სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადება

მინდა, სამძიმრით დავიწყო. გუშინ გორში ძალიან დიდი უბედურება, ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც სრულიად საქართველო შეძრა. მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს.


ძალიან მიმძიმს ამ თემაზე საუბარი. ყველას გვყავს პატარები, შვილები და ძალიან მძიმეა ის, რაც მოხდა. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირებისთვის. რაც შეეხება დღევანდელი ჩემი გამოსვლის შინაარსს, პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო პარტიის თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას ჟურნალისტებთან, რომელიც დღეს გაიმართა. მან დღეს ჟურნალისტების წინაშე ამომწურავად განმარტა ყველა აქტუალური საკითხი, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას, მათ შორის ის საკითხები, რომელთა გამოყენებასაც პარტიული ტელევიზია - „რუსთავი 2“ საარჩევნოდ ნეგატიური ფონის შესაქმნელად იყენებდა.

ჩვენ გვაქვს მყარი პრინციპები და ღირებულებები და ეს არის გარანტია იმისა, რომ „ქართული ოცნება“ არასოდეს დაუშვებს ისეთ გადაცდომებს, რომლებიც საზოგადოებას ძალიან ცუდად დაამახსოვრდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობიდან. მინდა ასევე, გამოვეხმაურო გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბიძის, თემურ ალასანიას საუბარს ასახავს. ზოგადად, სამწუხაროა, რომ ეს საარჩევნო კამპანია არსებითად არა საპრეზიდენტო კანდიდატების სამომავლო ხედვების წარდგენის რეჟიმში, არამედ ფარული ჩანაწერების ფონზე წარიმართება. ამ საუბარმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რა ხალხთან გვაქვს საქმე, როგორ არის მოწყობილი მათი აზროვნება, რა გეგმები აქვთ მათ საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და როგორია მათი დამოკიდებულება საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ. როდესაც ასეთი ზიზღით მოიხსენიებს ყოფილი პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს, ვფიქრობ, ყველასთვის ყველაფერი ნათელია. ამ ჩანაწერის მოსმენისას, ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ პასუხი კითხვაზე, თუ რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების მთავარი მიზეზი: ისე რომ მოექცე საკუთარ ქვეყანას და ხალხს, როგორც სააკაშვილის რეჟიმი ექცეოდა, ეს ქვეყანა და ხალხი აუცილებლად უნდა გძულდეს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს „ნაციონალური მოძრაობა“ ცნობს თუ არა ამ ჩანაწერის ავთენტურობას, მისი უტყუარობის მთავარი მტკიცებულება სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულებია. ჩვენ არავის, და მით უმეტეს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ თუნდაც მინიმალურ დონეზე შეიტანონ არეულობა და დესტრუქცია პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ასეთი აზროვნების მქონე ადამიანებმა თუნდაც მცირე დოზით მოახერხონ რეანიმაცია ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. ამაზე არის პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ ქართული საზოგადოების წინაშე. მეორე საკითხი, რომელსაც გვინდა გამოვეხმაუროთ, არის მიხეილ სააკაშვილის განცხადება ავღანეთში, ჩვენს სამხედრო ბაზაზე ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. გუშინ სააკაშვილმა ყველაზე მდარე ფორმით სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და განაცხადა, რომ თითქოს, აღნიშნულ ბაზაზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, მაშინ, როდესაც საარჩევნო ყუთები ავღანეთში მხოლოდ 28 ოქტომბერს გაიხსნება. ამასთან, სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განათავსა საარჩევნო ბიულეტენის ფოტოსურათი, რაც საარჩევნო ნორმების უხეში დარღვევაა.

იმ ადამიანების სახელით მანიპულირება, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი სამშობლოს ღირსებას მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში, არის ყველაზე დიდი სიმდაბლე, რასაც პოლიტიკოსმა შეიძლება მიმართოს, თუმცა, სააკაშვილისგან ჩვენ ამაზე დიდი სიმდაბლეც არაერთი გვახსოვს და შესაბამისად, მისგან არაფერი უნდა გაგვიკვირდეს. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი საამაყო სამხედროები გასცემენ საკადრის პასუხს სააკაშვილის ამ სიმდაბლეს 28 ოქტომბერს. მესამე საკითხი გახლავთ სოციოლოგიური კვლევის შედეგები. გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი პარტიული ტელევიზიის ეთერით გამოაქვეყნა გაყალბებული კვლევის შედეგები, რომელიც სრულად არის აცდენილი პოლიტიკურ სინამდვილეს. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც 2012 წლის შემდეგ ვეღარ აყალბებს არჩევნებს, აყალბებს იმას, რაც შეუძლია - სოციოლოგიურ კვლევებს. რეალობა კი არის ის, რომ ნამდვილი, გაუყალბებელი სოციოლოგიური კვლევის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იგებს არჩევნებს. ნიშანდობლივია, რომ ჩვენი დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების გამოქვეყნების შეეშინდა „რუსთავი 2“-ს. ეს არის მორიგი შემთხვევა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პარტიული ტელევიზია ჩაკეტილი არიან საკუთარ სიყალბეში და გაურბიან მათთვის არასასურველ სიმართლეს. თუმცა, ისინი ვერ გაექცევიან სიმართლეს, როდესაც ოფიციალურად გამოცხადდება არჩევნების შედეგები და როდესაც ქართველი ხალხის ნებით, პრეზიდენტად გამოცხადდება სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100