამი მიზეზია:

1. ხალხის აღქმის გამო, ვინაიდან ადამიანები ყველაფერს, რაც კი სხეულის ზოგიერთი ორგანოდან გამოედინება როგორც უვარგისი და ზედმეტი, როგორც მაგალითად გამოყოფა ყურიდან, ცხვირიდან, სისველე დახველების დროს და ა.შ., განიხილავენ როგორც უწმინდურს.

2. ყველაფერი ეს განიხილება როგორც უწმინდური, რამეთუ ღმერთი ჩვენი სხეულის მეშვეობით გვასწავლის სულიერებაზე, ანუ ზნეობრივზე. თუ უსუფთაოა ხორციელი, რომელიც ადამიანის ნებისგან დამოუკიდებლად შეიძლება მოხდეს, რამდენად უწმინდურია ჩვენი ცოდვები, რომელსაც ჩავდივართ ჩვენი ნებით.

3. ღმერთი უწმინდურს ეძახის დედაკაცის ყოველთვიურ განწმენდას, რათა მამაკაცებს აეკრძალოს მათთან კავშირში შევიდნენ… ძირითადში და უპირატესად თაობაზე და ბავშვებზე ზრუნვის გამო.

ასე პასუხობს ცნობილი ღვთისმეტყველი. სამივე არგუმენტი სრულებით არასერიოზულია. პირველ შემთხვევაში, პრობლემა იხსნება ჰიგიენური საშუალებებით, მეორე შემთხვევაში – გაუგებარია თუ რა კავშირია კრიტიკულ დღეებსა და ცოდვას შორის?.. იგივეა ღირსი ნიკოდიმოს მესამე არგუმენტთან დაკავშირებითაც. ღმერთი უწმინდურს ეძახის ქალის განწმენდის დღეებს ძველ აღთქმაში, ხოლო ახალ აღთქმაში ბევრი ძველაღთქმისეული გაუქმდა ქრისტეს მიერ. მითუმეტეს, ზიარებასთან რა კავშირშია კრიტიკულ დღეებში თანაყოფნის საკითხი?

ეს საკითხი, თავისი აქტუალურობის გამო, შესწავლილი იყო თანამედროვე ღვთისმეტყველის და სერბეთის პატრიარქის პავლეს მიერ. ამაზე მან დაწერა სტატია, რომელიც ხშირად გამოიცა და რომელიც საკმაოდ დამახასიათებელ სათაურს ატარებს: “შეუძლია თუ არა დედაკაცს ეკლესიაში შევიდეს სალოცავად, ემთხვიოს ხატებს და ეზიაროს, როდესაც ის “უწმინდურია” (კრიტიკულ დღეებშია)”?

უწმიდესი წერს: ”ქალის თვიური განწმენდა არ ხდის მას რიტუალურად და ლოცვისათვის უწმინდურს. ეს მხოლოდ ფიზიკური, ხორციელი უსუფთაობაა, ისევე როგორც სხვა ორგანოებიდან გამონადენი. გარდა ამისა, რადგან თანამედროვე ჰიგიენური საშუალებები ეფექტურად აბრკოლებენ იმას, რომ სისხლის უნებლიე გამოდენით ეკლესია გახდეს უწმინდური… ჩვენ ვთვლით, რომ ამ მხრივაც ეჭვგარეშეა, რომ დედაკაცს ამ პერიოდში სათანადო სიფრთხილითა და ჰიგიენური საშუალებების გამოყენებით, შეუძლია შევიდეს ეკლესიაში, ემთხვიოს ხატებს, მიიღოს სეფისკვერი და ნაკურთხი წყალი, ისევე როგორც მიიღოს მონაწილეობა გალობაში. ზიარება ამ მდგომარეობაში და ნათლობა, მას არ შეუძლია. თუმცა სასიკვდინო ავადმყოფობის დროს შეუძლია ეზიაროს კიდეც და მოინათლოს”.

როგორც ვხედავთ, პატრიარქი პავლე ასკვნის, რომ “ეს მხოლოდ ფიზიკური, ხორციელი უსუფთაობაა, ისევე როგორც სხვა ორგანოებიდან გამონადენი”. ამ მხრივ, გაუგებარია მისი დასკვნა: ეკლესიაში შესვლა შეიძლება, ხოლო ზიარება – მაინც არა. თუ პრობლემა ჰიგიენაშია, მაშინ ეს პრობლემა, როგორც თვით პატრიარქი პავლე შენიშნავს, ამოხსნილია [3]… მაშ, რატომ არ შეიძლება ამ დროს ზიარების მიღება? ვთვლი, რომ მორჩილების და თავმდაბლობის გამო, პატრიარქი უბრალოდ არ გაკადნიერდა ტრადიციის წინააღმდეგ წასულიყო.

რომ დავასკვნათ, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე მართლმადიდებელი მღვდლების უმრავლესობა პატივს სცემს, თუმცა ხშირად არ ესმის ამ აკრძალვების ლოგიკა, მაინც არ ურჩევს ქალებს კრიტიკულ დღეებში ზიარებას.

მღვდლების სხვა ნაწილი (რომელსაც მიეკუთვნება ამ სტატიის ავტორი) ამბობს, რომ ეს ყველაფერი ისტორიული გაუგებრობის გამოა და რომ არაა საჭირო ორგანიზმის არანაირ ბუნებრივ პროცესებზე ყურადღების მიქცევა – ადამიანს შერყვნის მხოლოდ ცოდვა [4].

თუმცა, მღვდლების არც პირველი და არც მეორე ნაწილი აღსარებაზე მისულ ქალებს და გოგონებს არ ეკითხებიან მათ ციკლზე. ამ მხრივ გაცილებით მეტ და არასაქებ მოშურნეობას ამ საკითხში იჩენენ ჩვენი “ეკლესიური ბებიები” (“церковные бабушки”). სწორედ ისინი აშინებენ ახლადმოსულ ქრისტიან ქალებს და გოგონებს რაღაცა “უწმინდურობით”, რომელსაც ეკლესიურად ცხოვრებისას თურმე ესაჭიროება ფხიზელი ყურადღება და მათი გამორჩენის შემთხვევაში, საჭიროა ამის მონანიება აღსარებაში.

მაშ, რა შეუძლია ურჩიოს ავტორმა ზემოთხსენებულთან დაკავშირებით ღვთისმოყვარე დედაკაცებს? მხოლოდ ის, რომ ამ საკითხში ისინი თავმდაბლად უნდა მიყვნენ მათი სულიერი წინამძღვრის რჩევებს.

მღვდელი კონსტანტინე პარხომენკო

————-

1. არის აგრეთვე სხვა “უწმინდური” საგნები იუდეველთათვის: ესა თუ ის საჭმელი, ცხოველები და ა. შ. თუმცა მთავარი უწმინდურობა ისაა, რაც აღვნიშნე.

2. გადმოცემის მიხედვით, სწორედ მას ეკუთვნის პირველშეწირულის ღვთისმსახურების ავტორობა, რომელიც დიდმარხვის დროს აღესრულება.

3. ზოგიერთი მამის მიერ ”კანონებზე” ციტირება არაა მთლად გამართლებული. მართლმადიდებელ ეკლესიაში არაა ამ მხრივ განმარტება, რომელიც მსოფლიო კრების მიერ იქნა მიღებული. არის მხოლოდ წმინდა მამების საკმაოდ ავტორიტეტული აზრები (რაც უკვე ვახსენეთ – წმ. დიონისე, წმ. ათანასე და წ. ტიმოთე ალექსანდრიელები), რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიის კანონთა წიგნშია შესული. ხოლო ცალკეული, თუნდაც საკმაოდ ავტორიტეტული, მამების აზრები – ეს არაა ეკლესიის კანონები **

4. სწორედ რომ ისტორიული და არა ღვთისმეტყველური. ავტორისათვის ცნობილი ამ აკრძალვის ყველა ე.წ. ღვთისმეტყველური არგუმენტი საკმაოდ ხელოვნურია.

————–

მთარგმნელისაგან:

* ხსენებული ნაშრომი ჩნდება III-IV საუკუნეებში და მის ავტორობას წმ. კლიმენტ რომაელს (I ს.) მიაწერენ

** 1997 წლის 26-27 მაისის ანტიოქიის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა დაადგინა:
„ეკლესია და ქალები: წმინდა სინოდმა განიხილა გარკვეული საკითხები, რომლებიც ეხება მორწმუნე მართლმადიდებლების ცხოვრებას და დაადგინა, რომ ქალები და მამაკაცები თანაბარი უფლებით უნდა მონაწილეობდნენ საღვთო მსახურებებში და იღებდნენ წმინდა საიდუმლოებებს. ნებისმიერი მითითება, მოცემული ლიტურგიკულ წიგნებში, რომ ქალი არის უწმინდური და ბილწი, უნდა გაუქმნდეს. მათ შეუძლიათ შევიდნენ ტაძარში და მიიღონ ზიარება ნებისმიერ დროს. ეს მოითხოვს ჩვენი ლიტურგიკული ტექსტების ახლებულ ხედვას”.
Excerpts from the Meeting of the Holy Synod of Antioch, 1997 May 26-27, გამოქვეყნებულია ანტიოქიის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ არსებული ჩრდილოეთ ამერიკის არქიდიოცეზის (საეგრზარქოსოს) ოფიციალურ სამაუწყებლო ჟურნალში The Word, september 1997, რომლის ფოტოასლსაც დანართის სახით გთავაზობთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100