სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ალასანიას მორიგი კრახი სამეგრელოში (ვიდეო)

ირაკლი ალასანიას შეხვედრები სამეგრელოში თანდათან უფრო ხმაურიანი ხდება. შეხვედრებზე ხშირად შეხვდებით მოქალაქეებს, რომლებიც პრეტენზიას გამოთქვამენ ალასანიას მიმართ. პრეტენზიები, ძირითადად, ირაკლი ალასანიას ცნობილ განცხადებას უკავშირდება - სამეგრელოში თითქოსდა არსებული ბანდფორმირებების შესახებ. სხვათა შორის, სამეგრელო არაა ერთადერთი რეგიონი სამეგრელოში, სადაც ირაკლი ალასანიას მსგავს პრეტენზიას უყენებენ: ამას წინათ, ივანიშვილთან ერთად გორის რაიონში სტუმრობის დროს, საოკუპაციო ზოლიდან დაახლოებით 300 მეტრში, სოფელ მერეთში, ერთ-ერთმა ადგილობრივმა გლეხმა ალასანიას პირდაპირ მიახალა: „შენ მაინც არ გრცხვენია? მამაშენმა ქვეყანას თავი შესწირა და შენ ვის გვერდით დგახარ?“. ამის პასუხად ალასანიამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ დაბნეული ფრაზა შეაგება: „შენ არ გაქვს სწორი ინფორმაცია...“. ისე, საინტერესოა, რომელი ინფორმაცია იყო არასწორი: ის, რომ ალასანიას მამამ თავი ქვეყანას შესწირა თუ ის, რომ ასეთი მამის შვილი რუსული პროექტის განხორციელებაში მონაწილეობს?..

ამ სიტყვიერი კინკლაობის ამსახველ ვიდეოში არის ისეთი ეპიზოდიც, როცა ირაკლი ალასანია ხანშიშესული გლეხის ვინაობით ინტერესდება და როცა შეკითხვას უსვამს, მისგან ალალმართალ პასუხს ღებულობს: „ვინ ვარ? შენ ვინ ხარ, თორემ მე კი ვიცი, ვინც ვარ - შენ თეთრი ხარ და მე მზეში გახუნებული კაცი ვარ...“
მზეში გახუნებული კაცები და ქალები ალასანიას არც სამეგრელოში შორდებიან და ხშირად ახსენებენ თავს - ივანიშვილის მარცხენა ხელის (რადგან ოლიგარქი ცაციაა) პირველი კრახი სენაკში გამართული შეხვედრა იყო, როცა ერთ-ერთმა დამსწრე ქალმა სიტყვის მიცემა ითხოვა და ალასანიასგან უარი მიიღო. ქალმა გაპროტესტება სცადა, მაგრამ ამისგან არაფერი გამოვიდა და ქუჩაში გადაინაცვლა, ხოლო როცა ალასანია შენობიდან გამოვიდა, პრეტენზიის თქმა პირადად დააპირა, მაგრამ გაეროში საქართველოს ყოფილმა ელჩმა მანქანაში ჩაჯდომა და იქაურობის გაცლა ამჯობინა: შეხვედრის პიარ-ნაწილი ხომ უკვე დასრულებული იყო...

საინტერესო დეტალია, რომ სამეგრელოში გამოკითხული თვით ივანიშვილის მცირერიცხოვანი მომხრეებიც კი არ იზიარებენ ალასანიას პათოსს თითქოსდა რეგიონში სააკაშვილის მიერ შექმნილი ბანდფორმირებების არსებობის შესახებ. ამ საკითხზე შეკითხვის დასმას ისინი გაოცებითაც კი ხვდებიან. არადა, ალასანიას რომ ჰკითხო, სამეგრელოში ყველა ადასტურებს ბანდფორმირებების არსებობს. საბოლოოდ, ეს „ყველა“ სულ თითებზე ჩამოსათვლელ ადამიანებამდე დადის.

სამეგრელოში „ჩასახლებულ“ ალასანიას ადგილობრივები ვერ აღიქვამენ ამ კუთხის შვილად, რომელიც რეგიონის პრობლემებით დაინტერესდება და მათ მოგვარებაზე იზრუნებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ წინასწარ შეკრებილ ხალხთან ზუგდიდის ქუჩებში შეხვედრები ალასანიას პოპულარობას ვერაფერს სძენს, თანაც, როგორც წესი, „მარცხენა ხელი“ ამ შეხვედრებზე თითქმის ერთი და იგივე ხალხით დადის, რომლებსაც ზუგდიდელები ძალიან კარგად იცნობენ: ლუიზა ფიფია, „გრანტიჭამიად“ წოდებული გალიდან დევნილი მურმან მალაზონია, მერაბ ქვარაია და სხვები ის ხალხია, ვინც თავის დროზე, ბეჟან გუნავას ედგა გვერდით, მერე კი - ბადრი პატარკაციშვილს.

ამასთან, ქუჩის შეხვედრებიდან თითქმის ყველას სკანდალი ახლავს თან. ხმაურს, რომელიც ამ შეხვედრებს სდევს თან, ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი ან სულაც, მისი საკუთარი მედიასაშუალებები ისე აშუქებენ, როგორც პროვოკაციას და ამის გასამართლებლად, ერთი შეხედვით, მარტივ მიზეზს ასახელებენ: ამბობენ, რომ ის პირები, ვინც ალასანიას წინააღმდეგ აქტიურობენ, იმ ქუჩის მცხოვრებლები არ არიან. შესაძლოა, ეს მართლაც ასეა, მაგრამ ამ მედიასაშუალებებს, რომლებიც ივანიშვილსა და ალასანიაზე განაწყენებულებს კამერებით დასდევენ, ობიექტივის გვერდზე შეტრიალება რომ არ ავიწყდებოდეთ, ალასანიას გარემოცვაში უამრავ ადამიანს გადაიღებდნენ, რომლებიც არათუ იმ ქუჩაზე არ ცხოვრობენ, სადაც შეხვედრა ტარდება, არამედ ყველგან თან დაჰყვებიან ოლიგარქის მარცხენა ხელს და არავის მოსდის აზრად, მათ ჰკითხოს, არიან თუ არა იმ ქუჩის მცხოვრებლები. ასე, „შაკით“ სიარული ალასანიას მოგონილი არ არის - ამ მეთოდს აქტიურად იყენებს თვითონ ივანიშვილიც...

ზუგდიდში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული შეხვედრა მოსახლეობასა და ირაკლი ალასანიას შორის ერისთავის ქუჩაზე იყო, სადაც რამდენიმე ახალგაზრდა გამოჩნდა, რომლებიც ალასანიას წარსულზეც უკიჟინებდნენ და სამომავლო პროირიტეტებზე, რუსეთთან ურთიერთობაზეც უსვამდნენ შეკითხვებს. ალასანია დასმულმა შეკითხვებმა იმდენად გააღიზიანა, რომ განწყობა ვერ დამალა და ახალგაზრდებს „მოსყიდულები“ უწოდა, რასაც მათი მხრიდან მწარე რეაქცია მოჰყვა. ერთ-ერთმა ახლაგაზრდამ, რომელმაც ეს დამოკიდებულება ვერ აიტანა, ალასანიას მისამართით გადააფურთხა კიდეც, ხოლო ალასანიას გარემოცვის წევრები მას და სხვებს „ძვლებში გადამტვრევით“ ემუქრებოდნენ. როგორც ჩანს, დამტვრეული ძვლების „სურვება“ დემოკრატიით ევროპის გაოცების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია.

და ბოლოს: ივანიშვილმა „მარცხენა ხელს“ საკუთარი წინასაარჩევნო სტრატეგიის დაგეგმვა მიანდო და ალასანიამაც ნოვატორული მიდგომა გამოამჟღავნა: სოფლებში მოულოდნელი ვიზიტები. ივანიშვილს იდეა, თავდაპირველად, როგორც ჩანს, მოეწონა, მაგრამ რამდენიმე სოფელში მოსახლეობის აგრესიული დახვედრის შემდეგ „მარცხენა ხელის“ პიარ-გეგმაზე უარი თქვა - გორის რაიონის სოფელ მერეთში, აჭარის მაღალმთიანეთში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ოდიშში ჩატარებული მსგავსი შეხვედრები იმდენად წარუმატებელი აღმოჩნდა, რომ ოლიგარქმა მათ გაგრძელებაზე უარი თქვა, ხოლო სამეგრელოში გამწესებულმა „მარცხენა ხელმა“ „პერსონალური შენიშვნა მიიღო...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100