სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბოლო ცნობები ლიბიიდან: გაიქცა თუ არა კადაფი? (განახლებადი)

ბოლო განახლება: 11.37 სთ.

როგორც CNN იუწყება, ხმები კადაფისა და მისი ვაჟების ტრიპოლიდან გაქცევის შესახებ, შესაძლოა, არაზუსტი იყოს. ამავე წყაროს ცნობით, სულ ცოტა ხნის წინ, დილის საათებში ტელევიზიით სეიფ ალ-ისლამ კადაფი (მუამორ კადაფის ვაჟი) გამოვიდა და განაცხადა, რომ დედაქალაქის მისადგომენთან აჯანყებულენმა ყველა შეტაკება წააგეს. CNN კი იუწყება, რომ აჯანყებულები ლიბიის დედაქალაქის ცებტრისკენ დამაჯერებლად მიიწევენ და სამთავრობო ძალები უკან იხევენ.

აუდიომიმართვაში კადაფიმ საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა საეკოზი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საფრანგეთის ლიდერს სურს, ლიბიის ნავთობს დაეპატრონოს.

„ხალხი ჩემს პორტრეტებს კოცნის, მე ერის მამა ვარ“, - თქვა კადაფიმ და მომხრეებს მოუწოდა, მოეწყოთ „მილიონის მსვლელობა“, რათა შეეჩერებინათ ქალაქის ნგრევა და ბოლო მოეღოთ აჯანყებულთა პარპაშისთვის.

კატარის ტელეარხი „ალ ჯაზირა“ საკუთარ ბლოგზე კი წერს, რომ წუხენდელ შეტევას ტრიპოლის მიმართულებით ასზე მეტი ადამიანი შეეწირა. ბლოგტექსტში ნათქვამია, რომ მონაცემები მიღებულია იმ თვითმხილველებისგან, რომლებიც რედაქციაში დარეკვას ახერხებდნენ. არცერთ დაპირისპირებულ მხარეს, ჯერჯერობით, ოფიციალური შეტყობინება წუხანდელი შეტევის დროს ადამიანთა მსხვერპლის შესახებ არ გაუვრცელებია.

ლიბიის დედაქალაქიდან ერთმანეთის საწინააღმდეგო ცნობები ვრცელდება. ადგილობრივ ოპოზიციურ პრესაზე დაყრდნობით გვიან ღამით მსოფლიოს წამყვანმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ მუამორ კადაფი და მისი ორი ვაჟი ტრიპოლიდან გაიქცნენ და რომ აჯანყებულები დედაქალაქის ცენტრს უახლოვდებიან.

ერთადერთი, რაც ჯერჯერობით ზუსტად ცნობილია, ისაა, რომ ბრძოლები უშუალოდ ტრიპოლის განაპირა რაიონებში მიმდინარეობდა და ტრიპოლში აფეთქებისა და სროლის ხმა ისმოდა. თვითმხილველთა თქმით, ეს ორმხრივი სროლა იყო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ აჯანყებულები ქალაქში თუ არა, ქალაქთან მაინც არიან.

ეროვნული გარდამავალი საბჭო, რომელიც აჯანყებულებმა შექმნეს და რომლის კანონიერება გუშინ მეზობელმა ტუნისმაც აღიარა, აცხადებს, რომ მინიმუმ, ტრიპოლის ორ რაიონს აკონტროლებს.

ლიბიის სახელმწიფო ტელევიზია ჯერაც მაუწყებლობს და აცხადებს, რომ ეს სიცრუეა. სწორედ ამ ტელევიზიით გადაიცა მუამორ კადაფის აუდიომიმართვა, სადაც იგი აჯანყებულებს „ვირთხებს“ უწოდებს და ამბობს, რომ მათი დღეები დათვლილია. თვითონ კადაფი არც ტელევიზიით გამოჩენილა და არც მიტინგზე, რომელიც გუშინ, თბილისის დროით დაახლოებით ღამის 3 საათზე ტრიპოლის ცენტრში ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო ომი ლიბიაში 2011 წლის თებერვლიდან დაიწყო, მარტში კი მის მსვლელობაში (საჰაერო იერიშებით) ნატოს ძალები ჩაერთნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100