სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თათრეთის რესპუბლიკამ უარი თქვა ჟურნალისტის დასჯაზე, რომელმაც რუსებს “ოკუპანტები” უწოდა

რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თათრეთის რესპუბლიკის სამძებრო განყოფილებამ უარი თქვა თათრეთის ტელეკომპანია "ТНВ" (Татарстан Новый Век)–ს კორესპონდენტისა და წამყვანის – ელმირა ისრაფილოვას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე. რუსული მედიის მტკიცებით, წამყვანმა სახალხოდ უწოდა ადგილობრივ რუს მოსახლეობას ოკუპანტები და ასევე საჯაროდ დადო პირობა, რომ “მშობლიური თათრული ენის გამო ნებისმიერს ყელს გამოჭრის”. გამომძიებელმა რუსლან ხაბიბულინმა ჟურნალისტის ქმედებებში დანაშაულის კვალი ვერ იპოვა, რაც საკმარისი გახდა სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის შესახებ დადგენილების გამოსატანად.


რა თქმა უნდა, ტრადიციული რუსული მედიასაშუალებები და, როგორც ამბობენ, კრემლის მაღალჩინოსნებიც ამ გადაწყვეტილებამ საშინლად გაამწარა, მაგრამ იმის გამო, რომ თათრეთის რესპუბლიკაში ელმირას ავტორიტეტი და პოპულარობა ამ სკანდალის გამო ერთიორად გაიზარდა, სიტუაციის გამწვავებაზე წასვლას ვერ ბედავენ, ხოლო ადგილობრივმა ორგანოებმა ესოდენ პოპულარული ჟურნალისტი ვერ ან არ გაწირეს.


მივყვეთ თანმიმდევრულად: 9 ივნისს თათრეთის რუსი და რუსულენოვანი მოსწავლეების მშობლებმა დაიწყეს თათრეთის სახელმწიფო საბჭოს შენობის პიკეტირება და ითხოვდნენ, მათი შვილებისთვის სკოლებში რუსული ენის იმ დონეზე შესწავლის ნება დაერთოთ, რა დონეზეც რუსეთის სხვა რეგიონის მოსწავლეები სწავლობენ (თათრეთში რუსულს ასწავლიან, ოღონდ არა მშობლიური ენის სტატუსისთ). შემთხვევის ადგილზე გავიდა "ТНВ"-ს გადამღები ჯგუფი და მოვლენების ეპიცენტრიდან აქციის მსვლელობის გაშუქება დაიწყო.


როგორც რუსული წყაროები იტყობინებიან, ელმირამ აიღო ინტერვიუ თათრეთის ახალგაზრდობის კავშირის ლიდერთან და იქვე მდგარი დეპუტატ–დრამატურგისგან – ტუფანა მინულინასთან, რომელიც მოპიკეტეებს მათი მოთხოვნის გამო ამუნათებდა და აქციის შეწყვეტას მოითხოვდა.


ამის შემდეგ, ასევე რუსული წყაროების მიხედვით, რომელიც პიკეტის მონაწილე რუსულენოვანი მოსახლეობის ნაამბობზეა დაყრდნობილი, ჟურნალისტი პოლემიკაში შევიდა პიკეტის მონაწილეებთან და ამ პოლემიკის დროს მათ უთხრა, რომ ისინი ოკუპანტები არიან, რომლებსაც თათრეთის მიწაზე არაფერი ესაქმებათ და რომ ნებისმიერს გამოჭრის ყელს მშობლიური თათრული ენის გამო. ეს ფრაზა, რუსული მედიასაშუალებების ცნობით, ხალხის დიდი მასის თანდასწრებით ითქვა და კარგად გაიგონა შს ყაზანის სამმართველოს ერთ–ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც იქვე განაცხადა, რომ არაფერიც არ გაუგონია. ამ ინციდენტის შემდეგ ათეულობით მოწმემ ხელი მოაწერა განცხადებას და იგი მილიციაში შეიტანა.


ისრაფილოვას სიტყვებმა და მასთან დაკავშირებით აგორებულმა სკანდალმა დიდი ენთუზიაზმი გააღვივა აფდგილობრივ ნაციონალისტებში, რომლებმაც სულ მალე ტელეკომპანია "ТНВ"–ს ოფისთან ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია მოაწყვეს და მისი ფოტოები და უკვე ფრთიან გამოთქმად ქცეული ფრაზები გამოფინეს. ამავდროულად, თათრეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, სკანდალი ჩაეცხრო და პირობა დადო, რომ ექსტრემისტული გამოთქმების გამო ჟურნალისტს, როგორც “ნაციონალისტ–ხულიგანს”, დასჯიდა და ტელეკომპანიიდან გააძევებდა, სინამდვილეში კი ისრაფილოვა თავდაპირველად სასწრაფოდ გაუშვეს შვებულებაში, მერე კი მაინც დატოვეს ტელეკომპანია "ТНВ"–ში.


რუსული წყაროები ახლა იმაზე წუხან, რომ მომხდარიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, გამომძიებელმა ხაბიბულინმა, გამოკითხა რა მოპიკეტეები, მათ ჩვენებებში ურთიერთსაწინააღმდეგო დეტალები იპოვა. ამის შემდეგ კი გამოიტანა დადგენილება სს საქმის არაღძვრის შესახებ. “ეს მით უფრო გასაკვირია”, – წერს რუსული პრესა, – “რომ თვითონ დადგენილებაში, სადაც საუბარია სს საქმის არაღძვრაზე, დეტალურადაა აღწერილი, როგორ ემთხვეოდა ერთმანეთს ყველა გამოკითხულის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ ჟურნალისტმა მათ “ოკუპანტები” უწოდა და დაპირდა, რომ “მშობლიური თათრული ენის გამო” ნებისმიერს გამოჭრიდა ყელს. ამის მიუხედავად, გამომძიებელმა თავისი დასკვნა ბოლო გამოკითხულის ნაამბობზე ააგო, რომელმაც განაცხადა, რომ ჟურნალისტს მსგავსი არაფერი უთქვამს. იმავე დადგენილებაში ნათქვამია, რომ მშობელთა პიკეტი “მიმდინარეობდა მშვიდად, ექსცესებისა და კანონდარღვევების გარეშე.


თავად ისრაფილოვამ, რომელმაც ადგილობრივ გაზეთს ინტერვიუ მისცა, ახლა უკვე ასე გაიხსენა მომხდარი: “რა თქმა უნდა, ასეთი რამ მე არ მითქვამს. არც მიკამათია მათთან, უბრალოდ, იმის გაგება მინდოდა, მიზნად რა ჰქონდათ დასახული. მათ ჩემი შეკითხვები არ მოეწონათ. უფრო მეტიც: აქეთ დამიწყეს შეურაცხყოფა და დაცინვა. ერთ ერთმა მოპიკეტემ ჩემი მისამართით ფრაზა: “თათრის სიფათიანო!” ისროლა. როცა მე, მათგან შეურაცხყოფილმა, გაცლა დავაპირე, ხმაური დაიწყეს... ძალიან აგრესიულად იქცეოდნენ...”


რა თქმა უნდა, რუსულმა წყაროებმა პიკეტის ის მონაწილეებიც მოძებნეს და გაესაუბრნენ, რომლებიც იმ დღეს აქციაში მონაწილეობდნენ:


“მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ძიების პროცესში ყველაფერი კეთდებოდა, რათა სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულიყო და ჩვენს განცხადებას არქივის მტვერი დასდებოდა”, – ამბობს ერთ–ერთი, პიკეტის რუსი ეროვნების მონაწილე, ეკატერინე ბელიაევა. – “ჯერ ერთი, ჩემთვის არავის შეუტყობინებია, რომ ჩემი მოთხოვნის საფუძველზე დაწყებული საქმე ინსტანციიდან ინსტანციაში მოგზაურობდა და თავად რომ არ დავინტერესებულიყავი და არ დამერეკა, ალბათ, ვერც ვერასდროს გავიგებდი. ..”


თათრეთის რესპუბლიკის ერთ–ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი, მიხეილ შეგლოვი კი დარწმუნებულია, რომ: “ჩვენს წინაშეა ორმაგი სტანდარტების ტიპიური მაგალითი, რაც ასერიგ დამახასიათებელია თანამედროვე თათრეთისთვის. ის, რომ ადგილობრივმა თემიდამ ვერანაირი კანონდარღვევა ვერ აღმოაჩინა ისრაფილოვას სიტყვებში, ცალსახად მიანიშნებს იმ ნაციონალისტურ პოლიტიკაზე, რომელიც რესპუბლიკაში, კარგა ხანია, ტარდება და რაც ძალიან შორს დგას ოფიციალურად დეკლარირებული “ტოლერანტობისა და პოლიტკონფესიულობისგან”, – ამბობს შეგლოვი.


ამასობაში კი ელმირა ისრაფილოვა, ლამისაა, თათრეთის ეროვნულ გმირად იქცეს. საკმარისია ან სახლიდან, ან სამსახურიდან ქუჩაში გამოვიდეს, რომ მას თაყვანისმცემლებისა და ფანების მთელი არმია აედევნება ხოლმე. “ბაზრობებსა და ბუტიკებში უკვე მისი სახის გამოსახულებიანი მაისურებიც იყიდება”, – სინანულით დასძენს რუსული მედია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100