სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ტაბულა“ ტელეკომპანია „იმედს“ სასამართლოში უჩივლებს

"ტაბულა" ტელეკომპანია " იმედს" სასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ „ტაბულას“ რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ჯერ კიდევ დილით სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ კედელზე, სტატუსად დაწერა, მოგვიანებით კი „ტაბულას“ ვებ-გვერდზე უკვე ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდა. „ფეისბუქზე“ დაწერილ სტატუსში თამარ ჩერგოლეიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი მათე კირვალიძე ქურდობაში დაადანაშაულა. საუბარი შეეხებოდა ნატოს გენმდივნის თანაშემწის, ჯეიმს აპატურაის ინტერვიუს, რომელიც „იმედის“ ეთერში გავიდა. თამარ ჩერგოლეიშვილმა დაწერა, რომ ინტერვიუს პირველი ნაწილი „ტაბულას“ ეკუთვნოდა, „იმედმა“ კი არათუ წყარო არ მიუთითა, იმაზეც იზრუნა, რომ „ტაბულას“ ლოგო არ გამოჩენილიყო.

მოგვიანებით „ტაბულას“ ვებ-გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"პარასკევს, 9 მარტს, ტელეკომპანია იმედის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა რეპორტაჟი ბრიუსელიდან, სადაც 7 მარტს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. ქრონიკამ გააშუქა ალიანსის გენერალური მდივნის წარმომადგენელის სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, ჯეიმს აპატურაის განცხადებები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივასა და ქვეყნის ISAF-ში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ.

სიუჟეტში გამოყენებულია ჯეიმს აპატურაის ვიდეო-ინტერვიუს ფრაგმენტი, რომელიც ალიანსის გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ჟურნალ ტაბულას ექსკლუზიურად მისცა - ისე, რომ ნახსენები არ არის ინტერვიუს ავტორი და შეგნებულადაა დაფარული ტაბულას ლოგო. საერთო კონტექსტიდან კი რჩება შთაბეჭდილება, რომ აპატურაიმ ხსენებული განცხადებები ტელეკომპანია იმედისთვის გააკეთა.

კომენტარები, რომელიც ტაბულას კუთვნილებაა, გამოყენებულია ასევე სიუჟეტის შესავალში, წყაროს დასახელების გარეშე. ტაბულა თვლის, რომ ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო სამსახურმა, ჟურნალისტური ეთიკის უპატივცემულობის გარდა, დაარღვია საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ (მუხლი 14. გამომცემლის განსაკუთრებული უფლებები), სადაც განმატებულია, რომ „პრესაში ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებაში გამოქვეყნებული ექსკლუზიური მასალის სხვა საინფორმაციო საშუალების მიერ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია იმ საინფორმაციო საშუალების დამოწმება, რომელშიც ეს მასალა პირველად გამოქვეყნდა“.

ტაბულა ტელეკომპანია იმედისგან ითხოვს ზიანის კომპენსაციასა და მისი საავტორო უფლებების საჯარო აღიარებას, იმ საშუალებებითა და ფორმით, რომელიც თანაზომადია იმედის მიერ ამ უფლების დარღვევასთან. ამ მიზნით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის საფუძველზე, ტაბულა სასამართლოს მიმართავს",-ნათქვამია "ტაბულას" ინფორმაციაში.

"ტაბულას" განცხადება

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100