ივანიშვილის ახალი ხრიკი: რუსეთში მის "გასაყიდ" ბიზნესს ორმაგი ფასი ადევს
ალბათ, ბევრს გსმენიათ მევალეების მოსატყუებელი ერთი მარტივი ხერხის შესახებ: როცა ვალი დიდ თანხას აღწევს, მევალე კი ფულის დაბრუნებას ითხოვს, დასავლეთ (არამარტო) საქართველოში მიღებულია მეთოდი: განაცხადებ, რომ სახლ–კარს ჰყიდი, შესაბამის აბრას ჰკიდებ ჭიშკარზეც (კერძო სახლის შემთხვევაში) და მევალეს არწმუნებ, რომ ასეთ რადიკალურ ნაბიჯზეც კი მიდიხარ, რათა მისი ვალი დაფარო. სინამდვილეში, ეს ფარსია, რადგან „გასაყიდ“ ქონებას იმხელა ფასი ადევს, რომ ნებისმიერი, ყველაზე რეალური მყიდველიც კი ცივად გატრიალდება უკან...
წარმოუდგენელია, ბიძინა ივანიშვილს ვინმეს ვალი ჰქონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ მეთოდი მან აშკარად ისესხა ქართული „ეშმაკობების“ საუნჯიდან: ცოტა ხნის წინ ივანიშვილმა დაანონსა, რომ რუსეთში საკუთარ ბიზნესს ჰყიდის, რითაც მოიგო მომხრეების გული და მათ საბაბი მისცა, ეთქვათ: „აი, როგორ იშორებს ყველაფერს, რუსეთთან დაკავშირებულს...“
მაგრამ ბიძინა ივანიშვილის „მარტივი ეშმაკობა“ რუსულმა მედიამ გაშიფრა და დაწერა, რომ მილიარდერი რუსეთში საკუთარ ბიზნესს ორმაგ ფასს ადებს. „კომერსანტმა“ დაწერა, რომ საბაზრო ფასზე თითქმის ორჯერ ძვირია ის ფასი, რაც „სტოილენსკაია ნივას“ ივანიშვილმა დაადო – 350 მილიონი აშშ დოლარი. არადა, ყველას გვახსოვს, ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ რუსეთში საკუთარი აქტივების გაყიდვა სასწრაფოდ მოუწევს და, შესაძლოა, ამის გამო ფინანსურადაც დაზარალდეს, მაგრამ სხვა გზა არა აქვს...
რუსი ექსპერტები ამ თანხას გაზვიადებულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მილიარდერი რეალურ ღირებულებაზე ორჯერ მეტ ფასს ასახელებს.
შეგახსენებთ, რომ ”სტოილენსკაია ნივა” მმართველი კომპანიის, ”უნიკორის” შემადგენლობაში შედის და კვების პროდუქტებს აწარმოებს. აგროსაწარმოში 10 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
”სტოილენსკაია ნივა” 30-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს, მათ შორის 11 პურის ქარხანას. 2007 წლის მონაცემებით, ”სტოილენსკაია ნივას” წლიური შემოსავალი 8, 35 მლრდ რუბლი იყო.
ივანიშვილის აგროსაწარმოს რუსული საკონდიტრო ბაზრის 1,9% უკავია. ჰოლდინგის შემადგენლობაში შემავალი საწარმოები ყოველთვიურად 2000 ტონა ფქვილის ნაწარმს ამზადებენ.
კომენტარი