რუსულ კანონს არასამთავრობოები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, გეგმავენ დავას ევროსასამართლოშიც
რუსულ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და დაანონსეს დავის გაგრძელება არა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოში, არამედ ევროსასამართლოში.
არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია შეაჩერდოს კონკრეტული ნორმების მოქმედება რუსული კანონიდან.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ და გამოვიყენებთ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე. ამისთვის ვამზადებთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად და უახლოეს პერიოდში მივმართავთ მას. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია იმოქმედოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით და შეაჩეროს კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედება. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს არ მივიჩნევთ ბრძოლის ერთადერთ გზად. ჩვენი სამართლებრივი ბრძოლა სხვა მიმართულებითაც გაგრძელდება, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ იმოქმედებს დროულად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში. ჩვენ გამოვიყენებთ ალტერნატიული სამართლებრივი დავის გზას. პარალელურად, ვემზადებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად, რომელსაც მივმართავთ შესაბამის დროს.
ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიას შეუძლია ამ ბრძოლის მონაწილე გახდეს და
შემოგვიერთდეს.
ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ.
არა რუსულ კანონს! კი ევროპას! ,“ - ამბობს საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.
ევროსასამართლომ უნგრეთში მსგავსი კანონი გააუქმა, რადგან ის იყო პირდაპირ მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმებისთვის, შეურაცხყოფისთვის და ღირსების შელახვისკენ მიმართული.
იურისტები არ გამორიცხავენ, რომ სტრასბურგის სასამართლოში განხილვის დასრულებამდე კანონის ამოქმედება დროებით შეაჩეროს. ამის მაგალითად კი რუსთავი 2-ის შემთხვევა სახელდება, როდესაც საქმის განხილვის დასრულებამდე დროებითი ღონისძიება გამოიყენა და ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა.
კომენტარი