შავი ზღვის მეცხრე საერთაშორისო ჯაზფესტივალი
31.03.2015 თიბისი ბანკში დღეს შავი ზღვის ჯაზფესტივალისადმი მიძღვნილი პრეს-კონფერენცია ჩატარდა, რომელზეც ბათუმის ჯაზფესტივალის პროგრამა დაანონსდა. პრეს-კონფერენციას უძღვებოდნენ თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე და კომპანია „ისთერნ პრომოუშენსის“ დირექტორი, გიორგი კერესელიძე.
23-26 ივლისს, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება TBC STATUS წარმოგიდგენთ ყველაზე მასშტაბურ, რიგით IX შავი ზღვის ჯაზფესტივალს, რომელშიც, ტრადიციულად, მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ვარსკვლავები.
ჯაზფესტივალზე მონაწილეობას მიიღებენ: George Clinton Parliament Funkadelic, Liv Warfield feauturing the NGP Hornz, Lisa Stansfield, Snoop Dogg.
კონცერტები 4 დღის განმავლობაში ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ჩატარდება. ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს, ფასიანი კონცერტების გარდა, საშუალება ექნებათ უფასოდ დაესწრონ „NEW YORK BRASS BAND“ -ის კონცერტებს, რომელიც ბათუმის ბულვარში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში, კლუბ „Take Five’’-ში კონცერტებს გამართავს ასევე „House Band“ - ამერიკელ მუსიკოსებთან ერთად, კონცერტებს ნიუ იორკში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი, გიორგი მიქაძე გაუძღვება.
თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება TBC STATUS ასევე აცხადებს კონკურსს ყოველწლიური „შავი ზღვის ჯაზფესტივალის“ არტპოსტერის შესაქმნელად. კონკურსის მიზანია გამოავლინოს ორიგინალური ნამუშევარი, რომელიც 2015 წლის ზაფხულის ფესტივალის მთავარი ატრიბუტი იქნება. პოსტერის კონცეფცია ჯაზი, მუსიკა და ზღვა იქნება. ნამუშევრები მიიღება ელექტრონული ფორმით მისამართზე [email protected], 1/04/2015 - დან 1/05/2015 - ის ჩათვლით და აიტვირთება ვებგვერდზეhttp://tbilisijazz.com/. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
„შავი ზღვის ჯაზფესტივალის“ არტპოსტერის შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში ორი გამარჯვებული გამოვლინდება. ორგანიზატორების რჩეული დაჯილდოვდება ფულადი პრემიით 2000 ლარის ოდენობით და შავი ზღვის ჯაზფესტივალის ყველა კონცერტზე დასასწრები 2 VIP ბილეთით. კონკურსის ფარგლებში ასევე გამოვლინდება სოციალური ქსელის მომხმარებლის ფავორიტი, რომელიც ყველაზე მეტ მოწონებას (Like - ებს) დაიმსახურებს. გამარჯვებული დაჯილდოვდება ფულადი პრემიით 1000 ლარის ოდენობით და შავი ზღვის ჯაზფესტივალის ყველა კონცერტზე დასასწრები 2 ბილეთით.
საკონკურსო არტპოსტერის ტექნიკური აღწერა:
ზომა A2 – 59,4 X 42 სმ. ვერტიკალური;
ფაილის ტიპი (გამოსაგზავნი ვერსია) - JPG - ზომა არა უმეტეს 1000 kb. – ფერები RGB;
ფაილის ტიპი (საბეჭდი ვერსია) - PDF – რეზოლუცია 300dpi. pixels/inch. ტექსტი და გრაფიკა ვექტორული, ფერები - CMYK;
ზომა (საბეჭდი ვერსია) A2 – 59,4 X 42 სმ. ვერტიკალური + 5-5 მმ. მომატებული ოთხივე მხრიდან ბეჭდვის შემდეგ ჩამოსაჭრელად;
აუცილებელია არტპოსტერზე გამოყენებული იქნას ფესტივალისა და TBC STATUS-ის ლოგო (თანდართული ფაილი);
არ უნდა დაირღვეს ლოგოების პროპორცია;
პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში ნამუშევარი არ განიხილება.
კომენტარი