სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

HK MP7 - გერმანული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი

MP7 არის გერმანული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომელიც იწარმოება ცნობილი გერმანული კომპანიის - Heckler & Koch - ის (H&K) მიერ. თავდაპირველად, იარაღი შეიქმნა, როგორც პერსონალური თავდაცვის იარაღი, რომელიც განკუთვნილი იყო იმ სამხედო მოსამსახურეებისათვის, რომლებსაც შტატით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი არ ეკუთვნით, მაგალითად ტანკებისა და სხვა სახის ჯავშანტექნიკის მძღოლებს, არტილერისტებსა და სხვა. MP7 ფართო საზოგადოებამ პირველად 2000 წელს იხილა. მისი სერიული წარმოება კი 2001 წელს დაიწყო და ის ანალოგიური დანიშნულების ბელგიური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის - FN P90-ის მთავარ კონკურენტად ითვლება. ამჟამად MP7 გერმანიის, სამხრეთ კორეისა და გაერთიანებული სამეფოს და სხვ რამდენიმე ქვეყნის არმიათა და სპეციალურ დანიშნულების ჯგუფების შეიარაღებაში იმყოფება. მიიჩნევა, რომ ახალ გერმანულ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს 200 მეტრიდან CRISAT-ის ტიპის ჯავშანჟილეტის გახვრეტა შეუძლია.

გერმანული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი 4.6 x 30 მილიმეტრი კალიბრის ვაზნებზეა გათვლილი. ეს ვაზნა „ნატოს“ მოთხოვნების მიხევით 1989 წელს შეიქმნა და პერსონალური თავდაცვის იარაღებისათვის იყო განკუთვნილი. მიუხედავად ძალიან მცირე კალიბრისა, ტყვიას საკმაოდ მაღალი ჯავშანშეღწევადობა ახასიათებს და წარმატებით გამოიყენება ჯავშანჟილეტების წინააღმდეგ.

ქსოვილისაგან დამზადებული მაღალი ხარისხის ჯავშანჟილეტები შეიქმნა, რათა არაეფექტური გაეხადა ისეთი იარაღები, რომლებიც ჩვეულებრივ, პისტოლეტის ვაზნებზეა გათვლილი, მაგალითად ისეთები, როგორიცაა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი MP5 ან პისტოლეტი USP. ამ ტენდენციის საპასუხოდ კომპანია „ჰეკლერ-კოხმა“ შეიმუშავა MP7-ის ტიპის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი (UCP-ის ტიპის პისტოლეტთან ერთად. ორივე ერთსა და იმავე ტიპის ამუნიციაზე იყო გათვლილი, თუმცა პისტოლეტის პროგრამა ახლა შეჩერებულია), რომელის ტყვიასაც თავისუფლად შეუძლია ჯავშანჟილეტის გარღვევა.

პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ MP7-ის ავტომატიკა დენთის წვისას გამოყოფილი აირების უკუცემის პრინციპზეა დამყარებული. იარაღი განსაკუთრებული დიზაინის მქონე ჯავშანგამტან ტყვიებს ისვრის, რომელთა საწყისი სიჩქარეც საიერიშო შაშხანებისათვისი განკუთვნილი „ნატოს“ სტანდარტის 5.56 x 45 მმ კალიბრის ტყვიების საწყის სიჩქარეს უახლოვდება. ამუნიციის ეს სახეობა უნიკალურია პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს შორის იმით, რომ მისი ტყვია ხშირ შემთხვევაში მთლიანად მტკიცე ფოლადისაგან არის დამზადებული, მაშინ, როდესაც სხვა სახის ვაზნების გულებს გაცილებით უფრო რბილი მეტალებისაგან - სპილენძისაგან ან ტყვიისაგან ამზადებენ. ყოველივე ამასთან ერთად MP7-ის 4.6 x 30 მილიმეტრი კალიბრის CPS Black Tip-ის ტიპის ვაზნას ძალიან მცირე უკუცემა აქვს. მისი გასროლისას გამოყოფილი ენერგია კი 525 ჯოულს უდრის, რაც თითქმის, გაცილებით უფრო დიდი, 9 x 19 მილიმეტრი კალიბრის Parabellum-მის ტიპის ვაზნის გასროლისას გამოყოფილ ენერგიას უდრის.

ტყვიის დიამეტრი საკმაოდ მცირეა, რაც ასევე მცირე ზომის მჭიდში დიდი რაოდენობით ვაზნების მოთავსების საშუალებას იძლევა. გერმანულ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ MP7-ს ორი სხვადასხვა ტევადობის მქონე მჭიდი გააჩნია, ესენია: 20 ან 40 ვაზნიანი. მჭიდი იარაღში ზუზსტად ისე მაგრდება, როგორც პისტოლეტებში, ანუ იმ სახელურში, რომელთანაც სასხლეტია განთავსებული. იარაღის ცეცხლის წარმოების რეჟიმის შერჩევის ღილაკი და გადატენის მექანიზმი მის ორივე მხარესაა განთავსებული, რაც მას ცაციებისთვისაც მოხერხებულს ხდის. MP7-ს აქვს კეცადი კონდახი და სახელური, რომელიც სასხლეტის წინ არის განთავსებული. იარაღიდან ცეცხლის გახსნა შესაძლებელია როგორც პისტოლეტის მსგავსად ცალი ხელით, ისე ორივე ხელითაც. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი კომპაქტური და მსუბუქია, რაც მის კონსტრუქციაში პოლიმერული ნივთიერებების ჭარბი გამოყენებით იქნა მიღწეული.

MP7-ები სტანდარტულად აღჭურვილნი არიან ღია ტიპის კეცადი რკინის სამიზნეებითა და Picatinny rail-ის ტიპის მიმმართველებით. ეს უკანასკნელი იარაღზე სხვადასხვა ტიპის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობების დამონტაჟების საშუალებას იძლევა. პისტოლეტ-ტყვიამფრქევის ლულის გვერდებზე ასევე შესაძლებელია დამატებითი მიმმართველების დამონტაჟებაც, რაც იარაღის ლაზერული მიზანმომნიშვნელითა და ტაქტიკური ფარნით აღჭურვის საშუალებას იძლევა. MP7-ზე ასევე შესაძლებელია მაყუჩის დამაგრებაც.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მრავალ იმ ქვეყანაში, რომლებსაც შეიარაღებაში MP7-ები აქვთ, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს ხშირ შემთხვევაში მისი დანიშნულებისამებრ არ იყენებენ, ანუ ის არ ასრულებს პერსონალური თავდაცვითი იარაღის როლს, ის მრავალ შემთხვევაში გამოიყენება როგორც შეტევითი იარაღი, სხვადასხვა სპეციალური დანიშნულების მოიერიშე ჯგუფების მიერ.

army.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100