"ოსეთიდან" "სამხრეთ ოსეთამდე" - როგორ იქმნებოდა პოლიტიკური გეოგრაფია
საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს ისტორიულ მხარეებში უცხო ტომთა დამკვიდრება თუ ბატონობა ასახვას ჰპოვებდა, ხოლმე, ისტორიულ-გეოგრაფიულ ტერმინოლოგიაშიც. ქვეყნის საზღვრებზე ჩნდებოდა ეთნონიმური წარმომავლობის გეოგრაფიული სახელები: “სომხითი”, “ბორჩალო”, “ოსეთი” და სხვ., რომლებიც კარგად აჩვენებდა საქართველოს ცხოვრებაში მიმდინარე ეთნიკურსა და პოლიტიკურ ცვლილებებს.
“ოსეთის” ცნების დამკვიდრება, ცხადია, დაკავშირებული უნდა ყოფილიყო ოსთა ჩამოსახლებასთან დაშლილ-დაქუცმაცებულ და მოსახლეობისგან დაცლილ საქართველოს მთაში XV-XVIII საუკუნეებში. ოსთა მიგრაციის შედეგები პირველად დვალეთმა იწვნია. ვახუშტი ბაგრატიონის მკაფიო ჩვენებით “ხოლო შემდგომად მოოხრებისა ოვსეთისა და შემოსლვისა მათისა კავკასიასა შინა, იწოდნენ ... კავკასიასა შინა მყოფნი მათ შემოსულთაგან ოვსეთად, რამეთუ აწცა გუარიანთა მათ უწოდებენ ოსად, ხოლო სხუათა უგუაროთა – კუალად დუალადვე”. მეცნიერი ბატონიშვილი ოსთა მასობრივ შემოსვლას ცენტრალური კავკასიის მთიანეთში XV საუკუნით განსაზღვრავს და აღნიშნავს, რომ კავკასიანნი და დვალნი მის დროს (“აწ”) “ოსეთად” იწოდებოდნენ.
როდის ეწოდა “დვალეთს” “ოსეთი”?
ქართლის სამეფოს პოლიტიკური თავგადასავლის თხრობისას ვახუშტი, ჩვეულებრივ, “დვალებს” და “დვალეთს” ახსენებს, თუმცა კარგად ჩანს, რომ “დვალეთი” მისთვის “ოსეთი” ანუ ოსებით დასახლებული ქვეყანაა.
ვახუშტი ბატონიშვილის ერთი ცნობის თანახმად, ”ხოლო ვახტანგ გამგე ქართლისა ... კუალად აღიმხედრა სპითა შესლვად ოსეთს და შევიდა და შემუსრნა პ» კოშკნი, მოწვა და მოსტყუევნნა ურჩნი, ჩავლო ზრამაგა და შემოვლო ჟღელის Ãევი და გარდმოვლო კედელასა ზედა და მოვიდა კუდაროს და კუდაროდამ ქართლს გამარჯუებული ქ~სა ჩ~ღია, ქარ. ტ»ჟთ, დაიპყრა დუალეთი და დასდვა ხარკი...”.
ციტირებული ფრაგმენტიდან ისე ჩანს, თითქოს, დვალეთი, რომელიც პოლიტიკურად ქართლია, იმავდროულად, წარმოადგენს (ეთნოგრაფიულად) ”ოსეთს”. ამგვარი ინტერპრეტაციის სისწორეში გვარწმუნებს ვახუშტის ”ქრონიკებიც”, სადაც 1711 წლით დათარიღებულ სხვა ამბებს შორის ნათქვამია: ”ვახტანგ ოსეთი დალაშკრა აგვისტოში”. როგორც ვხედავთ, ამჯერად მხოლოდ ოსეთის კამპანიაზეა საუბარი, ანუ ”ოსეთი” ფარავს ”დვალეთს”.
”ოსეთის” ცნების გაფართოება უკვე XVIII საუკუნის დასაწყისშია დადასტურებული. 1711 წლით დათარიღებულ ერთ მინაწერში ვკითხულობთ: ”... მეფემან ქართველთამან ვახტანგ... ამან ახალმან გორგასალ აღიღო შური მისა... შემოკრიბნა ლაშქარნი საქართველოსნი და წარემართა. ოდეს შევიდეს ძნელსა კარსა ოსეთსასა მაშინვე იძლივნეს და მოისრნეს და შემუსრნეს ციხენი მათნი და წარმოემართნეს მშვიდობით”. ეჭვი არაა, რომ ვახტანგის პანეგირისტი გაბრიელ საგინაშვილი იმავე ლაშქრობაზე მოგვითხრობს, რომელიც ვახუშტის ზემოთმოტანილ ცნობაშია აღწერილი. ყურადღებას კი, განსაკუთრებით, ის გარემოება იპყრობს, რომ აქაც მხოლოდ ოსეთზეა საუბარი.
საინტერესოა, რომ XVII საუკუნის მეორე ნახევრის ქართველი მოღვაწენი ჯერ კიდევ ასხვავებენ ერთმანეთისგან დვალეთს და ოსეთს: ”ჩუენ ხელმწიფემან ბაგრატოვანმან, დიდისა მეფისა შანავაზისა ძემან, მეფემან გიორგი, შემოგწირეთ ზარი ესე წმიდასა მამასა ოსეთისა ქვეყნისა დიღორისა და დვალეთისა მეოხსა...” (1674 წლის წარწერა რექომის ზარზე); ხოლო გიორგი XI-ის ძმა, არჩილი, თავის ”ავტობიოგრაფიაში” გადმოგვცემს, რომ ”... დლვალეთს გარდამოველ, დედოფალი იქ დავაყენე და მე იქივ იმერეთს ჩაველ (1680 წ.) და რვა თთვეს ჩხერს ვიყავ და ისევ დვალეთს წამოველ (1681 წ.) და იქიდამ ოსეთს ფაიქომში გარდმოველ...”. XVII საუკუნის II ნახევარში დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრები ოსეთისა და დვალეთის ”მპყრობელებად” იწოდებიან, ხოლო აფხაზეთის კათალიკოზები ”ოსთა და დვალთა ... საჭეთმპყრობელის” ტიტულს XVIII საუკუნეშიც ატარებდნენ.
იმერეთის მეფეთა ხმაურიან ტიტულს რეალური პოლიტიკური საფუძველიც გააჩნდა. 1601 წელს, კინკლოსების თანახმად, “... დაიპყრა სრულებით დუვალეთ-ოსეთი და აღიღო ციხე და სოფლები მეფემან როსტომ იმერეთისამან”. დიგორელი ოსების დამოკიდებულებას რაჭის საერისთაოზე ვახუშტი ბატონიშვილიც ადასტურებს: “გარნა დიგორი მცირედ რასამე ჰმორჩილებს რაჭის ერისთავს, ვინაÁთგან უპყრიეს მას რაჭაÁ, და არს დღეინდელად დღედმდე ესრეთ”.
პოლიტიკურ ურთიერთობათა ფორმას ფიზიკური და ეკონომიური გეოგრაფია განაპირობებდა. ცენტრალური და აღმოსავლეთ კავკასიონის მთიელთა ყოფა-ცხოვრების აღწერისას ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს, რომ “მორჩილებენ და აძლევენ ხარკთა ჩერქეზთა, მემÃრეთა თÂსთა, უსაზრდლობისა, საშიშლოსა და მარილისათÂს”. რაც შეეხებოდა კონკრეტულად ოსებს, “არა არს ქუეყანათა მათთა შინა მარილი, სელი, კანაფი, და ბამბა და აბრეშუმი, რათამცა ყონ სამოსნი თÂსნი. ამისთÂს უმეტესნი სცხოვრებენ ცხოვართა ტყავითა, გარნა ამათაც ზიდვენ ქართლიდამ, რაჭიდამ და ჩერქეზიდამ. და ამისთÂსცა მორჩილებენ თÂს-თÂსთა მÃარეთა და კუალად უმეტესად საზრდელთათÂსცა”. მარილის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ოსთა ცხოვრებაში სხვა ავტორებიც მიუთითებენ. გიულდენშტედტი კი მოწმობს, რომ “ონში ... სომხები და ებრაელები ვაჭრობენ წედისიდან მოტანილი რკინის ნივთებით, ბამბის ქსოვილებით – ქართლიდან და მარილითა და ფეტვით; ამიტომაც ოსები მოდიან აქ დვალეთიდან და დუგორიდან; მალყარები, ბასიანელები და აგრეთვე სვანებიც მოდიან”.
იმერეთის მეფის ხელისუფლების გავრცელებას დვალეთის და ოსეთის ნაწილზე აღმოსავლური წყაროც ადასტურებს. ისქანდერ მუნში გადმოგვცემს, რომ 1614 წლის ლაშქრობისას, ”გორის სანახებში” დაბანაკებულ შაჰს მოახსენეს, რომ ”იმ მხარეში არის უს-ად წოდებული ერთი ველაიეთი, რომლის მცხოვრებნი ქრისტეს ... რჯულის [მიმდევარი] ურწმუნონი არიან და თუმცა ბაში-აჩუკის ქვეშევრდომებად ითვლებიან, მაგრამ გზების სიძნელის, იქაური ადგილების სიმაგრის და იალბუზთან გადაბმული მთების [დიდი] სიმაღლის გამო ... გაამაყებულნი [და დაიმედებულნი], მეფესაც არ ემორჩილებიანო. შაჰმა ... ერთი რაზმი ისლამისათვის მებრძოლთა ჯარისა ... მათ წინააღმდეგ გაგზავნა. ძლევამოსილმა მოლაშქრეებმა ბევრი გაჭირვება ნახეს იქ ღრმა თოვლით დაფარულ გზებსა და ხევებზე გადასვლის დროს. [იქაურები] ვინც საბრძოლველად გამოვიდა, ღაზიების მახვილებსა და შუბებს ვერ გადაურჩა... ხოლო ვინც ტყესა და მთაში ეძებდა თავშესაფარს, მათი საცხოვრებლები დაარბიეს და აიკლეს [ყიზილბაშებმა], დაახლოებით ხუთასი კაცი ტყვედ წამოიყვანეს და ორიათასამდე ძროხა და ხარი და ცხვარი ხელში ჩაიგდეს და გამარჯვებულები შაჰის ბანაკში დაბრუნდნენ”.
მოტანილ ამონაწერში დამოწმებული ”უსა” რომ ოსეთად უნდა წავიკითხოთ, ეს ფარსადან გორგიჯანიძის თხზულებიდან ჩანს. იმავე ამბებს ქართველი ისტორიკოსი ასე აღწერს: ”ყაენი ნიქოზს მივიდა და იქიდამ ჯარი გაუძახა და ოსეთი დარბევინა და გიორგი მეფეს რისხვიანი წინგნი მისწერა...”.
ამრიგად, ირკვევა, რომ XVII ს-ის დასაწყისისათვის იმერეთის მეფეს ნომინალურად ექვემდებარებოდა ”უსა” ანუ ”ოსეთი”. კინკლოსური ქრონიკისა და ვახუშტის ზემოთმოტანილი ცნობების გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ”ოსეთი” გულისხმობს არამხოლოდ დვალეთს, არამედ საკუთრივ ოსეთის ხეობებს. ამას გვიდასტურებს, ერთი მხრივ, დიგორელების, ვალაგირელების, ქურთათელების გადმოცემები სახის ანუ შაჰ-აბასის ლაშქრობებსა და ბრძოლებზე გალიათთან, ნუზალთან, ძივგისთან, ხილაკთან; ციხე-სიმაგრეების აღებასა და ეკლესია-მონასტრების გადაწვაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ”თქმულება საქართველოს გვირგვინის შესახებ”: ”დიგორი ემორჩილებოდა ქართველ ფადიშაჰს ერეკინეს” – ასე იწყება ჩვენთვის საინტერესო ოსური გადმოცემა. ერეკინე, როგორც ჩანს, ერეკლე II-ა (ცნობილია მისი მჭიდრო ურთიერთობა ჩრდილოეთ კავკასიელებთან, მათ შორის, ოსებთან), მის პიროვნებაში კი პერსონიფიცირებულია რამდენიმე ქართველი მეფე. ეს ჩანს ამავე გადმოცემის იმ ადგილიდან, რომელშიც ნათქვამია, რომ ერეკინემ გულმოწყალებისთვის საჩუქრად მიიღო ზეციური ოქროს გვირგვინი, რომელიც თაობიდან თაობაში გადაეცემოდა ქართველ მეფეებს რუსეთთან შეერთებამდე.
ამრიგად, ოსთა მიგრაციისა და დვალთა დენაციონალიზაციის შედეგად დვალეთი თანდათანობით ”ოსეთის” ნაწილად მოიაზრება. გარკვეული მინიშნებით, ეს პროცესი უკვე XVII საუკუნის დასაწყისიდან უნდა დაწყებულიყო (ისკანდერ მუნში, ფარსადან გორგიჯანიძე), მაგრამ დასრულდა არაუადრეს XVIII ს-ის დასაწყისისა; თუმცა ამავე საუკუნის შუახანებში ჯერ კიდევ შემორჩენილო ჰქონდათ თავისი ეროვნული ნიშნები: ”ენა აქუთ ძუელი, დუალური, და აწ უბნობენ ოსურსა საკუთრად...” – ამბობს ვახუშტი.
შემდგომ ხანებში “ოსეთი” შიდა ქართლის ტერიტორიაზეც ვრეცელდება. ტერმინი ”ოსეთი” შიდა ქართლის მთიანი თემების აღსანიშნავად პირველად პაპუნა ორბელიანის თხზულებაში დასტურდება. “ამბავნი ქართლისანის” წაკითხვა ცხადყოფს, ტერმინი არა მთელი შიდა ქართლის მთიანეთის, არამედ ოსებით დასახლებულ ცალკეულ ხეობების აღნიშნავად გამოიყენებოდა. მემატიანესთვის “ოსეთია” ხან “ოსნი ერისთავისანი”, ხან “თრუსი” (თრუსო?), ხანაც “არაგვის ოსი” ან “ქსნის ერისთვის ოსნი”, ანდა “ორთავ საერისთაოსნი” ოვსნი.
ერთ ადგილას პაპუნა ორბელიანი წერს, რომ აჯანყებული შანშე ერისთავის წინააღმდეგ გაგზავნილი ჯარი “გაჰყვეს ... სამად, მისცეს ერთი ჯარი არაგვის ერისთავს და გარდაუსიეს ლომისაზე, მეორე ჯარი ქსანზე შევიდა და მესამე ჯარი ლიახვზედ... უყვეს თარეში, ააოÃრეს ქსანი...”; შემდეგ საბრძოლო მოქმედებებმა პატარა ლიახვზე გადაინაცვლა: მტერმა “დააქცია ციხე აწერისა და ანუ სადა სიმაგრენი იყვნეს, სრულად ააოÃრა. გაუშვა მარბიელი ავღნისა და საცა რამ დარჩომილიყო, დაატყვევეს, ოსეთს აქათ სულ აჰყარა...”. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ჩვენი ავტორი “ოსეთს” სინონიმის გარეშე მოიხსენიებს, თუმცა აღწერილობა ისეთი დეტალურია, რომ ჩვენთვის საინტერესო ტოპონიმი პატარა ლიახვის სათავეებთან თუ მის მეზობლადაა სავარაუდებელი.
იგივე ამბებს ვახუშტი ბატონიშვილი ასე გადმოსცემს: “შემდგომად მოიქცა რა შანადირ ... წარმოავლინა სპანი და მოადგნენ შანშეს; გამოიყვანეს ამათ აწერის ხევის ციხიდამ ცოლშვილი შანშესი და ტყუენი მრავალნი... და ალიყული ხან, რომელი იყო თავ სპათა და ხანი ტფილისისა, შევიდა მაღრან-დუალეთს, მოსტყუევნა იგი და მთანი შანშესანი. არამედ ჟამურის ოვსთა აოტეს ხანი და მოსწყÂდნეს სპანი მისნი”.
ამ ცნობათა ურთიერთშპირისპირებიდან ჩანს, რომ პაპუნა ორბელიანის “ოსეთს” ვახუშტი ბატონიშვილის “ჟამურის ოვსნი” შეესაბამება; ისიც, თითქოს, ნათელია, რომ ეს დაურბეველი “ოსეთი” არ ფარავს დარბეულ მაღრან-დვალეთსა და ქნოღოს (= “მთანი შანშესანი”?). ისიც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ “ოსეთის”
სხვა ნარატიული და აგრეთვე, დოკუმენტური წყაროებიდანაც ირკვევა, რომ შიდა ქართლის ოსური ახალშენები იმ სენიორიების, ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულების ან ხევების/ქვეყნების მიხედვით მოიხსენიებოდნენ, სადაც ისინი ცხოვრობდნენ: “სა¬ხა¬სო ოსი ნა¬რა, შპა, კუ¬და¬რო”, “არაგ¬ვის ოსი ზა¬ხას, თრუ¬სოს, ჭვრივს, და Ãა¬დას და ღუ¬დას”, “ქსნის ოსი”, “მა¬ჩაბ¬ლის ოსი” ან “სამაჩაბლოს ოსები”, “კუდაროელი ოსი”. გამოიყენებოდა უფრო ზოგადი ტერმინებიც _ “პი¬რა¬ქეთ და პი¬რი¬ქით ოსებ¬ი”, “პირიქით და პირაქეთი ოსი”. პირაქეთი ოსები კავკასიონის მთავარ ქედს სამხრეთით, არაგვის, ქსნის, დიდი და პატარა ლიახვის სათავეებში მცხოვრებ ოსებს გულისხმობს, ხოლო პირიქითი – ქედს ჩრდილოეთით, თერგისა და არდონ-მამისონის სათავეებში მცხოვრებთ. ზოგჯერ პირიქითი ოსი (“ოსისა პირიქით ჯარსა...”, “ჯარი ოსეთისა, პირიქითნი კაცნი...”) ჩრდილოკავსიელ ოსს გულისხმობს.
ამრიგად, შიდა ქართლის “ოსეთი” წარმოადგენდა არა ტერიტორიულ ან ადმინისტრაციულ ერთეულს, არამედ კრებით ტერმინს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩამოსახლებულ ოსთა სოფლების აღსანიშნავად. ტერმინი “ოსეთი”, სავარაუდოდ, XVIII ს-ის II ნახევარში იკიდებს ფეხს. ყოველ შემთხვევაში, ნიაშნდობლივია, რომ მას არ იცნობს ვახუშტი ბაგრატიონი.
გიორგი ჭეიშვილი
კომენტარი