სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რაჭაში დაკავებულებიდან ექვსი რუსულ ბაზაზე, ოთხი კი ცხინვალში იმყოფება

ონის რაიონის სოფელ ღართან დაკავებულ ათ ქართველ ახალგაზრდას, სავარაუდოდ, ხვალ, დღის ბოლომდე გაათავისუფლებენ, - ამის შესახებ "დრონი.ჯი"-ს ონის ადგილობრივი ხელისუფლებიდან აცნობეს. წყაროს თქმით, გუშინ რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ათი ადგილობრივი ქართველიდან ოთხი ცხინვალშია გადაყვანილი, ექვსი კი ოსური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსი ოკუპანტების ბაზაზე, ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს იმყოფება.

ერთ-ერთი ვერსიით, მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ბაზაზე მყოფ ახალგაზრდებს გვიან ღამით კვაისაში გადმოიყვანენ. ოსურ და რუსულ მხარეებთან მოლაპარაკების პროცესში საქართველოს შსს-ს წარმომადგენლებთან ერთად, უცხოელი დამკვირვებლებიც არიან ჩართულნი.

ონის რაიონის სოფელ ღარში, ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს დაკავებულ ახალგაზრდებს ოსური მხარე ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევას ედავება. ჯერჯერობით არ არის ცნობილი ზუსტი ადგილი, საიდანაც ახალგაზრდები აიყვანეს. ქართული მხარის ვერსიით, რუსი ოკუპანტების საპატრულო ჯგუფი ღარის ტერიტორიაზე გადმოვიდა და ახალგაზრდები სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანა, ოსურმა მხარემ კი უცხოელ დამკვირვებლებს განუცხადა, რომ ათივე დაკავებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აიყვანეს. ამავე დროს, წყარო ონის გამგეობიდან არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ახალგაზრდებს გზა აებნათ და მართლაც მოხვდნენ ოსური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, რომ მეჯვარეობის დღესასწაულზე მისული ქართველი ახალგაზრდები, ონის რაიონში მცხოვრებლები:

ლაშა მარკოიშვილი, დავით ჯელაძე, ვიტალი სამხარაძე, თორნიკე ჯელაძე, ბესო ჯელაძე, დიტო მარკოიშვილი, გიორგი მარკოიშვილი, გიორგი მეტრეველი, ვასო მარკოიშვილი და გია კაკრაშვილი რუსმა ოკუპანტებმა შაბათს დააკავეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100