"ოპოზიციას ძალიან ჭკვიანური მოქმედება სჭირდება, რომ ქუჩაში დაწყებული პროტესტი სახლებში არ შეაბრუნოს" - რა აჩვენა გუშინდელმა აქციამ და რას უნდა ველოდოთ 24-ში?
ოპოზიციას ძალიან ჭკვიანური მოქმედება სჭირდება, რომ ქუჩაში დაწყებული პროტესტი ისევ სახლებში არ შეაბრუნოს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი შეფასებით, გუშინდელმა აქციამ "შინ ევროპისკენ“ აჩვენა, რომ საზოგადოება პროტესტს გამოთქვამს იმ პოლიტიკის მიმართ, რასაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს. ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობის აზრი უნდა გაითვალისწინოს. "როდესაც აქციის ორგანიზატორების მხრიდან სწორი მესიჯები მიდის, საზოგადოებაში შესაბამისი რეაქცია არის. ამიტომ, აქცია ძალიან მრავალრიცხოვანი იყო. ასეთი მასშტაბური აქცია კარგა ხანია არ მინახავს. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების ევროპული ორიენტირის ტემპი ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ეს იყო პროტესტი იმ პოლიტიკის მიმართ, რასაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს. აქცია თითქმის ყველა წამყვანმა მედიასაშუალებამ გააშუქა. მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლებას აღარ აქვს საქმე ისე, როგორც თუნდაც 6 თვის წინ ჰქონდა. ვითარება აჩვენებს, რომ მოსახლეობაში საპროტესტო მუხტი საკმაოდ იზრდება და ძალიან ახლოს არის საზოგადოება იმასთან, რომ პრობლემები გადალახოს და ოპოზიციური ამომრჩეველი გაერთიანდეს. ვფიქრობ, ეს საქართველოს ხელისუფლებამ ყურად უნდა იღოს და შესაბამისი ზომები მიიღოს.
კომენტარი