კრიზისი ფარმაცევტულ ბაზარზე და ახალი მოთამაშე
ფარმაცევტულ კომპანიების განცხადებით, ბაზარზე კრისიზია. ფარმა–ლიდერები მედიკამენტებზე ფასების ზრდას ლარის კურსის დაცემას უკავშირებენ და ამტკიცებენ, რომ თავადაც პრობლემების წინაშე დგანან.
„ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე აღნიშნავს, რომ არის თვეები, როდესაც კომპანია საერთოდ მოგების გარეშე მუშაობს.
„ერთი მხრივ არ გვინდა მომხმარებლის განაწყენება და უკმაყოფილება იმის გამო, რომ გაიზარდოს ფასები და ამავე დროს ძალიან ძნელია ასეთ პირობებში კომპანიის შენარჩუნება, ვინაიდან შეიძლება ერთი, ორი, სამი, ან რამდენიმე თვე იმუშაო ზარალზე, მაგრამ კომპანიის მიზანი ვერ გახდება, რომ მან ზარალზე იმუშაოს“, - განაცხადა პაატა კურტანიძემ.
პრობლემებზე ღიად საუბრობს „ჯი-პი-სის“ დამფუძნებელი დავით კილაძე და ამბობს, რომ კომპანია ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით მუშაობს.
„ჩვენს კომპანიას აქვს ე.წ. ანტიკრიზისული გეგმა, ანუ როგორ იქცევა ასეთ სიტუაციაში, როდესაც ან სავალუტო რყევებია, ან რაიმე მსგავსი. ჩვენც გვაქვს ასეთი გეგმა შემუშავებული და ამ გეგმის განხორციელებას ვაპირებთ 2016 წელს“, - ამბობს დავით კილაძე.
„პე ეს პეს“ დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი სააგენტო “GBC”-სთან რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ კომენტარს უარყოფს, რომელშიც კომპანიის შესაძლო გაკოტრებასაც არ გამორიცხავდა და აცხადებს, რომ სიძნელეების მიუხედავად პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„ფარმაცევტულ სექტორში აბსოლუტური სიმშვიდეა. რა თქმა უნდა, კრიზისი ეტყობა, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არის“, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.
ამ ფონზე საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ შემოვიდა. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო დარასელი ამბობს, რომ ისინი უახლოეს მომავალში არსებულ ფასებთან შედარებით მინიმუმ 30%-ით იაფად შესთავაზებენ მომხმარებელს 250 დასახელების ხშირი მოხმარების მედიკამენტს.
„მე ვერ ვისაუბრებ სხვა კომპანიებზე, ნამდვილად არ ვარ ჩახედული. მე ვიცი, თუ როგორი სტრატეგია ექნება ჩვენს კომპანიას - ჩვენ არ ვგეგმავთ ზემოგებაზე მუშაობას. ეს არის მთავარი, რასაც მინდა, რომ ხაზი გავუსვა. და აქვე, – „ჰუმანითი ჯორჯია“ არის, პირველ რიგში, სოციალური კომპანია, შემდეგ ფარმა და უკვე შემდეგ გვაქვს კომერციული მიზნები“, - აცხადებს ნინო დარასელი.
ჯანდაცვის მინისტრი კი ფარმაცევტული ბაზრის ტრადიციული ფიგურანტების შეშფოთებას სწორედ ახალი კომპანიის გამოჩენას უკავშირებს.
„ზომიერ გაკვირვებას გამოვხატავ, რატომ აღიქვამენ კერძო კომპანიები კონკურენციას გაკოტრების რისკად. ალბათ, რაღაც სხვა მოსაზრებები აქვთ, თუმცა ჩვენი პირველი მიზანი ჩვენი არის, რომ ჩვენ მოქალაქეებს ჰქონდეთ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, რადგანაც ჯანდაცვის ბიუჯეტი არ არის ბიზნესის განვითარების ბიუჯეტი“, - აცხადებს დავით სერგეენკო.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ ფარმაცევტული ბაზარი მონოპოლიურია, არსებობს საფუძვლიანი ეწვი, რომ ბაზარზე ხდება კარტელური გარიგებები და კომპანიების მხრიდან, რომელთაც საშუალოდ 60%-იანი მოგება აქვთ, კრიზისზე აპელირება, არასწორია. ბაირახტარს ფარმა–ბაზარზე ახალი მსხვილი კომპანიის გამოჩენა ბაზრის დარეგულირების და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ერთ-ერთ რეალურ გზად მიაჩნია.
„ბაზარზე არის ჩაკეტილი წრე, სადაც რამოდენიმე კომპანია თავის თამაშის წესებს კარნახობს და სამწუხაროდ, მოსახლეობა იძულებულია აყვეს ამ თამაშის წესებს. როდესაც კომპანია ზემოგებაზე მუშაობს, რა თქმა უნდა, მას არ ხელს არ აძლევს ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლა, რომელიც რეალურ ფასს და ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს შემოიტანს“, - მიიჩნევს პაატა ბაირახტარი.
არსებული ინფორმაციით, „ჰუმანითი ჯორჯიას“ მედიკამენტები ბაზარზე რამდენიმე კვირაში გამოჩნდება. რა კონკრეტულ შედეგებს მოიტანს ფარმა–ბაზარზე ახალი მოთამაშის აქტიურად ჩართვა, ძნელი სათქმელია, თუმცა ფაქტია, რომ მსხვილმა მოთამაშეებმა მედიკამენტებზე ფასების კლება უკვე დაიწყეს.
კომენტარი