ჯარიმა 100 რუბლი! – სოჭში ობიექტების მშენებლებს მშობლიურ ენაზე საუბარი აუკრძალეს
სოჭის ოლიმპიადის ობიექტებზე მომუშავე ყველა იმ მუშას თუ ბრიგადირს, რომელიც გაბედავს და სამუშაო ადგილზე, სამუშაო საათებში, მშობლიურ, ანუ არარუსულ ენაზე დაილაპარაკებს, დღეიდან ჯარიმის სახით 100 რუბლის გადახდა მოუწევს. შესაბამისი წარწერა ყველა ობიექტის შესასვლელთან და სხვა თვალსაჩინო ადგილებში სოჭში დილიდან გაჩნდა. ინფორმაციას მშენებლობებზე ამ ადმინისტრაციული სასჯელის შემოღების შესახებ „ლაიფნიუსი“ ავრცელებს.
ასეთი განცხადების არსებობის მიუხედავად, რასაც უკვე მოჰყვა მშენებლების პროტესტი, მოსკოვის ოლიმპიური დედაქალაქის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ჯარიმის შემოღებას არაფერი აქვს საერთო ეროვნულ დისკრიმინაციასთან. ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მშობლიურ ენაზე საუბრის აკრძალვის მიზანი ისევ მუშების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
პირველი განცხადება „კრასნაია პოლიანას“ სამშენებლო მოედანზე გამოჩნდა. წარწერა: „სამშენებლო მოედანზე ისაუბრეთ მხოლოდ რუსულ ენაზე!“ – რუსულის გარდა, კიდევ ორ ენაზეა თარგმნილი.
„სოჭის სამშენებლო მოედნებზე ამ დროისთვის 20 ეროვნების წარმომადგენლები მუშაობენ“, – ამბობს მშენებლობაზე პასუხისმგებელი ერთ–ერთი პირი, – „სწორედ ამიტომაც, ერთ ენაზე საუბარი აუცილებელია. წარმოიდგინეთ, რომ ამწის მემანქანე, რომელიც უზბეკია, მშობლიურ ენაზე იყვირის მუშას: „გამეცალე!“ – ის კი ტაჯიკია და არ ესმის, რას მოითხოვენ მისგან. რუსული კი ყველას ესმის“.
მაგრამ მოგვიანებით ამავე პასუხისმგებელ პირს მაინც წამოსცდა ამ აკრძალვის შემოღების მთავარი მიზანი: „სამუშაოდ მიღებამდე ჩვენ ყველა იმ მუშას ვსწავლობთ, ვისი სიაც მოაქვთ, მხოლოდ ამის შემდეგ გავცემთ მათთვის ნებართვას. თუ ყველა რუსულად ისაუბრებს, იმის შესაძლებლობაც შემცირდება, რომ ბოროტი განზრახვის მქონე პირები ერთმანეთში ჩუმად, სხვებისთვის გაუგებრად შეძლებენ მოლაპარაკებას რაიმე სახის დივერსიის ან სხვა დანაშაულის ჩადენაზე“, – ამბობს ის.
თვითონ მუშები კი დარწმუნებულები არიან, რომ ხელმძღვანელობამ ეს წესი მხოლოდ იმიტომ შემოიღო, რათა ზურგსუკან მათზე არასასურველი საუბრები აღკვეთოს.
კომენტარი