გიორგი კაპანაძე: ბიზნესის ინტერესია რომ მეტი ყურადღება დაუთმოს ინტერნეტ-მედიას
„ბიზნესს ჯერ კიდევ არ ესმის ბოლომდე თუ რამდენად მნიშვნელოვანი, საჭირო და ეფექტურია ინტერნეტ-მედიაში მეტი რეკლამის განთავსება“, - აცხადებს კავკასიის ინტერნედ მედია ჯგუფისა და მედია-ჰოლდინგ დრონი.ჯის ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე.
- რამდენად გაიაზრა ქართულმა ბიზნესმა ინტერნეტ-მედიის როლი, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო მეტად ანგარიშგასაწევი ხდება?
გიორგი კაპანაძე: ბიზნესი, რეკლამისათვის გამოყოფილი თანხების უდიდეს ნაწილს სატელევიზიო სივრცეში ხარჯავს მაშინ, როდესაც საკმაოდ ეფექტური რეზულტატის მიღება შეუძლია ინტერნეტ მედიის დახმარებით - ცხადია, ბევრად დაბალ ფასად.
ინტერნეტ მედია, დღეს, საქართველოში, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველაზე სწრაფად ვითარდება.
იცით რომ ჩვენ, ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგულ და ცნობად ინტერნეტ-მედია რესურსებს ვფლობთ, თითქმის ყველა სფეროში...
თუმცა, სამწუხაროდ, ბიზნესს ჯერ კიდევ არ ესმის ბოლომდე თუ რამდენად მნიშვნელოვანი, საჭირო და ეფექტურია ინტერნეტ-მედიაში მეტი რეკლამის განთავსება.
ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, რომელთაგან უმთავრესი არაკომპეტენტურობაა. წარმოიდგინეთ, ისეთი კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი, რომელიც ახალგაზრდებისათვის მნიშვნელოვან პროდუქციას აწარმოებს, დირექტორს, დამფუძნებელს არწმუნებს დახარჯოს ასი ათასობით ლარი მოსაწყენ სატელევიზიო რეკლამებში და უარი თქვას მარტივად აღსაქმელ, ვიზუალურად მდიდარ, ტექსტობრივად გამართულ ინტერნეტ-რეკლამაზე - მინიმალურ ფასად.
ამგვარი კომპანიების ხელმძღვანელებმა არ იციან რომ ახალგაზრდებისა თუ საშუალო ასაკის ადამიანთა უდიდესი ნაწილი, ინტერნეტში უფრო მეტ დროს ხარჯავს, ვიდრე ტელეეკრანებთან. შესაბამისად, რეკლამისათვის განკუთვნილ ფინანსებს არაეფექტურად ანაწილებენ და შედეგიც მინიმალური აქვთ.
- სარეკლამო ბიზნესის არასწორი პოზიციონირების გარდა, კიდევ რა სახის პრობლემებია მედიაში?
- ცხადია, მედიას, განსაკუთრებით კი სატელევიზიო მედიას დღეს ჩვენს ქვეყანაში პრობლემები მართლაც აქვს.
მაგალითად: ნომერ პირველი ტელევიზია - რუსთავი 2 ხელისუფლების წნეხის ქვეშ იმყოფება. ხელისუფლებას ინტერესები აქვს მაესტროს მიმართაც, რაც მედია-პლურალიზმისათვის, რომელიც ასე მნიშვნელოვანია, ნოყიერ ნიადაგს ვერ ქმნის.
ხელისუფლება თავს ისეთ მდგომარეობაში იყენებს, თითქოს მედია-პლურალიზმის მხრივ ყველაფერი კარგადაა და ეს ხდება მაშინ, როდესაც ევროკავშირისა თუ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორის - ამერიკის ხელისუფლების მაღალჩინოსნები შეშფოთებით და მკვეთრად საუბრობენ რუსთავი 2-ის საქმეზე.
- ლარის გაუფასურებამ და ეკონომიკურმა კრიზისმა რა უარყოფითი შედეგები გამოიწვია მედია-სფეროში?
- ეროვნული ვალუტის გაუფასურება ყველა სფეროს აზარალებს და რა თქმა უნდა, მედიასაც. საქართველოს მოქალაქეებისათვის ცხოვრება კიდევ უფრო გაძვირდა. შექმნილი სიტუაცია აუცილებლად აისახება სარეკლამო ბიზნესზეც.
კერძოდ: სატელევიზიო თუ სხვა სახის მედია-ორგანიზაციების დიდი ნაწილი, რეკლამას უცხოური ვალუტის ექვივალენტის შესაბამისად ყიდის. ეს იმას ნიშნავს რომ ბიზნესს, ლარის გაუფასურების გამო, რეკლამა გაუძვირდა.
ბიზნესს ახლა გაცილებით მეტი ფინანსური რესურსის „ჩასხმა“ მოუწევს რეკლამაში, ვიდრე თუნდაც რამდენიმე თვის წინ უწევდა.
თუმცა, ჩვენს მედია-ორგანიზაციებში, ყველა სახის რეკლამა ეროვნულ ვალუტაში იყიდება და ეს, ჩვენი პრინციპული არჩევანია.
მიუხედავად არსებული არასახარბიელო გარემოებებისა, არც ფასები გაგვიზრდია და არც ვალუტა შეგვიცვლია.
ჩემი კომპანიების მარკეტინგისა თუ გაყიდვების მენეჯერები, მომხმარებლებს მათ ინტერესებზე ორიენტირებულ შესაძლებლობებს სთავაზობენ და მზად არიან თავიანთი მაქსიმუმი გააკეთონ იმისათვის რომ ბიზნეს-პარტნიორების გაყიდვებმა და ცნობადობამ შესამჩნევად მოიმატოს.
მოვუწოდებთ ბიზნესს, იაქტიურონ და მეტი ყურადღება დაუთმონ ინტერნეტ-მედიას, რაც უპირველეს ყოვლისა, მათი წარმატებისთვის არის მნიშვნელოვანი.
კომენტარი