სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თავისუფლების მოედანზე მიტინგი დაიწყო

რამდენიმე წუთის წინ თავისუფლების მოედანზე მიტინგი დაიწყო. შეკრებილებს სიტყვით პირველმა გია ბურჯანაძემ მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ "აქ ყოფნას დიდხანს არავინ აპირებს".

მანამდე კი ბურჯანაძემ შესავალ სიტყვაში აღნიშნა: "თბილისში მზემ ჩვენს სასარგებლოდ გამოანათა". მისივე თქმით, თავისუფლების მოედნისკენ უამრავი ადამიანია დაძრული და მალე მთელი თბილისი აქ იქნება.

ნინო ბურჯანაძემ "მაესტროს" ეთერში პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა, რომ მიტინგი არ დაიშლება. "რამდენიმე გამომსვლელი სიტყვით მიმართავს ხალხს და სამოქმედო გეგმას გააცნობს, მიტინგის შემდეგ კი ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება".

ცოტა ხნის წინ თავისუფლების მოედანზე თავშეყრილებს სიტყვით "სახალხო კრების" თავმჯდომარე, ნონა გაფრინდაშვილი მიმართა.

"ჩვენს ქვეყანას მომავლის პერსპექტივა არა აქვს", – ასე დაიწყო მან მიმართვა ხალხისადმი.

თავისუფლების მოედნიდან მეტროს სადგურამდე ტერიტორია ხალხითაა დაფარული. მოძრაობა გადაკეტილია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის ჩაიკეტა თბილისის საკრებულოს შენობაც. თავისუფლების მოედანზე, სხვადასხვა ქართული სააგენტოს ვერსიით, 5–დან 7 ათას ადამიანამდეა შეკრებილი, უცხოური საინფორმაციო სააგენტოები (მათ შორის, რუსულიც) კი უფრო დაბალ რიცხვს ასახელებენ. მათი ინფორმაციით, მომიტინგეთა რაოდენობა 4 ათასს არ აღემატება.

ნონა გაფრინდაშვილის შემდეგ მიტინგზე სიტყვით რეზო ესაძე გამოვიდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100