ლევან კალანდაძე: "ღურტას ინციდენტი მომავალში მასობრივ კანონდარღვევათა რეციდივს შექმნის"
ექსპერტთა ოთხეული: ლევან კალანდაძე, ირაკლი ლექვინაძე, გიორგი აბაშიშვილი და ლევან ალაფიშვილი ღია განცხადებას ავრცელებენ ბოლო პერიოდში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ სოფელ ღურტაში განვითარებულ მოვლენებზე და აცხადებენ, რომ მოსახლეობის მხრიდან პროტესტის მსგავსი ფორმის გამოვლინება, როგორიცაა გზის გადაკეტვა, კანონიერი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.
მათი თქმით, მსგავსმა ტენდენციამ, შესაძლოა, მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტები მნიშვნელოვნად დააზარალოს, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და საინვესტიციო მიმზიდველობას გააუარესებს.
ლევან კალანდაძე: ("საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა")
"საკუთარი პრობლემებისადმი საჯარო ხელისუფლების ყურადღების მიქცევის მიზნით მოსახლეობის საჯაროდ შეკრება თუ პროტესტის გამოხატვა დემოკრატიის მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომლის კანონიერი გზით განხორციელებაში ხელშეწყობა მთავრობის ფუნქციაა.
ბოლო პერიოდს თუ გადავხედავთ დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის მესტიასა და ხულოშიც, მოსახლეობა იკრიბებოდა ამჟამინდელი თუ სამომავლო პრობლემების საჯაროდ გამოხატვისთვის - ეს ნორმალურია. მაგრამ, გზის გადაკეტვა, სამართალდამცავთათვის თუ ხელისუფლების წარმომადგენელთათვის წინააღმდეგობის გაწევა და საქმიანობაში ხელის შეშლა კანონდარღვევაა, ეს არ არის დემოკრატიის სტანდარტი.
გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ და ვშიშობთ, რომ ასეთი ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვება შექმნის სახიფათო პრეცედენტებსა და მასობრივ კანონდარღვევათა რეციდივს. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ჰიდროენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული თუ სხვა საინვესტიციო პროექტის განხორციელებისას იქნება დაინტერესებული პირების ანალოგიური მოქმედებების მცდელობა, რაც მნიშვნელოვნად დააზარალებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს, გააუარესებს საინვესტიციო მიმზიდველობას."
ექსპერტები იმედოვნებენ, რომ მათ განცხადებას სხვებიც შეუერთდებიან.
კომენტარი