სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გამორჩეული სპორტსმენების დასამახსოვრებელი გამონათქვამები

მაშინ, როდესაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანია სპორტით დაკავებული, ძალიან რთულია ნებისმიერ სპორტის სახეობაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება და საკუთარი თავის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობენ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, რომლებმაც სახელი გაითქვეს თავიანთი განსაკუთრებული ნიჭით. მოდით გადავხედოთ რამდენიმე გამორჩეული სპორტსმენის გამონათქვამებს.

ლიონელ მესი

"მირჩევნია ავიღო ჯილდო გუნდთან ერთად, ვიდრე ინდივიდუალურად ყველაზე მეტი გოლის გატანის გამო. ჩემთვის მეტად საფიქრალია, რომ ვიყო უკეთესი ადამიანი ვიდრე საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში. როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, რა დაგრჩება თან? როდესაც აღარ ვითამაშებ ფეხბურთს, ვიმედოვნებ, რომ ხალხს წესიერ კაცად დავამახსოვრდები".

"ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მსურდა პროფესიონალურად მეთამაშა და ყოველთვის ვიცოდი, რომ მომიწევდა ბევრი მსხვერპლის გაღება. მე გავიღე მსხვერპლი არგენტინის დატოვებით, ჩემი ოჯახის დატოვებით, რომ დამეწყო ახალი ცხოვრება. შევიცვალე მეგობრები, ჩემი ხალხი. ყველაფერი. მაგრამ ყველაფერი, რაც გავაკეთე, გავაკეთე ფეხბურთისათვის, იმისთვის, რომ მიმეღწია ჩემი ოცნებისათვის".

"ბარსელონა ჩემი ცხოვრებაა. მათ მომიყვანეს იქ, სადაც ვარ დღეს. მე არ შემიძლია და არ მინდა აქაურობის დატოვება. ვიცი, რომ პრემიერ ლიგა ძალიან კარგია, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვხედავ ინგლისში, რადგან ჩემი გული ყოველთვის ბარსელონასთანაა".

"ფული არ არის მოტივაციის ფაქტორი. ფული არ მათამაშებს უკეთესად მხოლოდ იმიტომ, რომ სიმდიდრეს თავისი უპირატესობები აქვს. უბრალოდ ბედნიერი ვარ, როდესაც ჩემს ფეხებთან ვგრძნობ ბურთს. ჩემი მოტივაცია მოდის იმ საქმის კეთებიდან, რომელიც მიყვარს. რომ არ მიხდიდნენ პროფესიონალ ფეხბურთელად ყოფნის გამო, მაინც მონდომებით ვითამაშებდი".

კრიშტიანუ რონალდუ

"არანაირი მიზეზი არ მაქვს, რომ ლიონელის მშურდეს... მე არ ვადარებ საკუთარ თავს სხვებს. მე ვარ კრიშტიანუ რონალდუ და შემიძლია მოვიპოვო მეტი მედალი, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ. მე არ მიყვარს დასვენება. ფანები ელიან, რომ იხილონ არაჩვეულებრივი კრიშტიანუ რონალდუ და ვცდილობ, რომ არასდროს გავუცრუო მათ იმედები".

"არასდროს დამიმალავს ის ფაქტი, რომ ჩემი განზრახვაა ვიყო საუკეთესო".

"გოლის გატანა ყველაზე ბედნიერ გრძნობას მგვრის მსოფლიოში. მე მიყვარს გუნდისთვის ქულის მოტანა და არ აქვს მნიშვნელობა ეს ჩვეულებრივი გოლია ახლო მანძილიდან, შორეული დარტყმა თუ რამდენიმე მოთამაშის მოტყუება, მე უბრალოდ მიყვარს ნებისმიერი სახის გოლის გატანა".

"ჩემი ჯარიმების საიდუმლო? მე უბრალოდ ვუყურებ კარს და ვამბობ: "გამოიყენე დარტყმა, კრიშტიანუ"".

"მამაჩემს ყოველთვის ჰქონდა სიცოცხლის ხალისი, მას უყვარდა ფეხბურთი. თავს ცოტა ცუდად ვგრძნობ, რადგან მას რომ შეძლებოდა ჩემი ყურება, თუ რას მივაღწიე, ნამდვილად დიდი რამ იქნებოდა მის ცხოვრებაში. მაგრამ, მე დარწმუნებული ვარ რომ ის ზემოდან ყოველთვის მიყურებს".

როჯერ ფედერერი
"მამაჩემმა მითხრა, რომ თუ მივუდგებოდი ჩოგბურთს პროფესინალურად, უნდა შევსულიყავი საუკეთესო ასეულში, რომ გამეკეთებინა ცოტაოდენი ფული. უნდა მქონოდა ხელფასი, რათა გადამეხადა მწვრთნელისთვის და აქეთ-იქით მოგზაურობისთვის".

"როდესაც რაიმეს საუკეთესოდ აკეთებ ცხოვრებაში, შენ ნამდვილად არ გინდა რომ თავი დაანებო და ეს ჩემთვის ჩოგბურთია".

"როდესაც 2003 წელს გავიმარჯვე, ჩემს ყველაზე გიჟურ ოცნებაშიც კი ვერ წარმომედგინა, რომ "უიმბლდონის" მოგება შემეძლო და ჩემი შვილებისათვის იმის ჩვენება, თუ როგორ ვწევ ამ ჯილდოს, ამიტომაც ეს ძალიან ირეალურია. და დიახ, მე კინაღამ შოკი მივიღე, როდესაც ყველაფერი ასე კარგად დასრულდა".

"ვიყო კარგი მეუღლე ისეთი დიდი პრიორიტეტია ჩემთვის, როგორიც ვიყო კარგი მამა".

"ძალიან ბევრი სწორი რამ გავაკეთე ბევრ შეჯიბრში. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი ზოგჯერ სპორტში ყველაფერი სხვაგვარად ხდება. ალბათ, იმდენჯერ გაიმარჯვებ, რომ შემდეგ უნდა წააგო. არ ვიცი".

"ძალიან ვნერვიულობდი, როდესაც მშობლები ჩემ საყურებლად მოდიოდნენ. შემდეგ ვნერვიულობდი, როდესაც მეგობრები მოდიოდნენ. დღეს, ეს პრობლემა აღარ მაქვს, რადგან უკვე მსიამოვნებს მათი მოსვლა. მე ვხედავ, რომ ისინი პატივს მცემენ და სწორედ ამიტომ ვცდილობ დავუმტკიცო მათ, რომ კვლავ კარგი ჩოგბურთის თამაში შემიძლია".

ლებრონ ჯეიმსი

მამაჩემი არ იყო ჩემთან ბავშვობაში და ყოველთვის ვამბობდი: "რატომ მაინც და მაინც მე? რატომ არ მყავს მამა? რატომ არ არის ის აქ? რატომ დატოვა მან დედაჩემი?" მაგრამ, როდესაც გავიზარდე და ჩავუღრმავდი ამ საკითხს, ვიფიქრე: "არ ვიცი, რისი გადალახვა უწევდა მამაჩემს, მაგრამ თუ იგი იქნებოდა ყოველთვის ჩემ გვერდში, ვიქნებოდი კი ის, ვინც ვარ დღეს?""

"ახლა, როდესაც ვარ მშობელი, მივდივარ სახლში და ვხედავ ჩემს ვაჟს, მავიწყდება ყველა შეცდომა, რაც კი დავუშვი და მიზეზი, თუ რატომ ვარ გაბრაზებული. მე მივდივარ სახლში და ვხედავ თუ როგორ იცინის ჩემი შვილი ან როგორ მორბის ჩემკენ. ამან გამზარდა მე როგორც ინდივიდუალი და გამზარდა, როგორც კაცი".

"არასდროს ვყოფილვარ ეგოისტი და ეს ერთადერთი გზაა ჩემი თამაშისა. ვცდილობ, რომ მაქსიმუმი გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობებისა არამხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი გუნდელებისთვისაც".

"არ გეშინოდეთ დამარცხების - ეს წარმატების გზაა".

"მთხოვეთ, რომ ვითამაშო - ვითამაშებ. მთხოვეთ, რომ ვისროლო - ვისვრი. მთხოვეთ, რომ გავაკეთო პასი - გავაკეთებ. მთხოვეთ, რომ მოვპარო, დავბლოკო, ვილიდერო - ნებისმიერი. მაგრამ ეს არ არის ის, რასაც მთხოვთ თქვენ. ეს ისაა, რასაც მე საკუთარ თავს ვთხოვ".

"კალათბურთი ჩემი გატაცებაა და მე მიყვარს ის. მაგრამ ჩემი ოჯახი და მეგობრები ყველაფერია ჩემთვის. ესაა ის, რაც მნიშვნელოვანია".

კობი ბრაიანტი

"მე არ მინდა ვიყო შემდეგი მაიკლ ჯორდანი. მე მინდა ვიყო კობი ბრაიანტი".

"ბევრს ლაპარაკობენ ჩემზე, რომ ვარ ინდივიდუალური შოუების მოყვარული, თუმცა ეს ასე არაა. ჩვენ ვიგებთ თამაშებს, როდესაც ვაგროვებ 40 ქულას და მოგვიგია მაშინაც, როდესაც მომიგროვებია 10".

"მე მინდა ვიყო საუკეთესო. ეს მარტივია. ვთამაშობ იმისთვის, რომ ვიყო საუკეთესო".


"მთლიანად მაიკლის თემა ხანდახან მაგიჟებს, რადან ხალხი სულ ამაზე ლაპარაკობს. ის ხოტორაა, მე მაქვს თმა. ის თითქმის ორმოცისაა, მე ოცდაორის. სერიოზულად, ვისურვებდი რომ ხალხს უფლება მოეცა ჩემთვის უბრალოდ ვიყო კობი" (2001)

"ჩემი მშობლები ჩემი დასაყრდენია. მხოლოდ ისინი მიგულშიმატკივრებენ მაშინ, როდესაც დავაგროვებ 0 ქულას და მაშინაც, როდესაც დავაგროვებ 40-ს".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100