სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ყველაზე ლამაზი ქალი ქალაქში" (ვიდეო)

ხუთ დას შორის კესსი ყველაზე ლამაზი და ახალგზრდა იყო. კესსი ქალაქში ყველაზე ლამაზი გოგო იყონახევრად ინდიელი, საოცრად მოქნილი, გველივით მოქნილი სხეულითა და მომაჯადოებელი თვალებით. გრძელი ხვეული შავი თმა მხრებზე ეყარა, აბრეშუმივით თმა. უკიდურესად ცვალებადი ხასიათი ჰქონდა: ან ძალაინ აღგზნებული, ან ძალიან დათრგუნული იყო. შუალედური მდგომარეობა მისთვის არ არსებობდა. ვიღაცები ამტკიცებდნენ, რომ უბერავს, გიჟია. სირები ამტკიცებდნენ. მათ არ შეეძლოთ კესსის გაგება. კაცები მხოლოდ სექსმანქანას ხედავდნენ მასში და ფეხებზე ეკიდათ, გიჟია თუ არა. კესსი კი ცეკვავდა, იპრანჭებოდა და კოცნაობდა კაცებთან, მაგრამ (ერთიორი გამონაკლისის გარდა) ლოგინამდე საქმე არ მიჰყავდა, ბოლო მომენტში ხელიდან უსხლტებოდა.

დები სილამაზის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებდნენ, უტვინობაში, მაგრამ კესსის გონებაც უჭრიდა და სულიც მდიდარი ჰქონდა: ის ხატავდა, ცეკვავდა, მღეროდა, თიხაში ძერწავდა და სხვისი ტკივილის (ფიზიკურის თუ სულიერის) თანაგრძნობა იცოდა. უბრალოდ, სხვანაირად უმუშავებდა ტვინი, არაპრაქტიკულად. დები ეჭვიანობდნენ, რადგან მათ კაცებს აბამდა. კესსი განსაკუთრებულად თბილად ეპყრობოდა უშნოებს; ეგრეთწოდებული „ლამაზი მამაკაცები“ აღიზინებდა: „არა სულის სიმტკიცე, – ამბობდა, – არა შინაგანი ძალა. მხოლოდ უნაკლო გარეგნობაზე არიან დაყრდნობილი... ბუტაფორია... გამოფიტული არსებები...“

მამამისი გალოთდა და მოკვდა. დედამ მიატოვა გოგოები და გაიქცა. დებმა ნათესავს მიმართეს, რომელმაც ისინი მონასტერში გაამწესა. მძიმე ცხოვრება იყო მონასტერში, განსაკუთრებით, კესსისთვის. გოგოებს მისი შურდათ და ბევრ მათგანთან ჩხუბი უწევდა. თავის დაცვა შეეძლო, ოღონდ ორი შეტაკების შემდეგ მარცხენა ხელზე ბრიტვით დასერილი იარები დაემჩნა. მარცხენა ლოყაზეც დარჩა ბრიტვის კვალი, მაგრამ სილამაზეს ვერ უფუჭებდა. პირიქით, განსხვავებული შარმიც შემატა. კესსი ბარ „ვესტ–ენდში“ გავიცანი. რამდენიმე დღის გამოსული იყო მონასტრიდან. როგორც ყველაზე უმცროსი და, ბოლო გამოუშვეს. ბარში შემოვიდა და ეგრევე ჩემს გვერდით დაჯდა. მე, ალბათ, ყველაზე მახინჯი კაცი ვიყავი ქალაქში, და შეიძლება ამან ითამაშა თავისი როლი.

– დალევ? – მკითხა.
– აბა რა. რატომაც, არა?

არა მგონია, რომ იმ დღეს რამე გამორჩეულზე გვესაუბრა, განსაკუთრებული მხოლოდ განწყობილება იყო, რომელსაც კესსი ქმნიდა. უბრალოდ, მე ამომირჩია, მეტი არაფერი. სასმელი მოეწონა და სვამდა ბევრს. სრულწლოვანს არ ჰგავდა, მაგრამ სასმელს უსხამდნენ. შეიძლება პირადობის მოწმობა ჰქონდა გადაკეთებული, არ ვიცი. ყოველ ჯერზე, როცა ტუალეტიდან ბრუნდებოდა და გვერდით მიჯდებოდა, გარკვეულ სიამაყის გრძნობას განვიცდიდი. ის არამხოლოდ ყველაზე ლამაზი ქალი იყო ქალაქში, არამედ ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი, რომელიც კი ოდესმე მენახა. მე წელზე მოვხვიე ხელი და ვაკოცე.

– შენი აზრით, მიმზიდველი ვარ? – მკითხა.
– რასაკვირველია, მაგრამ კიდევ რაღაცა გაქვს... უფრო მეტი, ვიდრე გარეგნობა...
– ჩემში მხოლოდ ლამაზ გოგოს ხედავენ ხოლმე.
– მარტო ლამაზი კი არა... მათ არ იციან შენი ფასი.

კესსი თავის ჩანთაში ბურჯგნაობდა. მეგონა, ცხვირსახოცს ეძებდა. დიდი, ქუდის ქინძისთავი ამოიღო. სანამ რამის გაკეთებას მოვასწრებდი, ქინძისთავით ცხვირი გაიხვრიტა, პირდაპირ ნესტოებქვეშ, ნემსის წვერი მეორე მხარეს გამოვიდა. გავოგნდი და ზიზღის გრძნობა გამიჩნდა.
გამომხედა და გამიცინა.

– ჰა, ეხლაც ლამაზად გეჩვენები?
ქინძისთავი გამოვაძრე. ჭრილობაზე ჩემი ცხვირსახოცი დავადე.
ყველა, მათ შორის ბარმენიც, ჩვენ გვიყურებდა.
– მომისმინე, – უთხრა ბარმენმა კესის, – ერთხელაც მაგდაგვარს ჩაიდენ და ქუჩაში აღმოჩნდები.
– წადი შენი!– თქვა კესსიმ.
– მიხედე მაგას, – მითხრა ბარმენმა.
– მეტს აღარ იზამს, – ვთქი მე.
– ეს ჩემი ცხვირია და რასაც მინდა, იმას ვუზამ.
– არა, – ვუთხარი, – ამით ტკივილს მაყენებ.
– გინდა თქვა, რომ გტკივა, როცა ცხვირს ქინძისთავით ვიხვრეტ?
– ჰო, მტკივა. არ ვღადაობ.
– კარგი, აღარ ვიზამ. დამშვიდდი, – მითხრა და მაკოცა.

ფართოდ იღიმებოდა და ჭრილობასთან იფარებდა ცხვირსახოცს კოცნისას. ბარი დაიკეტა. ჩემთან წავედით. ცოტა ლუდი მქონდა. დავსხედით და ვსაუბრობდით. მაშინ დავინახე კესსიში მზრუნველი და კეთილი ადამიანი. უცაბედად გაყიდა თავი, თავისთვის შეუმჩნევლად. და მაინც, შიგადაშიგ გიჟობდა, უბერავდა. ცენტრი. ლამაზი, ფაქიზი, ცენტრი. რაიმეს – დასაშვებია, მამაკაცს – თავისუფლად შეეძლო, ადვილად დაეღუპა. იმედი მქონდა, რომ ეს მე არ ვიქნებოდი.

ლოგინში ჩავწექით. როცა შუქი ჩავაქრე, კესსიმ მკითხა:
– როდის გინდა? ეხლა თუ დილით?
– დილით, – ვთქვი და გადავბრუნდი.
დილით ავდექი. ყავა მოვადუღე, ერთი ჭიქა კესსისთვის და ლოგინში მივუტანე.
გაეცინა:
– მე ჯერ კაცი არ შემხვედრია, რომელიც ღამე უარს აბობს.
– ყველაფერი კარგად არის, – ვთქვი, – ჩვენ ეგ საერთოდ არ გვჭირდება.
– არა, მოიცა, აი, ეხლა მომინდა სწორედ, ოღონდ ცოტა თავს მოვიწესრიგებ.
აბაზანაში შევიდა. ნაბანავები გასაოცრად გამოიყურებოდა: შავი გრძელი თმა უელავს, თვალები უელავს... მოკლედ, ანათებს. ლოგინში შეძვრა.
– მოდი ჩემთან, საყვარელო.
– დავწექი.

თავდავიწყებით კოცნაობდა, ოღონდ აუჩქარებლად. ხელი ტანზე გადავუსვი, თმაზე. ზემოდან მოვექეცი. მისი საშო მხურვალე იყო და ვიწრო. ნელა ვმოძრაობდი, ვცდილობდი, დიდხანს გამექაჩა. კესსი თვალებში მიყურებდა.

– რა გქვია? – ვკითხე.
– რა დროს ეგ არის?
გამეცინა და გავაგრძელე. მერე ჩაიცვა და მე ისევ უკან, ბარში, წავიყვანე. მისი დავიწყება საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა. არსად არ ვმუშაობდი და დილის ორ საათამდე ვიძინე. ცხელ წყალში ვიჯექი, როდესაც შემოვიდა აბაზანაში. ხელში ბეგონიას ფოთოლი ეჭირა.
–ეგრეც ვიცოდი, რომ წყალში იჯდებოდი, – თქვა მან, – აჰა, დაიფარე სიშიშვლე, – ფოთოლი მესროლა წყალში.
– საიდან იცოდი?
– ვიცოდი და მორჩა.

თითქმის ყოველ დღე მაშინ მოდიოდა, როცა ვბანაობდი და ყოველთვის ბეგონიის ფოთლით ხელში. მერე ლოგინში ვწვებოდით.
რამდენჯერმე ღამით დარეკა. გირაოთი მიწევდა მისი ციხიდან გამოყვანა – თრობა და ჩხუბები.

– ჩათლახები, – თქვა მან, – დაგპატიჟებენ ერთ–ორ ჭიქაზე და მერე კაბის ქვეშ გიძვრებიან.
– არ უნდა დააპატიჟებინო თავი, უსიამოვნებებსაც ასცდები.
– მეგონა, მე ვაინტერესებდი, მათ კი – ჩემი სხეული.
– მე შენც მაინტერესებ და შენი სხეულიც.

ქალაქიდან წავედი. ნახევარი წელი უსაქმოდ ვიხეტიალე. უკან ჩამოვედი. კესსი არ მავიწყდებოდა, მაგრამ ბოლოს ცოტა წავიჩხუბეთ, თან წასვლა მინდოდა. დაბრუნებული ვფიქრობდი, ქალაქში აღარ დამხვდებოდა, მაგრამ ნახევარი საათიც არ ვმჯდარვარ „ვესტ–ენდში“, რომ მოვიდა და გვერდით ჩამომისკუპდა.

– ჰა, ცუდო ბიჭო, ვხედავ, დაბრუნდი...
სასმელი მისთვისაც შევუკვეთე. მერე შევხედე. დახურული კაბა ეცვა. ასე გამოწყობილი პირველად ვნახე. თვალებქვეშ შუშის ბურთულიანი ქინძისთავები ჰქონდა გაყრილი.
– შენი დედა ვატირე. ისევ ებრძვი შენს სილამაზეს?
– არა, სულელო, უბრალოდ საკაიფოა.
– გიჟი ხარ.
– მომენატრე.
– ვინმე გყავს?
– არა, არავინ. მხოლოდ შენ. მართალია, ცოტ–ცოტას ვმუშაობ, ათ დოლადს ვიღებ, მაგრამ შენთვის, უფასოდ.
– გამოიძრე ქინძისთავები.
– არა, ხომ გითხარი...
– ძალიან არ მსიამოვნებს.
– მართლა?
– აბა რა, შე ჩემა!

კესსიმ ფრთხილად გამოიძრო ქინძისთავები და ჩანთაში შეინახა.

– რატომ ანადგურებ შენს სილამაზეს?! – ვკითხე მე, – არ ჯობია, შეეგუო?
– იმიტომ, რომ ყველას ჰგონია, მეტი არაფერი გამაჩნია. სილამაზე არაფერია, გაქრება. შენ თვითონ არ იცი, როგორ გაგიმართლა, ლამაზი რომ არ ხარ. ესე იგი, თუ ვინმეს მოეწონები, მაშინ სხვა რამეშია საქმე.
– კარგი, – ვთქვი, – მე გამიმართლა.
– არ მინდა ვთქვა, რომ უშნო ხარ. უბრალოდ, ხალხი გთვლის ასეთად. ძალიან მომხიბლავი სახე გაქვს!
– გმადლობთ.
ჩვენ კიდევ დავლიეთ.
– რას საქმიანობ? – მკითხა.
– არაფერს. ვერაფერს. სურვილიც არ მაქვს.
– მეც ასე ვარ. ქალი რომ იყო, პროსტიტუციით შეგეძლო დაკავებულიყავი.
– არა მგონია, მომდომებოდა. ამდენ უცხო ადამიანთან ახლო კავშირი ძალიან დამღლელია.
– მართალი ხარ, დამღლელია.
ერთად წამოვედით. ქუჩაში ხალხი კესსის უყურებდა. ლამაზი იყო, შეიძლება უფრო ლამაზი, ვიდრე ოდესმე.

ჩემთან მოვედით. ღვინოს ვწრუპავდით და ვსაუბრობდით. კესსისთან საუბარი ყოველთვის მიადვილდებოდა. თავიდან ის ლაპარაკობდა, მე ვუსმენდი, მერე მე ვლაპარაკობდი. ძალდაუტანებლად გამოდიოდა ყველაფერი. თითქოს საიდუმლოებებს ვხსნიდით ერთად. როდესაც კარგ საიდუმლოს გავშიფრავდით, კესსი იცინოდა, ისე, როგორც მხოლოდ მან იცოდა. მისი სიცილი სიამოვნებას მგვრიდა და მათბობდა, როგორც კოცონთან ჯდომა.

კოცნაობის მერე გავხურდით. ლოგინისკენ გადავინაცვლეთ. კესსიმ დახურული კაბა გაიხადა და მაშინ დავინახე შემზარავი, უსწორმასწორო იარა მის ყელზე. ამობურცული და გრძელი.

– შენი დედა... ეს რა ქენი? – ვთქვი მე – შენი დედა.
– ერთ ღამეს გადატეხილი ბოთლით ჩავიდინე... რა, აღარ მოგწონვარ? აღარ ვარ ლამაზი?
მოვიზიდე და ვაკოცე. განზე გაიწია და გაეცინა:
– ზოგი კაცი თუმნიანს მიხდის, ამის დანახვაზე აღარ უნდებათ. ფული მე მრჩება. ძალიან სასაცილოა.

– ჰო, ჩავიფსი სიცილით... კესს, შტერო, ხომ იცი, მიყვარხარ... ნუ იკლავ თავს. შენ ხომ ყველაზე ცოცხალი გოგო ხარ, ვისაც კი შევხვედრივარ.
ჩვენ ისევ ვაკოცეთ ერთმანეთს. კესსი ჩუმად ტიროდა. მე ვგრძნობდი მის ცრემლებს. მისი გრძელი შავი თმა სასიკვდილო საფრთხის განგაშით გადმომეყარა ზურგს უკან. საშველად სიყვარულს ვუხმეთ – აუჩქარებელს, დარდიანს და მშვენიერს.
დილით კესსი ადგა და საუზმე მოამზადა. მშვიდი და ბედნიერი ჩანდა. მღეროდა. ვიწექი და მისი ბედნიერებით ვტკბებოდი. მოვიდა და შემანჯღრია.

– ადექი, შე ძველო! შეისხი წყალი და ვიტრაპეზოთ.

იმ დღეს ოკეანესთან წავიყვანე. ზაფხული ჯერ არ დამდგარიყო, თან სამუშაო დღე დაემთხვა და მომნუსხველი სიმშვიდე სუფევდა გარშემო. მოლზე, პლაჟის ზემოთ, ბომჟებს ეძინათ. ზოგი მათგანი ქვის სკამებზე მოკალათებულიყო, ერთადერთ ბოთლ ღვინოს წრეზე უშვებდა. თოლიები დაბლა დაფრინავდნენ. შორიახლო ჩამომსხდარი მოხუცი ქალბატონები საკუთარი უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ ბჭობდნენ, რომელიც დიდი ხნის წინ ფულის დევნაში დაღუპული ქმრებისგან დარჩენოდათ. მიუხედავად ამისა, იდეალური სიწყნარე იყო. ჩვენ ვსეირნობდით, მოლზე წამოვგორდით და თითქოს არ ვლაპარაკობდით. კარგად ვგრძნობდით თავს ერთად. ბუტერბროდები, სასმელი და ჩიპსი ვიყიდე. ქვიშაზე დავსხედით და წავიხემსეთ. კესსი ჩავიხუტე და ასე წავთვლიმეთ. სექსზე უკეთესი აღმოჩნდა. გაღვიძებულები, ისევ ჩემთან დავბრუნდით. მე საჭმელი მოვამზადე. სადილობისას კესსის ჩემთან გადმობარგება შევთავაზე. დიდხანს დუმდა, მიყურებდა, და „არა“, – ამოილაპარაკა. ბარში წავიყვანე, დასალევი ვუყიდე და წამოვედი. მეორე დღეს ქარხანაში მოვეწყე მფუთავად და კვირის ბოლომდე სამუშაოდ დავდიოდი. ვიღლებოდი, აღარსად წასვლის თავი არ მქონდა. მაგრამ პარასკევს საღამოთი „ვესტ–ენდში“ ვიჯექი და კესსის ველოდებოდი. რამდენიმე საათი გავიდა.

საკმაოდ დავთვერი. ბარმენმა მითხრა:
– მეცოდება შენი დაქალი.
– რა მოხდა რო?
– ბოდიში. შენ რა, არ იცი?
– არა.
– თვითმკვლელობა. გუშინ დაასაფლავეს.
– დაასაფლავეს? – ჩავეკითხე. თითქოს, აი, უნდა გაიღოს კარი და კესსი გამოჩნდეს. როგორ შეიძლება, რომ ის აღარ იყოს?
– დებმა დაკრძალეს.
– თვითმკვლელობა? მითხარი, რა მოხდა?
– ყელი გამოიჭრა.
– გასაგებია. დამისხი კიდევ.
ბარის დახურვამდე ვსვამდი. კესსი, ყველაზე ლამაზი გოგო ქალაქში. სახლამდე როგორღაც მოვახერხე მიღწევა. გზაში სულ ვფიქრობდი: უნდა მომეთხოვა ჩემთან დარჩენა, უნდა დამეტოვებინა, და არ დავყოლოდი მის არას. ახლა ვატყობ, რომ მივწოლოდი, დამთანხმდებოდა, უნდოდა კიდეც. უბრალოდ, მე ვიყავი ზედმეტად გულგრილი, ზედმეტად ზარმაცი და დაუდევარი. მე სიკვდილს ვიმსახურებ – ჩემთვისაც და კესსისთვისაც. კამეჩი ვარ სქელკანიანი, მეტი არაფერი. თუმცა კამეჩებმა რა დააშავეს? ავდექი, ბოთლი ღვინო ვიპოვე და მოვიყუდე და მოვიყუდე. კესსი, ყველაზე ლამაზი გოგო ქალაქში, ოცი წლის ასაკში გარდაიცვალა. ქუჩაში ვიღაც გაუთავებლად აპიპინებდა. ბოთლი დავდგი და ვიღრიალე:

– გაჩუმდით: თქვენი ბოზი დედა მოვტყან!

დაუნდობლად მოდიოდა ღამე, და მე მას ხელს ვერ შევუშლიდი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100