აფბა: „სი-ტი პარკის“ ჩანაცვლების მიუხედავად, პარკინგის პრობლემის მოგვარების ხედვა გაურკვეველია
თბილისში კომპანია „სი-ტი პარკს“ პარკირების ადმინისტრირების განხორციელების უფლებამოსილების ვადა რამოდენიმე დღეში ეწურება. შესაბამისად, ათი აპრილიდან პარკირების მოწესრიგება თბილისის მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში გადავა. თუმცა, ამ დრომდე მერიის წარმომადგენლების მხრიდან, არ ჩანს კონკრეტული კონცეფცია თუ როგორ აპირებს მერია საპარკინგე მომსახურების განხორციელებას.
სხვადასხვა მედია საშუალებებში თბილისის მერიის მაღალჩინოსნების მხრიდან არ გაჟღერებულა კონკრეტული გეგმა საპარკინგე მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე, მხოლოდ სატრანსპორტო პოლიტიკის კონტექსტში განიხილება. რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომა მართებული არ არის და რჩება კონკრეტული კითხვები, რომლებზეც, სამწუხაროდ, თბილისის მერიას დასაბუთებული პასუხები არ აქვს.
მერიის მაღალჩინოსნების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ მათ გააჩნიათ ყველა რესურსი პარკირების მენეჯმენტის სრულფასოვნად განსახორციელებლად. კერძოდ, მათი განცხადებით, მერიას აქვს საპარკინგე ადგილების დახაზვის, საგზაო ნიშნების დაყენების, საჯარიმო ქვითრების გამოწერის და ევაკუაციის საშუალება. თუმცა, ჩამოთვლილი პარამეტრების მიუხედავად, პასუხები არ არსებობს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიც არის პარკირების პროგრამული უზრუნველყოფა და მონიტორინგის სისტემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს დასაბუთებული ეჭვები, რომ მერია არ არის სათანადოდ მომზადებული თბილისში სრულფასოვანი საპარკინგე მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებით.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებებისა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია „სი-ტი პარკის“ თანამშრომლების დასაქმების საკითხი. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, მას „სი-ტი პარკის“ თანამშრომლების ბედი აწუხებს და, შესაბამისად, მერია აუცილებლად გამოიყენებს მათ გამოცდილებას. ასევე, მოხდება „სი-ტი პარკში“ მომუშავე თანამშრომლების თბილისის მერიაში დასაქმება. თუმცა, მიუხედავად ამისა, თბილისის მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან ცნობილი ხდება, რომ მიმდინარე პროცესების პარალელურად ხდებოდა სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლების გადამზადება და მათ დაევალებათ უბილეთო მგზავრების კონტროლთან ერთად, პარკირების სისტემის კონტროლის განხორციელებაც. ცხადია, ასეთი მიდგომა ბუნდოვანს ხდის „სი-ტი პარკში“ დასაქმებული ადამიანების ბედს და ამ მიმართულებით, მერიის წარმომადგენლების მხრიდან აუცილებელია მკაფიო განცხადების გაკეთება.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ჯერ კვლავ გაურკვეველია, არის სამომავლოდ პარკინგის საფასურის სისტემის ცვლილება. კერძოდ, საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი იქნება თუ არა შემოღებული საათობრივი გადახდა საპარკინგე მომსახურებაზე, რაც, რა თქმა უნდა, ამყარებს ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ მერიას საპარკინგე მომსახურების კონცეპტუალური ხედვა არ გააჩნია.
კომენტარი