სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამეგრელო - ბიძინა ივანიშვილის ვატერლოო (ვიდეო)

სამეგრელოში, კერძოდ ზუგდიდში გრანდიოზული მიტინგის ჩატარება მეოცნებეებს ჯერ კიდევ ივნისის შუა რიცხვებში ჰქონდათ დაგეგმილი. ბიძინა ივანიშვილს რომ კარგად ესმის სამეგრელოს რეგიონის მნიშვნელობა და ამ რეგიონის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მის მიმართ განწყობაც კარგად იცის, იქედანაც ჩანს, რომ სამეგრელოში მიტინგის ჩატარება „ქართულმა ოცნებამ“ რამდენჯერმე გადადო.

ივანიშვილისადმი ლოიალურად განწყობილი მედიასაშუალებები, ცალკეული ჟურნალისტები თუ ინტერნეტ-მომხმარებლები, პარალელურად, სამეგრელოში აქტიურობის განსაკუთრებულ როლზე აქცენტირებას აგრძლებენ. სამეგრელოში სიტუაციის შემზადების მიზნით მილიარდერმა რეგიონში ირაკლი ალასანია მიავლინა - სავარაუდოდ, მისი წარმომავლობის გათვალისწინებით. ალასანიამ მოახერხა და რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ამ შეხვედრებზეც კი საწინააღმდეგო მოსაზრებების მოსმენა უწევდა.

სამეგრელომ არ მიიღო ირაკლი ალასანია, როგორც ამ კუთხის შვილი. ის რეგიონში აღქმულია, როგორც პოლიტიკური ფიგურა, რომელმაც საქართველოს მისთვის ყველაზე გადამწყვეტ მომენტში: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განუდგა. თითქმის ყველა შეხვედრაზე, რომელიც ალასანიამ ზუგდიდში, სენაკსა და ხობში ჩაატარა, დარბაზში მყოფი, საპირისპირო აზრის მქონე ადამიანები, ძირითადად, საშუალო და ხანდაზმული ასაკის მოქალაქეები, ალასანიას ერთი და იგივე შინაარსის წერილს უგზავნიდნენ: მამაშენს ვიცნობდით და პატივს ვცემდით, საქართველოს მთლიანობას შეეწირა და შენ რამ აგირია გონება, მტრის გამოგზავნილ ივანიშვილს რომ შეეკარი, - ასეთია იმ წერილების შინაარსი, რომელიც ჯერ ალასანიას ხელში, შემდეგ კი ურნაში ხვდებოდა.

ირაკლი ალასანიას ერთხელ, პირად საუბარში დაუჩივლია კიდეც - რომ მცოდნოდა, სამეგრელოში ასე გამტანჯავდნენ მამაჩემთან შედარებებით, არც წამოვიდოდიო...

თუმცა, როგორც იტყვიან, „გადახდა უნდა ვალსაო“ და ჩამოჰკრა ჟამმა, როცა ივანიშვილი ალასანიას დაუკავშირდა და ცატარებული სამუშაოების ანალიზი მოსთხოვა. ალასანიას ისეთი ანალიზი დაუდია მისთვის მაგიდაზე, იმდენი მხარდამჭერი სოფელი და ადამიანი ჩამოუთვლია, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა, ჩასულიყო.

როგორც ჩვენი წყარო გვამცნობს, თბილისიდან სამეგრელოში ჩასვლა ივანიშვილმა სპონტანურად გადაწყვიტა, უახლოეს გარემოცვას კი თბილისში დაუბარა, აბა ვნახოთ, რას დამახვედრებს მამიას ბიჭიო...

სამეგრელოში ივანიშვილის ჩასვლა, რომელიც სრული კრახით დასრულდა, ერთგვარი ტესტი იყო, რომლის მიხედვითაც უნდა განსაზღვრულიყო ამ რეგიონთან მიმართებაში კოალიციისა და მისი ლიდერის შემდგომი სტრატეგია და მიდგომა.

„დრონი.ჯი“ გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც ივნისის დასაწყისშია გადაღებული და სადაც კარგად ჩანს სამეგრელოში ბიძინა ივანიშვილის ჩასვლაც და მისი დამოკიდებულება როგორც განსხვავებული აზრისადმი, ასევე ჟურნალისტებისადმი. ამ უკანასკნელთ ივანიშვილი ჯიუტად მიუთითებს, რა უნდა გააკეთონ („აი, ისინი უნდა გადაიღოთ ახლა თქვენ...“).

ზუგდიდის რაიონის სოფლებში ჩასულ ბიძინა ივანიშვილს ადგილობრივებმა "აგენტი" და "პუტინის მონა" უწოდეს. ინტერვიუს პარალელურად, ოდნავ მოშორებით, მას პოლიტიკური შეხედულებების გამო აკრიტიკებდნენ. ივანიშვილის მხარდამჭერებმა სცადეს "ბიძინას" სკანდირებით გადაეფარათ პროტესტი, რასაც ივანიშვილის ბრძანება მოჰყვა: "ნუ გაეჯიბრებით", რის შემდეგაც კადრში კარგად ჩანს ახალგაზრდა, რომელმაც მაშინვე ჩამოუშვა საყვირლად თუჩებთან მიტანილი ხელი.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, აპირებდა თუ არა იმ ხალხთან შეხვედრას, ვინც სამეგრელოში პროტესტით დახვდა, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა:
"კი, როგორ არა, ყველაზე მეტად მათთან საუბარი მაინტერესებს, მოიყვანეთ და დაველაპარაკები...". - ესეც, ალბათ, ევროპის გასაოცებელი გეგმის ნაწილია: პირადი მცველების ალყაში მყოფი პოლიტიკოსი, რომელიც ჟურნალისტს ავალებს (სთხოვს), განსხვავებულად მოაზროვნე მომიყვანე და დაველაპარაკებიო...

მოგვიანებით ივანიშვილმა ირაკლი ალასანიასთან ერთად პირობა დადო, რომ სამეგრელოში "ძალიან მალე ყველაზე დიდი შეხვედრა ჩატარდება".
ვიდეო ივნისის დასაწყისშია გადაღებული. ივლისი იწურება, მაგრამ "ძალიან მალე" მეოცნებეებისთვის ჯერაც არ დამდგარა...

სამეგრელოში კი მეოცნებეებს ისევ ისე - ირონიითა და ერთგვარი სიბრალულითაც უყურებენ. ამის მაგალითად ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლესიჭინეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან იზორიას ჩასვლაც იკმარებს: ადგილობრივმა მოსახლეობამ იქ მას პირდაპირ უთხრა: მშვენიერი ბიჭი ხარ, შვილო, უჭკუოც არ ჩანხარ და ამათთან რაღა გინდაო...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100