სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკმა სოლიდარობის ფონდში 20 000 ლარი გადარიცხა

თიბისი ბანკმა საქართველოს სოლიდარობის ფონდში 20 000 ლარი გადარიცხა. ეს თანხა სოლიდარობის ფონდის ბენეფიციარებს, ონკოლოგიური დაავადებების მქონე 22 წლამდე პაციენტებს მოხმარდებათ. ამგვარი აქცია თიბისი ბანკის ინიციატივით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წლიური შეხვედრის დელეგატების სახელით განხორციელდა. თანხა სოლიდარობის ფონდში სწორედ EBRD-ის დელეგატების სახელზე გადაირიცხა.

„მოგეხსენებათ საქართველოში, EBRD-ის წლიურ შეხვედრას 1500-ზე მეტი დელეგატი ესწრება. თიბისი ბანკი საქართველოს მხრიდან ამ ღონისძიების ოქროს სპონსორია. გვინდოდა, გამოგვეხატა ჩვენი მხარდაჭერა სოლიდარობის ფონდის მიმართ და გადავწყვიტეთ ეს გაგვეკეთებინა EBRD-ის წლიური შეხვედრის დელეგატების სახელზე. ამგვარი ნაბიჯი გადავდგით სოლიდარობის ფონდის უფრო მეტი პოპულარიზაციისთვის; იმისთვის, რომ ფონდი გაფართოვდეს და მას ქართული კომპანიების გარდა საერთაშორისო ორგანიზაციები და საქველმოქმედო ფონდებიც შეუერთდნენ,“- განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

საქართველოს სოლიდარობის ფონდი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2013 წელს შეიქმნა შეიქმნა. ფონდის მიზანია საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ქვეყანაში ფართოდ და სისტემურად დაინერგოს „მიკრო-ფილანტროფია“ ანუ მცირე ქველმოქმედება და თავად საზოგადოების მიერ შექმნილი ალტერნატიული, არასაბიუჯეტო რესურსით, შესაძლებელი გავხადოთ მძიმე სენით დაავადებული ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების დახმარება.

„მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, როგორც ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის დაფინანსების მხრივ, ასევე სოლიდარობის ფონდის საქმიანობის გაფართოების მიმართულებით. ფონდში კერძო სექტორის კიდევ უფრო მეტი ჩართულობა საშუალებას მოგვცემს, გავაფართოოთ ჩვენი პროგრამები და ხელმისაწვდომი გავხადოთ ისეთი ძვირადღირებული მედიკამენტები, როგორებიცაა მაბტერა და ჰერცეპტინი,“ - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო კობახიძემ.

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახატანგ ბუცხრიკიძე "სოლიდარობის ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას სულ ფონდის ამოქმედებიდან დღემდე 2 600 000 ლარზე მეტი მოხმარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100