სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეგინება-დაგინება და კალაძის „ოტებაი საკვირველი“ კარალეთში (ვიდეო)

ძალიან ბევრ ადამიანს, კარალეთში გუშინ მომხდარი ამბების შემდეგ ერთი კარგი ლექსის დასაწყისი ამოუტივტივდა გონებაში: „გაგონდება თუ არა, კარალეთის დღეები...“. სხვისი რა გითხრათ, მაგრამ კახა კალაძეს, ალბათ, კარგა ხანს მოაგონდება - ავტოგოლებზე მწარედ და მტკივნეულად, რადგან იმ ავტოგოლებში თუ შემთხვევითობა იყო გარეული (თუმცა, ესეც ბევრს აეჭვებს უკვე), კარალეთში ყოველგვარი შემთხვევითობა გამოირიცხა: იქ კახა კალაძე შეგნებულად, წინასწარგანზრახულად იგინებოდა, ომგადატანილ დევნილებს შეგნებულად უმტკიცებდა, რომ ომი რუსეთთან საქართველომ დაიწყო და შეგნებულადვე უბრძანა დაცვას, იარაღები ამოეღოთ...

თუმცა, კალაძის „გამართლება“ მაინც შეიძლება: მას არ შეუგინებია, უბრალოდ, დაიგინა. აბა, რას ამბობთ, შეგინებასა და დაგინებას შორის სხვაობა როგორ არ არის, ნუთუ გრეჩიხა-უფროსისთვის არასდროს მოგისმენიათ? „მტყუვნის დედას შევ**ი!“, - ასე გამოსცრა კალაძემ და თავით ისეთი მოძრაობაც დაამატა, მოედანზე რომ ფეხბურთელებს კარში ბურთის დარტყმის დროს ახასიათებთ, ხოლო ქუჩაში - გინების რიტმს აყოლილ „ძერსკებს“. ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი ხუთკაციანი დაცვის გარემოცვაში მდგარი, ერთ დროს სახელოვანი ფეხბურთელი, რომელსაც ხელები მისივე დაცვის წევრების ზურგებზე ჰქონდა შემოწყობილი და იგინებოდა. ნეტავ, ასე „ძერსკად“ თავის დროზე იტალიის ნაკრებთან თამაშის დროს მოქცეულიყო...

როცა შეგინებას თუ დაგინებას საპასუხო გინება მოჰყვა, დაცვა აბობოქრდა: „ვის აგინებ, ბიჭო?“ - და დაპირისპირებაც აქედან დაიწყო... რამდენიც უნდა იძახონ მეოცნებეებმა, ხელისუფლებამ „ზონდერები“ დაგვახვედრა და ქვებიც მათ დაგვიშინესო, ფაქტია, რომ კარალეთში ჩასული მეოცნებეები არა „ზონდერებმა“, არამედ მოსახლეობამ აოტნა. კალაძის „ოტებაი საკვირველი“ კი, ნამდვილად მძიმე სანახავი იყო: სამოცდაათზე მეტ ბრგე ჯეელს ქალები და კაცები ქვების სროლით მისდევდნენ და ისე მიერეკებოდნენ, როგორც მეცხვარე მორჩილ ფარას...

არ ვიცი, ვინ დაინახა „ზონდერი“ გავრცელებულ კადრებში და არც ის ვიცი, იდენტიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ ვის დააკავებს შსს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ის მოხუცი კაცი, რომელიც მეოცნებეებს ბატებივით მიერეკებოდა და ხელში „ზონდის“ ნაცვლად უბრალო კეტი ეჭირა, ზონდერი ნამდვილად არ იყო. ბაბუ გამწარებული იძახდა: „თქვე პუტინისტებო!“ და ჯოხს უფრო დასაშინებლად იქნევდა, ვიდრე ვინმეს დასაზარალებლად. მას მხარი მეორე ბაბუმ აუბა და მეოცნებეებს „რუსეთის ბოზები“ ეძახა. არც ის ჰგავდა ზონდერს, ღმერთმანი...

რა თქმა უნდა, არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არანაირი გამართლება არა აქვს ძალადობას, ვისგანაც უნდა მოდიოდეს ის, მაგრამ დავაკვირდეთ, როგორ იქცევა „ქართული ოცნება“:

ა) კარალეთში, ანუ ოკუპაციის ზოლთან ახლოს შეხვედრაზე უშვებს აგრესიულ კახა კალაძეს, არანაკლებ აგრესიულ სოზარ სუბარს, ოდიოზურ გია ყარყარაშვილს და მათ აყოლებს დაახლოებით სამოცდაათკაციან აქტივისტთა ჯგუფს. ვინმეს თუ ეჭვი შეეპარება, რომ კარალეთში თბილისიდან ჩასულები, მინიმუმ, ამდენი იყვნენ, შეუძლია მასალას თანდართული ვიდეო ნახოს;

ბ) ასეთი შემადგენლობა კარალეთში მიდის მიუხედავად იმისა, რაც მოხდა მეზობელ სოფელში, მერეთში, სადაც დაახლოებით ერთი კვირის წინ მეოცნებეებსა და მათ ლიდერს ასევე აგრესიით შეხვდნენ;

გ) კარალეთში არ ჩადის მთავარი მეოცნებე - ბიძინა ივანიშვილი, სავარაუდოდ, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე;

დ) კახა კალაძე კარალეთში მიდის შეიარაღებული დაცვის თანხლებით და ხალხს მათი „ალყიდან“ ესაუბრება, თანაც, საკმაოდ აგრესიულად;

ე) კალაძის დაცვის წევრები არ არიან ჩაცმულნი ისე, რომ შესაძლებელი იყოს დასაცავი ობიექტის გარჩევა დაცვის წევრებისგან, ხოლო დაცვის წევრების - შეხვედრის დანარჩენი მონაწილეებისგან, არადა, ცივილიზებულ საზოგადოებაში დაცვის გამორჩევა პრევენციის ზომადაა მიჩნეული და ზოგ შემთხვევაში პროტოკოლითაც კი მოითხოვება;

ვ) მოსახლეობის მზარდი უკმაყოფილების მიუხედავად, მეოცნებეები სოფელს არათუ ტოვებენ, არამედ აგრძელებენ აგრესიულად პაექრობას, ხოლო „ნორჩი მეოცნებეები“ წრეზე დადიან და მეგაფონში „ბიძინას გაუმარ-ჯოს!“ გაჰყვირიან, ანუ, ესკალაციის საფრთხის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ ცეცხლზე ნავთს ასხამს;

ზ) პირევლი გაწევ-გამოწევა იწყება კალაძის ფრაზის „მტყუვნის დედას შევ**ი!“ შემდეგ, როცა ადგილობრივები ფეხბურთელს ადეკვატურ პასუხს უბრუნებენ, კალაძის დაცვა კი ამის გამო ერთ-ერთ დევნილს პასუხს სთხოვს.

თ) უკანდახევისას, როცა კალაძეს დაცვა თავზე ეფოფრება და მანქანებისკენ გარბიან, ხოლო ხალხი ქვებს ისვრის, კალაძის გარემოცვიდან ისმის მოწოდება სროლის შესახებ, ხოლო თავად კალაძე განკარგულებას იძლევა: „იარაღები ამოიღეთ!“ მგონი, საკმარისია, იმის გასარკვევად, ვის რა უნდა და ვინ როგორი მეთოდებით იბრძვის. ძალიან ბევრს დაობენ იმაზე, თუ რატომ მიდიან სხვა სოფლების მცხოვრებლები მსგავს შეხვედრებზე და რატომ აქტიურობენ მათზე მეტს, ვინც შეხვედრის ადგილად არჩეული სოფლის მკვიდრია. პასუხი მარტივია: თუკი მეოცნებეებს შეუძლიათ, თბილისელები ჩაიყვანონ კარალეთში, თანაც ისეთები, რომლებიც ხალხთან კონტაქტში არც კი შედიან, რატომ არა აქვთ უფლება ტყვიაველებს, კარალეთში ჩატარებულ შეხვედრებს დაესწრონ?

მოკლედ, პირველი „ოტებაი საკვირველი“ კარალეთში შედგა. ღმერთმა ქნას, უკანასკნელი იყოს და არჩევნებამდე მშვიდად მივიდეთ, მაგრამ წინ სამეგრელოა, რომელიც ივანიშვილის მომხრეებმა თავიდანვე შეადარეს ბერლინის აღების მნიშვნელობას მეორე მსოფლიო ომის ბოლოს. სამეგრელოც ხომ ბოლოსთვის აქვთ შემონახული, თუმცა, თბილი იქნება „ბოლო ლუკმა“ თუ მწარე, მგონი, ძნელად გამოსაცნობი არ უნდა იყოს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100