რამდენად უსაფრთხოა იმ ადამიანების ვაქცინაცია, რომლებსაც ვირუსი შესაძლოა უსიმპტომოდ ჰქონდეთ გადატანილი - ამირან გამყრელიძის განმარტება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ მოქალაქეების ვაქცინაცია, რომლებსაც კორონავირუსი შესაძლოა, უსიმპტომოდ ჰქონდეთ გადატანილი და ამის შესახებ არ იციან, საფრთხეს არ წარმოადგენს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ვაქცინის გაკეთებამდე ანტისხეულების კვლევის სახელმწიფოს მიერ ჩატარების პრაქტიკა არცერთ ქვეყანაში არაა, თუმცა „თუ ადამიანს სურს გაიგოს, აქვს თუ არა კორონავირუსი უსიმპტომოდ გადატანილი, შეუძლია თვითონ გამოიკვლიოს“.
„ამას არავინ დაუშლის. ანტისხეული თუ აქვს და აქვს კორონავირუსი ე.წ. უსიმპტომოდ გადატანილი, ეს აცრის წინააღმდეგ ჩვენება არ არის. ამ ტიპის მასობრივი ვაქცინაციების კამპანიების დროს, როცა ათასობით ადამიანი იცრება, რა თქმა უნდა, ამ ტიპის კვლევებს წინასწარ არავინ აწარმოებს. როგორც გითხარით, ვინმეს რომც ჰქონდეს ანტისხეულები, ეს ვაქცინაციის წინააღმდეგ არავითარი ჩვენება არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან, AstraZeneca-თი დაიწყო. 24 მარტს კი ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები ჩამოვიდა.
კომენტარი