სასამართლომ მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მოჰამმადამინ როოინტანის პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლომ ინფორმაცია ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა,
რომელსაც უცვლელად გთავაზობთ :
"2013 წლის 25 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ მოჰამმადამინ როოინტანის მიმართ.
სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლები და პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ბრალდებულ მოჰამმადამინ როოინტანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა შემდეგ გარემოებათა გამო: ამ ეტაპზე საქმეში მოიპოვება, არსებული სტანდარტის მიხედვით ფორმალური (საპროცესო) და ფაქტობრივი საფუძველი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის, კერძოდ, ბრალდებულ მოჰამმადამინ როოინტანის მიმართ პატიმრობის გამოყენებისათვის, ვინაიდან მოპოვებული მასალები (გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, შემთხვევის ადგილისა და გვამის დათვალიერების ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნივთები, დათვალიერების ოქმები და ამოღებული ნივთები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, მოჰამმადამინ როოინტანის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები, მოჰამმადამინ როოინტანის სახელმწიფო საზღვრის კვეთის მონაცემები, ნივთის ამოცნობის ოქმი, მოწმეების: ჟუჟუნა ბერიძის, ლიანა მგელაძის ინგა დანელიას, თეა ცისკაძის, გოჩა მსხალაძის, მარიამ ჩავლეიშვილის, გურამ მიქელაძის, ქრისტინე დუმბაძის, შინდიკო რიჟამაძის, შუქრი შიშმანიძის, გელა მალაზოანიას, თემურ ჯაიანის, დავით არძენაძის, რომან ლაშხიას ჩვენებები და გამოძიების მიერ მოპოვებული სხვა წერილობითი მასალები) საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" და "გ" პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული შესაძლოა ჩადენილი ჰქონდეს ბრალდებულ მოჰამმადამინ როოინტანის.
ბრალდების მხარის მოთხოვნა ამ ეტაპზე ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე საქმის ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით დასაშვებადაა მიჩნეული, რაც არ ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო პაქტის "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ"" ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციის მოთხოვნებს, არც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიერ მიღებულ არაერთ გადაწყვეტილებათა სტანდარტს, ანუ სახეზეა ხელის შეშლის საფრთხე საქმეზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებისა.
სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება, წარდგენილი ბრალდების სიმძიმე (მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე განზრახ დანაშაულთა კატეგორიას, რომლისთვისაც სასჯელის სახედ გათვალისწინებულია თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა), ქმედების ხასიათი და შინაარსი (მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობაში, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, ანგარებით). ასევე, სასამართლო გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოჰამმადამინ როოინტანმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით დატოვა საქართველოს ტერიტორია, ხოლო აღნიშნული გარემოება იძლევა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ იგი ცდილობს მიმალვას. შესაბამისად, სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია ვარაუდი, რომ მოსალოდნელი სასჯელის გონივრული მოლოდინის რეჟიმში მყოფი ბრალდებულის მხრიდან არსებობს საფრთხე თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში მიმალვის თაობაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
16 წლის მარიამ კოჩალიძე 23 ივლისს ბათუმის ახალი ბულვარის ბოლოს სანაპიროზე მოკლული იპოვეს.
კომენტარი