"ჩვენ პრემიერები, სპიკერები, პრეზიდენტები არ გვჭირდება სიცოცხლის ბოლომდე"
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მისთვის ცნობილი იყო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტის დატოვებაზე ფიქრობდა, თუმცა ზუსტად როდის მოხდებოდა , ეს თავად ღარიბაშვილის გადასაწყვეტი იყო.
ასე უპასუხა დავით უსუფაშვილმა კითხვას, იყო თუ არა მისთვის ცნობილი, რომ პრემიერ-მინისტრი გადადგომას აპირებდა. "მე ვიცოდი, რომ ირაკლი ამ თემაზე ფიქრობდა, მაგრამ როდის მიიღებდა გადაწყვეტილებას და რა მომენტში, ეს მისი გადასაწყვეტი იყო", - განაცხადა უსუფაშვილმა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ფიქრობდა წასვლაზე, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ღარიბაშვილმა თავისი გადაწყვეტილება ძალიან მკაფიოდ და ნათლად დაასაბუთა. "მან განაცხადა, რომ კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" ქართულ სინამდვილეში სხვა ტრადიციების დამკვიდრება დაიწყო. მე შეგახსენებთ რა ხდებოდა საქართველოში ძალაუფლების მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად ბოლო 20-25 წლის განმავლობაში. ჩვენ შემთხვევაში, "ქართული ოცნების" პირველმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 1 წლის შემდეგ დატოვა პოსტი. მან საჭიროდ ჩათვალა გუნდისთვის, სხვა წევრებისთვის მიეცა ასპარეზი. ირაკლი ღარიბაშვილმა იგივე ნაბიჯი გადადგა. მე დარწმუნებული ვარ, ეს ტრადიცია გაგრძელდება, იმიტომ, რომ ჩვენ პრემიერები, სპიკერები, პრეზიდენტები არ გვჭირდება სიცოცხლის ბოლომდე. ჩვენ გვჭირდება მანამ, სანამ ადამიანები თავად გრძნობენ, რომ შეუძლიათ საქმის კეთება, აქვთ სათანდო ენერგია, სათანდო ენთუზიაზმი", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
კომენტარი