ბარსელონაში “შიშველთა შერიფის” თანამდებობა შემოიღეს (ვიდეო)
ბარსელონაში პირველად ჩასულ ტურისტს აუცილებლად მოხვდება თვალში ის, რასაც ადგილობრივები, უკვე კარგა ხანია, შეეჩვივნენ და უცნაურობადაც არ ეჩვენებათ, თუმცა, როგორც გაირკვა, არც მაინცდამაინც სიამოვნებთ: წელზემოთ შიშველი მამაკაცებისა და საბანაო კოსტუმებში გამოწყობილი ქალი ტურისტების სიმრავლეს. ბარსელონაში მათ ყველგან შეხვდებით: ველოსიპედით მოსეირნეებს, ქუჩაში ღიღინ-ღიღინით მიმავალთ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკამზე არხეინად მოკალათებულთ...
ითვლებოდა, რომ წელზემოთ შიშველი ან საცურაო კოსტუმში გამოწყობილი ქალები ბარსელონის ერთ-ერთი დამახასიათებელი სურათი იყო, მაგრამ ის დრო, როცა მოსახლეობის უმრავლესობა თუ არა, მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც ასე ფიქრობდა - წარსულს ჩაბარდა.
ამიტომაც, ქალაქის მმართველებმა უკიდურეს ზომებს მიმართეს: ვინც სანაპიროდან მოშორებით გაივლის ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას გამოჩნდება წელზემოთ შიშველი ან მხოლოდ საცურაო კოსტუმში გამოწყობილი, პოლიციელებს აქვთ უფლება, მათ “წითელი ბარათი” უჩვენონ, იგივე ქმედების გამეორების შემთხვევაში კი 300 ევროს ოდენობის ჯარიმა გამოუწერონ.
პოლიციელი: “ ასე, ძირითადად, ტურისტები დადიან: წელზემოთ შეშვლები, ან საცურაო კოსტუმებში გამოწყობილები - იქ, სადაც სანაპირო შორსაა. ადგილობრივები ამის გამო თავს უხერხულად და, მართალი გითხრათ, დამცირებულადაც კი გრძნობენ”.
პირველი ტურისტი: “მთავარია, რომ პირველად გაჩერების დროს გაგვაფრთხილებენ. სანამ ასე იქნება, არ გვექნება პრეტენზია”.
მეორე ტურისტი: “მე ვფიქრობ, ეს სიგიჟეა. თითოეულმა ადამმიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, როგორ იაროს”.
კაცმა რომ თქვას, სიშიშვლე უკვე გადის მოდიდან, როგორც “თავისუფალი სულის” თუ “ამბოხის” ერთგვარი გამოხატულება. ევროპის ბევრ ქვეყანაში და, მათ შორის, გერმანიაშიც ასეულობით ადამიანი ტოვებს ნუდისტთა ორგანიზაციებს.
კომენტარი