ზურაბ ქურციკიძე ადვოკატ შალვა შავგულიძის მომსახურებაზე უარს ამბობს
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილს გამოთქვამს.
ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა დამატებითი დაკითხვის შემდეგ გლდანის მე-8 საპყრობილესთან მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, "საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ქურციკიძის მხრიდან ჯერ მხოლოდ ცალმხრივი განაცხადი არსებობს".
ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, ქურციკიძემ საქმეში EPA-ს მიერ შეთავაზებული ადვოკატის შალვა შავგულიძის ჩართავზე უარი თქვა.
"ზურა მიიჩნევს, რომ მის საქმეში ჩემსა და მიხეილ ღონღაძის გარდა, სხვა ადვოკატი არ უნდა ჩაერთოს. იგი მადლობას უხდის EPA-ს და მის ოჯახს, რომ სურვილი აქვთ, კიდევ ერთი ადვოკატი ჰყავდეს, თუმცა ამაზე თანახმა არ არის" - განაცხადა ანდრიაშვილმა.
რაც შეეხება დამატებით დაკითხვას, ადვოკატის თქმით, "დღევანდელ დაკითხვაზე ქურციკიძემ გამოძიებას წინა დაკითხვის დროს გახმოვანებული გარემოებების შესახებ ინფორმაცია დაუზუსტა".
კონკრეტულად რა გარემოებებზეა საუბარი, ანდრიაშვილი არ ახმაურებს.
კომენტარი