სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში ქართული სათვისტომო მიხეილ ხუბუტიას უპირისპირდება და მხარს პროხოროვს უჭერს

როგორც პორტალი apsny.ge იტყობინება, ქართული სათვისტომო მოსკოვში პროტესტს გამოთქვამს პროკრემლისეული ორგანიზაციის, ე.წ. „რუსეთის ქართველთა კავშირის“ გააქტიურების გამო, რომელიც 4 მარტს და მოახლოებულ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.

ძირითადად, მოსკოვში მცხოვრები ქართველები ხაზს უსვამენ, რომ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა მიხეილ ხუბუტია, რომელიც „რუსეთის ქართველთა კავშირის“ ლიდერია და რომელსაც „იმპერატორთან განსაკუთრებით დაახლოებულს“ უწოდებენ.

ქართული სათვისტომოს წევრები აცხადებენ, რომ მიხეილ ხუბუტია, გამოდის რა რუსეთში მცხოვრები ყველა ქართველის სახელით, აქტიურად მონაწილეობს წინასაარჩევნო პროპაგანდაში რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის სასარგებლოდ.

ამასთან დაკავშირებით, ქართული სათვისტომო მოსკოვში პროტესტს გამოთქვამს და აცხადებს, რომ ქართული სათვისტომო, რომელშიც შედიან რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები, კატეგორიულად ემიჯნება მიხეილ ხუბუტიას, რომელიც სხვადასხვა ხრიკებით ცდილობს ჩართოს ქართველები თავის საეჭვო ღონისძიებებში, შემდეგ კი ამ ღონისძიებების ტირაჟირებას ეწევა მედიასაშუალებებში, რითაც ხაზს უსვამს, რომ თითქოსდა ისაა ძირითადი ფიგურა, რომლის გარშემოც ერთიანდებიან ქართველები, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, მით უმეტეს, რომ თუ მხედველობაში არ მივიღებთ რამდენიმე ათეულ, მოსკოვში მცხოვრებ ქართველს, სხვაგან მცხოვრებლებთან მას შეხება საერთოდ არა აქვს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქართული სათვისტომო მოსკოვში ოფიციალურად აცხადებს და მიმართავს ყველა ქართველს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და ამომრჩევლის სტატუსით მონაწილეობს საპრეზიდენტო არჩევნებში (მიმართვის ტექსტი ქვეყნდება უცვლელად):

„ვეკიდებით რა პასუხისმგებლობით თქვენს პირად მოსაზრებას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების შესახებ, მოგიწოდებთ, არჩევანი ნომერ მეოთხე კანდიდატის, მიხეილ პროხოროვის სასარგებლოდ გააკეთოთ.

მიხეილ პროხოროვისთვის ხმის მიცემით თქვენ ხმას აძლევთ ახალგაზრდობას, პერსპექტივას, პროფესიონალიზმს, პროგრესსა და რუსეთის დემოკრატიულ გაერთიანებას. თქვენ ხმას აძლევთ ზოგადსაკაცობრიო პრინციპებზე დაფუძნებულ კეთილმეზობლობას, საქართველოსა და რუსეთს შორის ცივილიზებული ურთიერთობის დამყარებას. თქვენ ხმას აძლევთ მომავალს“, - ნათქვამია განცხადებაში.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100