„ქართული ოცნება“ მხოლოდ „სექსუალური ლტოლვის ეტაპგადალახულებს“ შეუძლიათ (ვიდეო)
ადვოკატ არჩილ კბილაშვილის აზრით, "ადამიანი პოლიტიკაში მაშინ უნდა მივიდეს, როდესაც სექსუალური ლტოლვის ადრეფიზიოლოგიური ეტაპი გადალახული აქვს".
ამის შესახებ კბილაშვილმა დღეს ბიძინა ივანიშვილის მომავალი პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომლის ერთ-ერთი წევრი თვითონაა.
"ეს ჩემი პირველი საჯარო გამოსვლაა. ამ წუთებში ჯერ კიდევ ადვოკატი და მოქალაქე ვარ. ვნახოთ, ამ გამოსვლის შემდეგ პოლიტიკაში დებიუტი როგორი იქნება. მე აქ ვარ, სადაც ჩემი მსოფლმხედველობისა და ზნეობრივი კატეგორიების, მრწამსის ურთიერთგადაკვეთაა.
უფრო გასაგებად რომ გითხრათ, მსოფლმხედველობრივად მე იმ ლიბერალურ-დემოკრატიულ პრინციპებს მხარს ვუჭერ და ვიზიარებ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა სამოქმედო ასპარეზზე იმთავითვე განაცხადა. ჩემთვის ესაა ადამიანის უფლებები და თავისუფლება, თავისუფალი ბიზნესი, რომელსაც სახელმწიფო მართავს, მაგრამ არ ერევა, თავისუფალი სასამართლო, თვითმმართველობა და მინიმალური რეგიონული სახელმწიფოებრივი მმართველობა.
ეს ის ღირებულებებია, რომელიც ჩემთვის პატივსაცემი და ღირებულია. პატივს ვცემ იმ დიდ ღირებულებებს, როგორიცაა ეროვნული, მართმადიდებლური ფასეულობები, რომელიც ბატონმა ბიძინამ, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა, მანამდე განახორციელა. ბატონ ბიძინაში არის სინთეზი პროდასავლური და ეროვნული ღირებულებებისა. ეს არის განუმეორებელი, უნიკალური მოვლენა მე-20 საუკუნეში, მინიმუმ და არა მარტო. რაც შეეხება იმას, თუ რატომ მაქვს და მაქვს თუ არა უფლება, აქ ვიყო.
მე ასეთი პრინციპები მაქვს: თუ ადამიანი პოლიტიკაში მიდის, ის შემდგარი პროფესიონალი უნდა იყოს; პოლიტიკაში წამსვლელ ადამიანს მინიმუმ, მატერიალური გარესამყარო მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს, რადგან საზოგადოებისთვის საშიში არ გახდეს;
თუ უტრირებაში არ ჩამითვლით, პოლიტიკაში იმ ასაკში უნდა მივიდეს ადამიანი, როდესაც მისი სექსუალური ლტოლვის ადრეფიზიოლოგიური ეტაპი გადალახულია, ანუ მოწიფულ ასაკში, როდესაც ადამიანს შეუძლია, სრულად გააცნობიეროს ის რეალობა, რომელიც მის წინაშეა.
როცა ამ სიტყვებს ვამბობ, 40 წლისა ვარ, მყავს მეუღლე და სამი შვილი, ადვოკატის პროფესიით 18 წელიწადია, ვმუშაობ, მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული მატერიალური გარესამყარო მაქვს და მეგობრები მყავს, რომლებიც ამ ზნეობრივ ხედვას იზიარებენ. მე მოვდივარ აქ, რადგან დასაკარგი მაქვს, ამას ჩამოვდივარ ფსონად და ამან უნდა განაპირობოს ჩემი პასუხისმგებლობა.
თუმცა ჩემი დასაკარგი რა მოსატანია იმასთან მიმართებაში, რაც ბატონმა ბიძინამ გაიღო და ფსონად ჩამოვიდა", - განაცხადა კბილაშვილმა და დასძინა, რომ "ის ნაბიჯები, რომლებიც ახლა იდგმება, დროული და ადეკვატურია". (პირველი)
კომენტარი