მეტალურგებმა პროფესიული დღე იზეიმეს და 84 წლის იუბილე აღნიშნეს
მეტალურგების დღესთან დაკავშირებით, რომელიც 30 ოქტომბერს აღინიშნება, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 84 წლის იუბილე აღნიშნეს.
შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკა ჩიქოვანმა მეტალურგის დღე ზესტაფონს, რაიონის მოსახლეობასა და მთელ საქართველოს მიულოცა.
„84 წლის წინ, მთელი საქართველოს და რაიონის აყვავება და აღმშენებლობა, სწორედ ამ დღით დაიწყო. მოხარული ვარ, რომ ნიკოლაძის მიერ დაწყებულ საქმეში, მეც ვარ ჩართული ჩვენს თანამშრომლებთან ერთად. ვაპირებთ, რომ სხვა საწარმოებიც ავაშენოთ, ასე რომ ჩვენ არ ვჩერდებით, ვიზრდებით და ეს გაზრდა, ჩვენი სიძლიერე რაიონსა და მთელს ქვეყანას ძალიან სწრაფად დაეტყობა“, – განაცხადა ნიკა ჩიქოვანმა.
მეტალურგის დღე ქარხნის თანამშრომლებმა სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს. როგორც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა ვასილ გველესიანმა განაცხადა, თანამშრომლებმა ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი მოინახულეს, ფინანსური დახმარება აღმოუჩინეს და გიორგი ნიკოლაძის მონუმენტი გვირგვინით შეამკეს.
„დღეს ჩვენთვის საზეიმო დღე გახლდათ, აღვნიშნეთ მეტალურგის და ქარხნის დაბადების 84 წლის იუბილე. ღონისძიებას წინ უსწრებდა ქარხნის კოლექტივში სხვადასხვა საზეიმო აქტივობები, ისეთი, როგორებიც იყო ინფრასტრუქტურული პროექტების დამთავრება და ობიექტების გახსნა, ამავდროულად, ჩვენი კოლექტივის წევრთა შორის ჩატარებული ლიტერატურული კონკურსის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო ნამუშევრებით შედგა კრებული, რომელიც ცალკე წიგნად გამოიცა. კულმინაცია გახლდათ ის, რომ მოვინახულეთ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი და მონუმენტი გვირგვინით შევამკეთ“, – აღნიშნა ვასილ გველესიანმა და დასძინა, რომ ღონისძიებების ფარგლებში, მოხდა წარჩინებული თანამშრომლებისთვის საჩუქრების გადაცემა.
აღსანიშნავია, რომ იუბილესთან დაკავშირებით წარმატებულ თანამშრომლებს, როგორც ელექტროტექნიკა, ასევე ფულადი პრემიები გადაეცათ.
ვასილ გველესიანის თქმით, ქარხანას, დიდი წარმატების მიუხედავად, გასაკეთებელი კიდევ ბევრი აქვს, ეს არის ეკოლოგიური საკითხები, ახალი ტექნოლოგიების ათვისება და ა.შ.
ღონისძიებაზე ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძეც იმყოფებოდა. მან ქარხნის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და წინსვლა და წარამატებები უსურვა.
ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის გენერალური დირექტორი აკაკი გურჯიძე ახალი ინციატივით გამოვიდა და აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ მეტალურგიის დღესთან ერთად, სამთო მეტალურგიის დღე აღინიშნება.
„მთელი ჭიათურის კოლექტივი, მთლიანად „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი გულითა და სულით გილოცავთ ამ დღეს. კარგი იქნება, თუ ერთად აღვნიშნავთ არამარტო მეტალურგის, არამედ სამთო-მეტალურგის დღეს, როგორც ზესტაფონში ასევე ჭიათურაში“,- აღნიშნა აკაკი გურჯიძემ.
ვასილ გველესიანის თქმით, ბოლო წლებში მეტალურგიის სფერო სამწუხაროდ პოპულარული აღარ იყო, თუმცა ბოლო პერიოდში ახალგაზრდობა მეტალურგიის წარმოებით კვლავ დაინტერესდა.
გველესიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეტალურგიის ფაკულტეტზე ყველა ადგილი შევსებულია.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორის თქმით, წელს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეტალურგიის ფაკულტეტზე დიდი მოთხოვნა იყო.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ფაკულტეტზე სწავლება სახელმწიფომ სრულად დააფინანსა.
„60-იან წლებში, სკოლის დამთავრების შემდეგ, ოქროსმედალოსანების უმეტესი ნაწილი მეტალურგიის ფაკულტეტზე აბარებდა. ახლა, ძველი პროფესიონალი კადრები უკვე ხანდაზმულები არიან, შესაბამისად, საჭიროა ახალი სპეციალისტების მოზიდვა და მეტალურგიულ წარმოებაში ჩართვა.
რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, ეს პროფესია გარკვეულწილად არაპოპულარულიც გახდა, თუმცა, ფინანსურად, როგორც მეტალურგისთვის შემოსავლის სტაბილური წყარო იყო.
შემდგომ პერიოდში გაჩნდა უფრო მარტივი წარმოებები, სადაც ადამიანი ზედმეტი ჯაფისა და დატვირთვის გარეშე შოულობდა ფულს, მაგრამ ეს ბოლო პერიოდი ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ახალგაზრდობა კვლავ დაინტერესდა მეტალურგიული წარმოებით.
ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში თავიდან ბოლომდე ყველა ადგილი შეივსო. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ადამიანებიდან ყველა თუ არ დარჩება და არ იმუშავებს ქარხანაში, მათი ნახევარიც რომ მეტალურგიულ წარმოებაში მოვიდეს და შეავსოს კადრები, ეს იქნება საკმაოდ სოლიდური შევსება“,- განაცხადა გველესიანმა.
ვასილ გველესიანმა მეტალურგიის ისტორიაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ პირველი მეტალურგები ხალიბები იყვნენ.
„პირველი მეტალურგები ხალიბები იყვნენ, ჩვენ ზუსტად იმ ტერიტორიაზე ვცხოვრობთ, სადაც, თავის დროზე, ხალიბები ცხოვრობდნენ. წარმოიდგინეთ, დღეს არის რთული მეტალურგიული პროცესების წარმართვა და იმ დროში კი ის ხალხი ახერხებდა ისეთი ფოლადი ეწარმოებინა, რომლის შემორჩენილი ნაჭრები კაცობიობას დღესაც აოცებს. ჩვენ ვართ ხალიბების შთამომავლები და ხალიბები პირველი მეტალურგები იყვნენ “, – ამბობს გველესიანი.
შეგახსენებთ, რომ 1933 წლის 30 ოქტომბერს ზესტაფონის ქარხანაში პირველი დნობა განხორციელდა. ეს თარიღი ქარხნის ამუშავების ოფიციალურ დღედ არის გამოცხადებული.
1937 წლის ბოლოსთვის, ქარხანამ 11 სახეობის ფეროშენადნობი გამოუშვა და მანგანუმის ქარხანა ფეროშენადნობთა საწარმოდ ტრანსფორმირდა.
კომენტარი