სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი აბდალაძის აღიარებითი ჩვენების დეტალები (ვიდეო)

დაკავებული ფოტოგრაფებიდან ერთ-ერთმა, გიორგი აბდალაძემ გამოძიებას აღიარებითი ჩვენება 16 ივლისს მისცა და იგი მთავარმა პროკურატურამ დღეს გამოაქვეყნა. აღიარებითი ჩვენების ვიდეოჩანაწერი თექვსმეტწუთიანია და გიორგი აბდალაძე დაწვრილებით ჰყვება რუსულ სპეცსამსახურებთან მისი კავშირების შესახებ, დაწყებული ჯერ კიდევ 2002 წლიდან.

აბდალაძის დაკითხვას, რომელიც აღიარებით ჩვენებაში გადაიზარდა, დაკავებულის ადვოკატთან ერტად, ეკა ბესელიაც ესწრებოდა, რომელსაც გამომძიებლებმა კითხვების დასმის უფლებაც მისცეს.

გიორგი აბდალაძემ ჩვენება 2002 წლის გახსენებით დაიწყო - იმ პერიოდით, როცა გაზეთ „კვირის პალიტრის“ ფოტორეპორტიორად მუშაობდა და ერგნეთის ბაზრობაზე კონტრაბანდული ტვირთის შესახებ ფოტორეპორტაჟის მოსამზადებლად იმყოფებოდა:

„ჩვენთვის მოულოდნელად, სეპარატისტებმა მე და მძროლი დაგვაკავეს, მერე კი ცხინვალში გადაგვიყვანეს. მიგვიყვანეს გაურკვეველ შენობაში, სადაც შესასვლელთან რუსული აბრევიატურა შევნიშნე. მე ცალკე საკანში ვყავდით და მცემდნენ, ზოგჯერ ოთხი კაციც მირტყამდა. ჩხრეკის დროს მიპოვეს პრეზიდენტის აკრედიტაცია და ჩართული დიქტოფონი, რის შემდეგაც უფრო მეტად მცემეს. ფიზიკური ზემოქმედება დღენახევარს გრძელდებოდა. მერე მომიტანეს რაღაც ქაღალდი, მითხრეს, რომ ჯაშუშობაში და დივერსიების მოწყობის მცდელობაში მედებოდა ბრალი და ხელი უნდა მომეწერა. თავდაპირველად უარი ვთქვი, მაგრამ ისევ ცემა დამიწყეს და ხელის მოწერა მაიძულეს. მერე გადამიყვანეს ციხეში, გამთენიისას კი ერთი პიროვნება მოვიდა და მითხრა, რომ გავყოლოდი. მიმიყვანეს გარემონტებულ შენობაში, სადაც რუსები დამხვდნენ. ორი რუსი ოფიცერი იყო, ძალიან თავაზიანად მექცეოდნენ. მაგიდაზე დამიდეს ჩემი ოჯახის წევრების ფოტოები და მითხრეს, რომ თუ თანამშრომლობას არ დავთანხმდებოდი, მათ ლიკვიდაციას მოახდენდნენ. თანხმობის მერე მოიტანეს ბლანკის ფურცელი და მოვაწერე ხელი ისე, რომ თვალი არ გადამივლია. ამის სემდეგ, გათავისუფლებამდე, კიდევ ერთ შენობაში მიმიყვანეს და შეგვხვდა მათი უშიშროების მინისტრი, რომელმაც მითხრა, რომ გვათავისუფლებდნენ და პრობლემები არ შეგვექმნებოდა“. ერთი წლის შემდეგ, როცა გიორგი აბდალაძე უკვე სხვა რედაქციაში მუშაობდა (რომელიც გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობაში მდებარეობდა), მას რუსთაველის მეტროსთან შეხვდა შუახნის მამაკაცი, რომელმაც შეახსენა ცხინვალში ხელმოწერილი ხელშეკრულება და უთხრა, რომ უნდა მისულიყო პეროვსკაიას ქუჩაზე, იგორ გიორგაძის პარტიის ოფისში და იქ მისცემდნენ დავალებებს.

„იქ ერთი მამაკაცი შემხვდა, რომელმაც მითხრა, რომ ჩემს შესახებ საქმის კურსშია. დამავალა, რომ მიტინგები და სხვა სახის ღონისძიებები გადამეღო და სურათები კომპში ჩამეყარა. ასე ვაკეთებდი რამდენიმე წლის განმავლობაში და მათგან ვიღებდი ანაზღაურებას ხელზე“, - იხსენებს აბდალაძე.

2007 წლიდან, პარლამენტში მუშაობის დროს გიორგი აბდალაძეს დაუკავშირდა ზურაბ ქურციკიძე, რომელმაც მიანიშნა, რომ იცოდა მისი თანამშრომლობის შესახებ რუსულ სპეცსამსახურებთან, ცხინვალზეც გადაუკრა სიტყვა და მიახვედრა, რომ ისიც იმავე ძალებთან თანამშრომლობდა. ქურციკიძემ აბდალაძეს პირველი დავალებები მისცა. ზურაბ ქურციკიძე ითხოვდა პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრების ამსახველ ფოტოებს და მოითხოვდა, რომ აბდალაძეს პირველად მისთვის მიეწოდებინა ფოტოები, მოგვიანებით კი ფოტოებთან ერთად, სტენოგრამული ჩანაწერებიც მოითხოვა.

შემდეგი დავალება ქურციკიძემ აბდალაძეს გორიდან, 2008 წლის აგვისტოში მისცა: აბდალაძე უნდა ჩასულიყო კონფლიქტის ზონაში და უნდა გადაეღო ფოტოები, სადაც უნდა ასახულიყო, როგორ იხევდა ქართული ჯარი უკან და რამდენად უკმაყოფილო იყო ამის გამო მოსახლეობა.

ბოლო პერიოდში კი აბდალაძე-ქურციკიძის თანამშრომლობა მას შემდეგ გაგრძელდა, რაც გია აბდალაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში ფოტოგრაფად დაიწყო მუშაობა. ქურჩიკიძემ დაავალა საგარეო საქმეთა მინისტრის და სხვა თანამდებობის პირების შეხვედრების ფოტოების მიწოდება. ოდნავ მოგვიანებით ქურციკიძემ მისგან სტენოგრამიული ჩანაწერების მიწოდებაც მოითხოვა .

„სამსახურებრივად არ მევალებოდა, მაგრამ ქურციკიძის დავალებით ვაკეთებდი სტენოგრამებსაც, მაგრამ მერე ვეღარ ვასწრებდი, ამიტომაც საგარეო საქმეთა სამინისტროში, მეოთხე სართულზე ავდიოდი, ჩემი კომპიუტერის მწყობრიდან გამოსვლას ვიმიზეზებდი და იქედან მზა სტენოგრამებს ვტვირთავდი, რასაც მერე ქურციკიძეს ვაწვდიდი“, - ამბობს აბდალაძე.

მთავარი პროკურატურის განცხადებით, ანალოგიური აღიარებითი ჩვენება 14 ივლისს მისცა გამოძიებას ზურაბ ქურციკიძემაც, თუმცა დღეს ეს ჩვენება არ გამოქვეყნებულა. ერთ-ერთი ვერსიით, ქურციკიძემ აღიარებითი ჩვენება მხოლოდ იმ პირობით მისცა, რომ მისი აღიარება საჯარო არ გახდებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100