აბა, პელე?!. – ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის წერილში მხრების აჩეჩვა არ ჩანს, მაგრამ იგულისხმება
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური წერილით მიმართა ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას და კონკრეტულად, მის პრეზიდენტს, ბატონ რიკარდო ტეიშეირას.
სფფ–ის წერილის საფუძველი გახდა ფედერაციაში შემოსული განცხადება, რომელსაც ხელს აწერს ბატონი ნიკო პატარქალიშვილი. მისი თქმით, ამა წლის ნოემბრის თვეში, საქართველოში იგეგმება ოთხთა ტურნირი, საქართველოს, ბრაზილიის, ურუგვაისა და პარაგვაის მონაწილეობით, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება ფეხბურთის მეფე – პელე.
სფფ–მ ბრაზილიურ მხარეს აცნობა: "ჩვენ არ ვართ ჩართულები ამ პროექტში, ამიტომ, თქვენგან გვაინტერესებს, ხართ თუ არა საქმის კურსში აღნიშნულ ტურნირთან დაკავშირებით, სადაც ერთ–ერთ მონაწილედ ბრაზილიის ნაკრებიცაა დასახელებული. მიიღეთ თუ არა დასტური სხვა მონაწილე გუნდებისგან და იცით თუ არა რამე პელეს ვიზიტთან დაკავშირებით“– ნათქვამი იყო სფფ–ის წერილში.
საპასუხო წერილი სფფ–ში საკმაოდ ოპერატიულად მოვიდა:
„თქვენი წერილის თანახმად, გატყობინებთ, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრები არ არის აღნიშნულ ტურნირში ჩართული. ასევე, არ მაქვს ინფორმაცია ბატონი პელეს გეგმებზე თქვენს ქვეყანაში ვიზიტთან დაკავშირებით. თუ დამატებითი შეკითხვები გაგიჩნდებათ, ყოველთვის მზად ვართ სიამოვნებით გიპასუხოთ“ – სიტყვასიტყვით წერია წერილში და მას ხელს აწერს პირადად ბატონი ტეიშეირა. – ეს ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ–გვერდზეა განთავსებული, "დრონი.ჯი" კი თავის მხრივ დასძენს, რომ ჯერ კიდევ 5 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში "როდის "დააპატიმრებენ" ნიკო პატარქალიშვილს "სპორტული აფერისტობისთვის?" "პრესა.ჯი" წერდა, რომ პატარქალიშვილის განცვხადებები პელეს ჩამოყვანასთან და "ოთხთა ტურნირის" გამართვასთან დაკავშირებით, ამ ბიზნესმენის მორიგი ბლეფი იყო. ამ წერილის წაკითხვა შეგიძლიათ აქ.
კომენტარი