მიხეილ სააკაშვილი: საქართველო ჩვენი რეგიონის დემოკრატიული სინგაპურია
აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქათველოს პრეზიდენტი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა უცხოეთში ქართული დიასპორის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათთვის სამშობლოში დასაბრუნებლად კარი ღიაა. საქართველოს პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ საქართველო "სულ სხვა მნიშვნელობას" იძენს. "საქართველო არის ჩვენი რეგიონის დემოკრატიული სინგაპური. ეს არის ქვეყანა, რომელიც 2015 წლის მოდერნიზაციის პროგრამით უნდა გადაიქცეს ევროპის ყველაზე მზარდ ეკონომიკურ ქვეყნად. ეს არც ფანტაზიებია და არც ჩემი ლოზუნგები. ეს არის ის, რაც რეალურად არის შესაძლებელი, გატარებელი რეფორმების საფუძველზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად პროპაგანდისტული მანქანისა, რომელიც ქვეყანას ღიად დაუპირისპირდა (რაშიც ბევრი ფული იხარჯება და რომლის მიზანიც საქართველოსთვის ხაზის გადასმაა, მათ შორის საერაშორისო არენაზე), მისი შედეგი მინიმუმზე მინიმუმია და ამის საპირისპიროდ, საქართველო რეგიონში ახალი წესრიგის მაგალითი გახდა, რომლის რეფორმების მოდელიც მისაბაძია სხვა ქვეყნებისთვის. გარდა ამისა, საქართველოს პირველმა პირმა ყურადღება გაამახვილა მიგრაციაზეც და დასძინა, რომ ქვეყნიდან სულ უფრო მცირე ადამიანი გადის, ემიგრანტთა დიდი ნაწილი კი სამშობლოში ბრუნდება. "ბოლო 6 წლის განმავლობაში უფრო მეტი ქართველი ბრუნდება, ვიდრე ტოვებს ქვეყანას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რითიც მე ვამაყობ - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ცხოვრების დონე ჯერ არ არის ისეთი მაღალი, ხალხისთვის, რომელსაც უცხოეთში ცხოვრების გამოცდილება აქვს, საქართველოში ბევრი შესაძლებლობაა შექმნილი. ორი ფაქტორისგან შედგება ჩვენი დადებითი მიგრაციის ბალანსი: ერთი, რომ საქართველოში ახალგაზრდებს აქვთ გზა ხსნილი და მეორე, გზა აქვთ ხსნილი მათაც, რომლებსაც განვითარებულ სამყაროში აქვთ განათლება მიღებული", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
კომენტარი